18 ივლისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ ანუკი ცქვიტინიძე და გელა დონაძე სტუმრობდნენ სიმღერების „ყვავილები თოვდა, თოვდა“ და „შენთან ერთად’’ პრემიერით.
– რატომ გადაწყვიტეთ ცნობილი სიმღერის „ყვავილები თოვდა, თოვდა“ ახალი ვერსიის შექმნა?
– პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ბოლო პერიოდის რემიქსების ავტორები გელა და ანი კავლელიშვილი არიან. სწორედ ანიმ შემოგვთავაზა ამ სიმღერის ახალი ვერსიის გაკეთება და აუცილებლად დუეტში ჩაწერა. ალბათ, გახსოვთ, რომ ზურა მანაგაძის ამ კომპოზიციას ჯერ ბესო კალანდაძე, მერე ბუკა კალანდაძე მღეროდა, თუმცა მათ სოლო ვერსიები ჰქონდათ, ჩვენ კი, დუეტში ჩავწერეთ ბორიკო შხიანის არანჟირებით და ისევ ზურას თანხმობითა და მხარდაჭერით.

– ანუკი, უამრავი სიმღერა დაწერე ცნობილი მომღერლებისთვის. პირველი კომპოზიცია კი, 5 წლის ასაკში შექმენი და ნიჭიერთა ათწლედშიც საავტორო ნამუშევრით ჩააბარე,
– ზოგჯერ თვითონაც მიკვირს, როგორ შევძელი 7 წლის ასაკში რეკვიემის დაწერა. 1989 წელი იყო, ბატონმა ჯანსუღ კახიძემ რეკვიემი მიუძღვნა 9 აპრილის ტრაგედიას და დაღუპულ ახალგაზრდებს, მე კი, სიმღერის დაწერა შემომთავაზა საკუთარ მუსიკაზე. მართლაც დავწერე, პირველად ჩვენმა კვარტეტმა შეასრულა მაკა აროშიძის ხელმძღვანელობით, მერე კი, ბევრმა ცნობილმა მომღერალმა იმღერა. ამავე სიმღერით ჩავაბარე ნიჭიერთა ათწლედში და ყველას გული ავუჩუყე, გამომცდელებმა ხელები აიფარეს სახეზე და ისე ტიროდნენ.

– გელა, უამრავი წარმატების ფონზე რას თვლით მთავარ მიღწევად?
– ანსამბლ „ბასიანს’’ ძალიან გაუმართლა, რადგან ისეთი ბრწყინვალე პედაგოგი ჰყავდა, როგორიც ბატონი ანზორ ერქომაიშვილია. სწორედ ქართული მრავალხმიანობის და ხალხური სიმღერის პატრიარქად წოდებულმა მუსიკოსმა, ბატონმა ანზორმა მოგვცა სწორი მიმართულება განვითარებისთვის და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მის ხელში გავიზარდეთ. მამასავით ზრუნავდა ჩვენზე, ყოველთვის მხარში გვედგა, საკუთარი მაგალითით გვზრდიდა და მუდმივად გვიმეორებდა, რომ კარგი სიმღერისთვის გვერდში მდგომის სიყვარული იყო საჭირო. მიხარია, რომ მთელი ცხოვრება ასე ვიცხოვრეთ და დღემდე შევინარჩუნეთ ანსამბლის წევრებმა გულწრფელი მეგობრობა. სხვათა შორის, ბევრ სხვა მნიშვნელოვან ნაკრებთან ერთად ბატონმა ანზორმა ხასანბეგურების ანთოლოგია გამოსცა, რომელშიც 1901 წლიდან მოყოლებული უამრავი ჩანაწერი გააერთიანა. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო ჩანაწერში მე შევასრულე კრიმანჭული, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან 9 წლისას სოლო პარტიის შესრულების საშუალება მომეცა. ბავშვობაში პირველი ხმა ვიყავი, ამიტომ ხშირად ვმღეროდი კახურ სიმღერებს.

– არაჩვეულებრივი მუსიკალური ნიჭის მიუხედავად, რატომ გადაწყვიტე იურიდიული განათლების მიღება?
– ყოველთვის მომწონდა იურისტის პროფესია, ამიტომ უნივერსიტეტში ჩავაბარე სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე სამოქალაქო ადმინისტრაციის მიმართულებით. სახელმწიფო სამსახურშიც მიმუშავია და კერძო სექტორშიც. სხვათა შორის, ერთ-ერთმა მოსამართლემ, რომელსაც ძალიან უყვარდა სიმღერა, პროცესის დასრულების შემდეგ მთხოვა მემღერა და სპეციალურად მისთვის შევასრულე ‘’წინწყარო’’.

– რამდენად შესაძლებელია მხოლოდ მუსიკით ოჯახის შენახვა?
– მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კლასიკური მუსიკით ხარ დაკავებული და მთელი მსოფლიოში მართავ კონცერტებს, ქართული ესტრადა ან თუნდაც ფოლკლორი კი, ნაკლებად იძლევა ამგვარ საშუალებას.
– ანუკი, რამდენადაც ვიცი, სიმღერა „შენთან ერთად’’ მეუღლეს მიუძღვენი,
– სიმღერა მართლაც მეუღლეს მივუძღვენი, თუმცა იდეის ავტორი ისევ თვითონ იყო. ძალიან უნდოდა სიმღერის გაკეთება საზაფხულო განწყობით, მელოდიაც კი, წაიღიღინა, რომელზეც მე და ანიმ დავწერეთ სიმღერა.

– ყოველ წელს განსხვავებულად აღნიშნავთ ქორწინების დღეს. ყველაზე ორიგინალურ და რომანტიკულ ადგილს ხომ ვერ გაიხსენებ, სადაც დღესასწაული აღნიშნეთ?
– ძალიან რომანტიკული მოგზაურობა გვქონდა რომში, ულამაზესი ხედებით დავტკბით და არაჩვეულებრივ რესტორანში აღვნიშნეთ ჩვენი ქორწინება.
– თქვენი შვილებისთვის თუ ისურვებდით მუსიკალურ მომავალს?
– ჩვენი მიზანი კლასიკური მუსიკალური განათლებაა, ამიტომ ორივე ფორტეპიანოს ეუფლება მუსიკალურ სკოლაში. ვფიქრობ, სწორედ კლასიკური მუსიკაა ის საიმედო საფუძველი, რომელიც ნებისმიერი სფეროში გახდება ერთგვარი ბაზა.

– გელა, რამდენადაც ვიცი, თქვენი დიდი თაყვანისმცემელია ლიზა ფიშერი?
– ფიშერი თბილისში გავიცანი, მოგვიანებით, ნიუ-იორკში გავემგზავრეთ ლინკოლნ-ცენტრის მიწვევით და სწორედ იქ დავუკავშირდი, ჩვენს კონცერტზე დავპატიჟეთ, თუმცა ვერ მოითმინა და რეპეტიციაზე მოვიდა. მთელი რეპერტუარი შევუსრულეთ, ძალიან გავაკვირვეთ და აღვაფრთოვანეთ. მსგავსი კონცერტი მოვუწყვეთ სტინგსაც, დილის ხუთ საათამდე ვმღეროდით და რა გასაკვირია, რომ ისიც აღფრთოვანდა.
გელა დონაძე & ანუკი ცქვიტინიძე – ყვავილები თოვდა, თოვდა
გელა დონაძე & ანუკი ცქვიტინიძე – ყვავილები თოვდა, თოვდა