მომღერალმა ზურა ხაჩიძემ, რომელიც 6 წლის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილის პოსტს იკავებდა, რამდენიმე დღის წინ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მომღერალმა ინფორმაცია თავად გაავრცელა და სოციალურ ქსელში სამადლობელი სტატუსი გამოაქვეყნა.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ზურა ხაჩიძე ჟურნალ „სარკის“ 25 ივნისის ნომერში, ერთ-ერთ რუბრიკაში საუბრობს და ამბობს, რომ პოსტი თავისივე განცხადებით დატოვა. როგორც მომღერალი აღნიშნავს, ის მიიჩნევს, რომ ძალიან სწორი ნაბიჯი გადადგა, რადგან, გუბერნატორმა, რომელთან ერთადაც სამსახურში მივიდა, თანამდებობა დატოვა და თავი ვალდებულად ჩათვალა, თავადაც დაეტოვებინა პოსტი.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, იყო თუ არა კომფორტული მისთვის საჯარო სამსახურში მუშაობა, ზურა ხაჩიძე აცხადებს:
„პირდაპირ გეტყვით, რომ ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, საჯარო სამსახური და პოლიტიკური თანამდებობა რაღაც პრივილეგიებთან ასოცირდება. რეალურად კი ამ საქმეში სირთულეები უფრო ჭარბობს, ვიდრე პრივილეგიები.
ვიღაცებს ჰგონიათ, თუ სახელმწიფო თანამდებობაზე ხარ, სასწაულ კომფორტში ხარ, მანქანები გემსახურება. მე 6 წლის განმავლობაში ჩემი მანქანით დავდიოდი სამსახურში და არავითარი პრივილეგიით არ ვსარგებლობდი.
რაც შეეხება ხელფასს, კონცერტებიდან უფრო მეტი შემოსავალი მქონდა, ვიდრე ამ თანამდებობაზე ხელფასი იყო. სიმღერისგან განსხვავებით, ამ სამსახურს უფრო სხვა პასუხისმგებლობა და მიდგომა სჭირდება. პირდაპირ ვეტყვი იმ ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ სახელმწიფო სამსახურში ბევრი პრივილეგია არსებობს, რომ რეალურად პასუხისმგებლობა უფრო მეტია, ვიდრე რაიმე სახის პრივილეგია“, – ამბობს ზურა ხაჩიძე ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში.