„გახარია საქართველოსთვის” წევრის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, 14 აპრილს გახდება ცნობილი, მივა თუ არა პარტიის ლიდერი გიორგი გახარია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.
ამის შესახებ ზვიად ძიძიგურმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ჩემი პოზიცია იყო და არაერთ ეთერში დავაფიქსირე, არ ვარ კატეგორიული პოზიციის მომხრე, რომ იქ მისვლა არ შეიძლება და, რომ მისვლა ღალატია. რეზონანსია და გარკვეული ტიპის დატვირთვაა – მიხვიდე კომისიაზე, თქვა შენი სიმართლე, დააფიქსირო შენი პოზიცია ძალიან მკვეთრად და წამოხვიდე. ასეთი მიდგომის მომხრე ვიყავი და ვარ. გიორგი გახარია საქართველოში არ იყო, გუშინ დაბრუნდა, გუშინ პარტიაში იყო თემასთან დაკავშირებით პატარა შეკრება. აზრი გაყოფილია, არიან მისვლის მხარდამჭერები, ასევე არმისვლის მხარდამჭერები არიან. ორშაბათს გაირკვევა. როგორც მისვლას, ასევე არმისვლას აქვს თავისი არგუმენტები, თუმცა არმისვლის სასარგებლოდ უფრო მეტი არგუმენტი დაიდო თათბირზე, მაგრამ გადაწყვეტილი ბოლომდე არ არის“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 20 ივნისის საქმეზეა დაბარებული.