LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამისგან არავინ ვართ დაზღვეული“ – ქართველი ექიმების გამოხმაურება იაშვილის კლინიკის სკანდალზე

387

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 2 თვის ასაკში “იაშვილის კლინიკაში” გაკეთებული ოპერაციის დროს მედიკოსებმა ბავშვს დოლბანდი დაუტოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის მომხარებლმა გიორგი ალიბეგაშვილმა გაავრცელა. გაირკვა, რომ ნენე მოდებაძეს ორი თვის ასაკში კასიას ოპერაცია გაუკეთეს, რა დროსაც “იაშვილის კლინიკაში” ექიმებს  ბავშვის მუცლის ღრუში დოლბანდი დარჩათ. უცხო სხეულმა სეფსისის განვითარება გამოიწვია და ბავშვი სიკვდილს სასწაულით გადაურჩა. ოჯახმა დახმარებისთვის ფრანგ ექიმებს მიმართა და საფრანგეთში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ მუცლის ღრუში წლების წინ ჩატოვებული დოლბანდი აღმოჩნდა. გუშინ გავრცელდა ქალაქ ბორდოს კლინიკის ექიმების დასკვნა, რაც ინფორმაციას ადასტურებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.

დღეს ამ ფაქტს უკვე ქართველი ექიმებიც ეხმაურებიან. „იაშვილის კლინიკის“ ექიმი ლევან ფერაძე მომხდარ ფაქტან დაკაშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და დეტალურად ყვება ნენე მოდებაძის სამედიცინო ისტორია. მისი თქმით, ოპერაცია მისმა კოლეგამ ჩაატარა, რომელსაც უამრავი ბავშვი ჰყავს გადარჩენილი. მსგასვი შემთხვევისგან კი არავინაა დაზღვეული:

„რამდენიმე სიტყვით მინდა გამოვეხმაურო “იაშვილის კლინიკის სკანდალს”. დღეს ძალიან ადვილია, წამოიწყო ჯვაროსნული ომი კლინიკისა და ექიმების წინააღმდეგ. დღეს ყველა სააგენტოს მთავარ ნიუსად ჰქონდა გამოტანილი ისტორია, რომელიც ჯერ არავის შეუსწავლია, არ დადებულა კომპეტენტური დასკვნა. ვიცი, მძიმე ტვირთს ვიღებ ჩემს თავზე, ვიცი ლანძღვა – გინების ნიაღვარიც არ ამცდება, მაგრამ საქმე ეხება ჩემს კოლეგას, რომელსაც ათასობით უიმედო ბავშვი ჰყავს გადარჩენილი და არა ერთი ოპერაცია აქვს საქართველოში პირველად ჩატარებული. გაგიკვირდებათ და თავად ამ ბავშვის სიცოცხლეც სწორედ მისი დამსახურებაა.
დავიწყოთ თავიდან: ბავშვი დაიბადა 6 თვიანი, წონით 1300. ახალშობილთა რეანიმაციის ექიმებისა და ექთნების თავდადებული შრომის შედეგად მოხერხდა სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნება და მისი გამოზრდა კუვეზში. სამწუხაროდ პატარას აღმოაჩნდა უმძიმესი, თანდაყოლილი პათოლოგია – სანაღვლე გზების ატრეზია. ეს გახლავთ პათოლოგია, რომლის დროსაც ღვიძლი გამოიმუშვებს ნაღველს, მაგრამ არ გააჩნია
არც სადინრები და არც ნაღვლის ბუშტი რათა მოხდეს ნაწლავში მისი ჩადინება. შესაბამისად ვითარდება ე.წ. ბილიარული ციროზი და თუ არ მოხდა ღვიძლის გადანერგვა, პაციენტი 5-8 თვეში აუცილებლად იღუპება. ეს დიაგნოზი, სულ რაღაც 5-6 წლის წინ. განაჩენი იყო და ყველა განიხილავდა, როგორც სიცოცხლესთან შეუთავსებელ პათოლოგიას. სწორედ ჩემმა კოლეგა ქირურგმა, საკუთარი რეპუტაციის რისკისა და ნერვების ფასად დაიწყო ე.წ. კასაის ოპერაციის კეთება, რომელიც გულისხმობს პაციენტის წვრილი ნაწლავით, ნაღვლის ხელოვნური სადინარის შექმნას. ეს გახლავთ ბავშვთა ქირურგიაში, ერთ-ერთ ურთულესი ოპერაცია და ქირურგისგან ითხოვს უმაღლეს პილოტაჟს. ოპერაცია პაციენტებს სიცოცხლეს უხანგრძლივებს 2-3 წლით, საშუალებას აძლევს მიაღწიოს ღვიძლის გადანერგვამდე. რომ არა ქირურგის ჟინი და თავდადება, ახლის კეთების დაუძლეველი სურვილი და მაღალი პროფესიონალიზმი, ეს და მისი მსგავსი ათამდე პაციენტი, დღეს დიდი ხნის დაღუპულები იქნებოდნენ.

რაც შეეხება “ჩარჩენილ ტამპონს”, ალბათ ყველა ქირურგი დამეთანხმება, რომ ამისგან არავინ ვართ დაზღვეული. ოპერაცია უმძიმესი სტრესია, მითუმეტეს ახალშობილზე და თან უმაღლესი სირთულის, სანამ არსებობს “ადამიანური ფაქტორი” ასეთი რამ ხდებოდა და კიდევ მოხდება, ჩვენთანაც, ევროპაში და ამერიკაშიც. მე თავად ვარ დასწრებული ოპერაციას, როდესაც ქართული ქირურგიის კორიფედ წოდებულ პროფესორის ნაოპერაციევ პაციენტს 3 თვის შემდეგ, 20 სანტიმეტრიანი ლითონის ინსტრუმენტი ამოუღეს მუცლის ღრუდან..
დღეს ჩემი კოლეგა გამარჯვებულია, რადგან მისმა გაკეთებულმა ოპერაციამ საშუალება მისცა პატარა პაციენტს ღვიძლის გადანერგვამდე მიეღწია.უმადურობა მომაკვდინებელი ცოდვაა. ნუ დასჯით გამარჯვებულებს, შეარჩინეთ მარჯვენა ოსტატებს“, – წერს ლევან ფერაძე.

ექიმის სტატუსს გამოეხმაურა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ჩვილ ბავშვთა და ახალშობილთა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო სოლომონია, რომელიც ამბობს, რომ ექიმობაზე რთული და დაუფასებელი პროფესია არ არსებობს:

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ექიმობაზე რთული და დაუფასებელი პროფესია არ არსებობს!!! მე მიყვარს ჩემი საქმე, მეამაყება ჩემი კლინიკა და ჩემი კოლეგები!!!“, – წერს სოლომინია სოციალურ ქსელში. სტატუსს უამრავი კომენტარი აქვს, სადაც ექიმს მხარდაჭერას უცხადებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები