LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსკლუზივი – როდის გადაიღებს „ვეფხისტყაოსანს“ „ტიფლისის“ რეჟისორი

270

ლევან დაბრუნდაშვილი: „ბიძინა ივანიშვილმა ბევრჯერ შეგვაქო…“

ლევან დაბრუნდაშვილი ორ მასშტაბურ პროექტზე მუშაობს. „ტიფლისის“ მეორე სეზონს მაყურებელი „ჯი-დი-ეს“-ზე ოქტომბერში იხილავს, „ქერჩის“ პირველ სეზონს – ნოემბერში. ლევანთან გადაღებებს შორის შეხვედრა მოვასწარით…

– „ტიფლისზე“ გკითხავ. არავის ეგონა, რომ ეს სერიალი ასეთი კარგი გამოვიდოდა. ინტერნეტში უფრო ბევრმა ადამიანმა ნახა მოგვიანებით, ვიდრე თქვენს არხზე. ახლა რას აკეთებთ იმისთვის, რომ მეორე სეზონი უფრო რეიტინგული იყოს?

– წარმატებას ველოდებოდი. 600 000-მა ადამიანმა ნახა „იუთუბზე“. სიმართლე გითხრა, იმ ტელერეიტინგების არ მჯერა, რასაც აკეთებენ. მგონია, რომ „ტიფლისიც“ და „ქერჩიც“ ისეთ თემებს ეხება, რაც არის მონატრებული ხილი. „ხარება და გოგია“ ნებისმიერი ქართველისთვის საყვარელი ფილმია, ამ თემაზე ბევრი ფილმი არ შექმნილა და ამიტომაც ვიყავი დარწმუნებული, რომ „ტიფლისი“ გაამართლებდა. ერთადერთი შიში უკავშირდებოდა იმას, შევძლებდით თუ არა საჭირო ანტურაჟის შექმნას და პირველი სეზონის კარგად ჩამთავრებას. დღემდე ვერ ვიჯერებ, რომ კინოსტუდია გაიყიდა და არანაირი რეკვიზიტი აღარ არსებობს მცირედის გარდა, რომელიც ახლა „ქერჩში“ გამოვიყენეთ, მაგრამ „ჯი-დი-ეს“-ს უკვე აქვს „ტიფლისისთვის“ და „ქერჩისთვის“ შექმნილი ამ ორი პერიოდის უამრავი კოსტიუმი, აქსესუარები, რომლებიც ქვეყანას დარჩება.

„ტიფლისის“ მეორე სეზონში გავზარდეთ მასშტაბი, გავცდით საქართველოს ფარგლებს, გაიზარდა პერსონაჟების რაოდენობაც, ყველა გმირს თავისი ინდივიდუალური ამბის ხაზი მოჰყვება, ვიზუალური მხარეც ბევრად დაიხვეწა. თუმცა ხაზი უნდა გავუსვა, რომ როცა ამბობენ, „ჯი-დი-ეს“-ს ფულის მეტი რა აქვს და ტექნიკაც უკეთესი აქვთო, არ არის მართალი. ზუსტად ისეთი ტექნიკა გვაქვს, რაც ყველას და საქართველოს პირობებში საშუალო დაფინანსებით ვმუშაობთ. ის კეთილი ადამიანი, ვინც ამ ფულს ჩვენში დებს, სწორ ნაბიჯს დგამს.

– ბიძინა ივანიშვილს გულისხმობ…

– რა თქმა უნდა. ეს უნდა იყოს მაგალითი. ის ძალიან ბევრ ახალგაზრდას ნიჭის გამოვლენის საშუალებას აძლევს. მხოლოდ „ტიფლისზე“ საუბარი არ არის, ზოგადად სფეროს ამუშავებაზე. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, შეგვიძლია თუ არა ამ სფეროს წინ წაწევა.

– თუ იცი მისი აზრი „ტიფლისის“ შესახებ“?

– რა თქმა უნდა, უყურებს. მოხარული ვარ, რომ მან ბევჯერ შეგვაქო, დოზირებულად, გაითვალისწინა ხალხის აზრი და მისი შეფასება არ ყოფილა სუბიექტური, მეც და მთელი ჩვენი ჯგუფი ძალიან ბედნიერები ვიყავით.

– „ტიფლისს“ თანამედროვე დიალოგების გამო აკრიტიკებენ.

– ამის აღება ჩემ თავზე შემიძლია. ეს ჩემი სტილია. ალბათ, ძალიან რთული იქნებოდა, იმ ეპოქის ენით რომ აგველაპარაკებინა პერსონაჟები, ეს ძალიან დიდ დროს წაიღებდა და თანაც, ამას ჩემს თავზე ვერ ავიღებდი, მაყურებლისთვისაც არ იქნებოდა ადვილი აღსაქმელი. ამიტომაც არ მიყვარს ქართული გახმოვანება, სადაც განუწყვეტლივ ამბობენ: „ეშმაკმა დალახვროს“. მიყვარს ნატურალური კინო. ფეხი რომ მეტკინება, რასაც ვიტყვი, ის უნდა თქვას პერსონაჟმაც. ეს შენიშვნა არა, მაგრამ სხვა ბევრი შენიშვნა გავითვალისწინე, რომლებიც მაყურებლებისგან წამოვიდა. თუმცა უფრო მეტი დადებითი იყო, ვიდრე უარყოფითი.

– რატომ არ იქნება „ტიფლისის“ მესამე სეზონი?

– საქართველოში არის ეს პრობლემა. როცა მიხვდებიან, რომ რაღაც კარგად გამოსდით, არასდროს აღარ ამთავრებენ. მე ეს პრინციპი არ მაქვს.

– „ჩემი ცოლის დაქალებს“ ხომ არ გულისხმობ?

– თუნდაც. ის გუნდი, რომელიც ამ სერიალს აკეთებს, უნიჭიერესად მიმაჩნია და მგონია, რომ მათ გაცილებით ბევრი პროექტი უნდა ჰქონდეთ და ხშირ-ხშირად ცვალონ სამყარო, რაშიც ცხოვრობენ (იღიმის).

– „ქერჩი“ როგორი იქნება და როდის გამოვა?

– ნოემბერში. როდესაც ასაკით ჩემზე პატარებს ვკითხე, ქერჩის ბრძოლის შესახებ არაფერი იცოდნენ. არადა, პერლ ჰარბორის შემდეგ მეორე მსოფლიო ომისას ყველაზე დიდ ტრაგედიად მიიჩნევა. სულ ვფიქრობდი ამ თემაზე, იქ ჩემი პაპაც იბრძოდა და ცოცხალი დაბრუნდა. გერმანული ისტორიული წყაროების მიხედვით, 86 000 ადამიანი თვენახევარში გარდაიცვალა ბრძოლის ველზე. ვერ ვხვდები, აქამდე რატომ არაფერი გადაღებულა ამის შესახებ… ეს ხალხი არც არავის ახსოვს. გამოჩნდა ხალხი საზღვარგარეთიდან და შესაძლოა, „ქერჩის“ მეორე სეზონის გადაღებაზეც ვიფიქროთ.

„ჯი-დი-ეს“-მა  ამ პროექტისთვის მიწა იქირავა და ქალაქი ააშენა, რამდენიმე უბანი, ზუსტად ჰოლივუდური სტანდარტების დაცვით. ეს პრეცედენტია. ვფიქრობ, 2016 წელს „ჯი-დი-ეს“-ს ექნება საკუთარი მიწა, სადაც გადავიტანთ ამ ქალაქს და განვავითარებთ გადაღებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას.

– ლევან, მახსოვს, „ვეფხისტყაოსნის“ ერთი ეპიზოდი რომ გადაიღე… მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა, ხომ არ აპირებ ისევ მიბრუნებას, თუკი შენს ტემპებს გავითვალისწინებთ?

– ეს იყო ბავშვობის ექსპერიმენტი. შვიდი წლის მერე მინდა ავუხსნა საზოგადოებას, რას ნიშნავდა ეს, ასე ვთქვათ, ტესტი. მე და ჯაბა მელქაძემ ერთად დავწერეთ სცენარი პოემის იმ ეპიზოდზე, რომელიც ყველაზე მოკლედაა აღწერილი, ქაჯეთის ციხის აღება. ამაზე გვაქვს აგებული მთელი სცენარი, თავიდან ბოლომდე გამოვიგონეთ და გავშალეთ ეს სცენა, ზღაპარია, რომელიც ვფიქრობ, ქართველ და არაქართველ მაყურებელსაც ძალიან მოეწონება. სუფთა კომერციული ფილმი იქნება, კარგი ზღაპარი. ტრილოგიის სინოფსისი გვაქვს დაწერილი, დანარჩენი – „ვეფხისტყაოსნის“ სასიყვარულო ხაზი, მეგობრობის თემა პრეისტორიაში იქნება ნაჩვენები. ვაპირებ, რომ 2016 წელს დავიწყო ფინანსების მოძიება, ნებისმიერი ცუდი რუსული ფილმის ბიუჯეტით გადავიღებ, მაგალითად, 4 მილიონი დოლარით.

ვფიქრობ, საქართველოში კომერციული კინო არ კეთდება, ეს კი კინემატოგრაფის განვითარებისთვის გადამწყვეტია. ეს სფერო მთლიანად არის განსავითარებელი. „ჯი-დი-ეს“-ს დღეს ყველაზე დიდი წარმოება აქვს დაწყებული ამ მხრივ, ექვსი ქართული პროექტი ერთდროულად ერთ არხზე არასდროს გასულა. ყველანაირი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ აქ დასაქმებულია 8000-მდე ადამიანი. „ქერჩი“, „ ტიფლისი“, „მზარეულები“, „პარადოქსი“, „ცოლები და ქმრები“ და კიდევ ერთ დეტექტიურ სერიალს ვამზადებთ, სახელს სიუპრიზად შემოვინახავ.

კინოს განვითარებაზე ვლაპარაკობდი და მაქვს სურვილი, რომ საქართველოში კინოსა და თეატრის მსახიობები ცალ-ცალკე იყვნენ. აბსოლუტურად სხვადახვა სპეციფიკაა. თანაც, „ქერჩში“ 5 ძალიან კარგი გმირის მოკვლამ მომიწია იმის გამო, რომ თეატრში სპექტაკლი ეწყებოდათ და გადაღებებზე ვეღარ მოდიოდნენ, ზოგი ნაღმზე ავაფეთქე და ზოგს ბრმა ტყვია მოვახვედრე (იცინის).  ერთი მსახიობი ერთდროულად 6-7- სპექტაკლში რომ არის დასაქმებული, ამას ვერ ვიგებ, არსებობს თეატრის ამდენი მაყურებელი?!. მირჩევნია, ქალაქში იყოს 5 თეატრი და დატვირთულად მუშაობდეს.

კარგი იქნება, საქართველოში გილდიები არსებობდეს. თეატრალური უნივერსიტეტი ამდენ მსახიობს, რეჟისორსა და ოპერატორს რომ უშვებს, არ უნდა მოიკითხონ, სად უშვებენ?!. სულ თავს ვიკავებდი ამის თქმისგან, მაგრამ ახლა ვიტყვი, რომ „ჯი-დი-ეს“-ი უფრო ითავსებს ამ სფეროში სწავლა-შემეცნების ფუნქციას, ვიდრე ის სასწავლებლები, რაც საქართველოში არსებობს, უკლებლივ ყველა!.. კინო პრაქტიკაა და ეს უდავოა, მთელი ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა ამაზე.




 

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები