LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში ვიმოგზაურებ, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს შევხვდები – მიხეილ სააკაშვილი

119

“ევროპაში ვიმოგზაურებ, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს შევხვდები,” – ეს განცხადება  საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა და პეტრო პოროშენკო „საბჭოთა დიქტატორული მეთოდების“ გამოყენებაში დაადანაშაულა.

„ის, რაც პოროშენკომ გააკეთა, არაკანონიერია. მან უკრაინის კონსტიტუცია, მოქალაქეობის შესახებ კანონი დაარღვია. მან ყველაფერი გათელა, რისი გათელვაც შეიძლებოდა და ეს ტიპიურ საბჭოურ სტილში გააკეთა. იფიქრა, ახლა ზაფხულია, მსოფლიო ამას ყურადღებას არ მიაქცევსო და, რომ მე ვერ შევძლებ უკრაინაში დაბრუნებას და ჩემი უფლებების დაცვას,“ –  განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, „უკრაინელები ამას არ დაივიწყებენ, ვინაიდან ისინი არასოდეს ივიწყებენ დიდ უსამართლობას“.

მან ასევე ისაუბრა თავის პოლიტიკურ გეგმებზე და როგორც აღნიშნა, ის უკრაინას უკავშირდება.

„ჩემი გეგმები უკრაინას უკავშირდება. მივიჩნევ, რომ უსამართლობა მოხდა. მე უნდა დავბრუნდე უკრაინაში და სასამართლოში ჩემი უფლებები დავიცვა. ეს არის ახლა მთავარი. ევროპაში ვიმოგზაურებ, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს შევხვდები,“ – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ  ამჯერად „ის ოჯახთან ერთად ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში მიემართება“.

„შემდეგ კი ბრიუსელში გავემგზავრები, რიგ სხვა ევროპულ ქვეყნებში, სადაც ლიდერებთან გავმართავ შეხვედრებს,“ – აცხადებს სააკაშვილი.