LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიკო ლეჟავა საკუთარი ბენდის წევრებმა მოატყუეს – „ეს შეურაცხმყოფელი მიდგომაა…“

336

მარიკო ლეჟავას „მელოგრანოში“ შევხვდით. მომღერალს სიახლეები აქვს. ახალხან მისი ბენდი დაიშალა, უფრო სწორად, „ნონსტოპთან“ თანამშრომლობა საკუთარი სურვილით გაწყვიტა, რადგან მათი საქციელი არ მოეწონა, როცა სხვა სოლისტთან მასთან შეუთანხმებლად გადაწყვიტეს თანამშრომლობა.

მარიკო, სიმღერას აქტიურად უბრუნდება, გარკვეული პერიოდის წინ ჯანმრთელობის პრობლემის გამო ამ სფეროში მუშაობას ვერ ახერხებდა, თუმცა ახლა ახალი ბენდთან მუშაობაზე მოლაპარაკაბებს აწარმოებს და რაც მთავარია, ახალი საქმეც გაიჩინა, საკუთარი ბრენდი ჩამოაყალიბა და შექმნილ ჩანთებს ინტერნეტის საშუალებით ყიდის.

რამ გამოიწვია შენი ბენდის დაშლა?

მარიკო ლეჟავა:

ჩემი ბენდთან თანამშრომლობის პერიოდი ნახევარ წელიწადს გაგრძელდა. მქონდა ჯანმრთელობის პრობლემა, აღმომაჩნდა კისტა ხმის იოგზე, რაც ძალიან საშიში იყო – 50/50-ზე იყო, გავაგრძელებდი თუ არა სიმღერას. ოპერაცია, საბედნიეროდ არ დამჭირდა, რადგან თვითონ გამიქრა, ექიმების გასაოცრად. ძალიან დიდი ხანი აღარ ვმღეროდი, შესაბამისად, ყელს დატვირთვაც აღარ ჰქონდა, მაგრამ კისტა თუ გაქრებოდა, ექიმებს არ ეგონათ. ძალიან გამიმართლა. სწორედ ამის შემდეგ დავიწყე თანამშრომლობა ბენდთან „ნონსტოპი“, ერთად შევიკრიბეთ. ძალიან სასიამოვნო პერიოდი გავატარეთ ერთად, მაგრამ ბოლოს მოხდა ისეთი უსიამოვნო ფაქტი, რამაც მაფიქრებინა, რომ მათთან კომფორტულად ვეღარ ვიქნებოდი და მერჩივნა, ურთიერთობა შემეწყვიტა.

უფრო ვრცლად შეგიძლია მოგვიყვე?

ბევრს მოვუყევი, რადგან ისე აღვშფოთდი და იმდენად არ ველოდებოდი მათგან, რომ ძალიან გაოცებული დავრჩი. ახალი წლის პერიოდში გვქონდა დაგეგმილი ივენთები, კონცერტები. მცირე პაუზა გამოგვიჩნდა, რამდენიმედღიანი. ჩემმა მეგობარმა, სხვა ბენდის წევრმა, გამომიგზავნა ფოტო, სადაც ჩემი ბენდის წევრები სხვა, ძალიან ცნობილ მომღერალთან ერთად გამოდიოდნენ. ეს, რა თქმა უნდა, არანაირი პრობლემა არ იქნებოდა, მე რომ მცოდნოდა და გავეფრთხილებინე. ჩემი ბენდის ოთხივე წევრი, ყველა მათგანი იქ იყო. ერთი ან ორი რომ ყოფილიყო, ეჭვი არ შემეპარებოდა, მაგრამ ოთხივე იქ აღმოჩნდა, თან, მანამდე ფოტოსესიაშიც მიუღიათ მონაწილეობა. ერთ-ერთ მათგანს დავურეკე და ვკითხე, რა ხდებოდა, მიპასუხა, რატომ უნდა გვეთქვა, ეს ხომ არ იყო მრავალჯერადი პროექტიო. ეს შეურაცხმყოფელი მიდგომაა, მე არ შემიძლია, ასე არაფრად ჩავაგდო ადამიანი, რომელიც ჩემი გუნდის წევრია და ჩემი ახლობელია. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მივიჩნევდი, რომ მათი ახლობელი ვიყავი, რადგან ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. ურთიერთობა ახლაც კარგი გვაქვს, მე მათ არ ვმტრობ, მაგრამ მათი პროფესიონალიზმის დონემ, ჩემი გადმოსახედიდან, ძალიან დაიწია. გადავწყვიტე, დავრჩენილიყავით მეგობრებთან, თუმცა შეგვეწყვიტა მუსიკალური და სამსახურებრივი ურთიერთობა.

იმ მომღერალთან არ გისაუბრია, ვისთან ერთადაც გამოდიოდნენ?

ძალიან ნიჭიერი ადამიანია, რომელსაც ყველა ვიცნობთ. ის არაფერ შუაშია, მან უბრალოდ, დაიქირავა ბენდი და ალბათ, უთხრეს, ჩვენმა ვოკალისტმა იცისო, ან არც ყოფილა ამაზე საუბარი. ჩემთვის გასაოცარი იყო ჩემი ბენდის წევრების საქციელი, რადგან არავის დავუშლიდი სხვა ღონისძიებაში მონაწილეობას, აუცილებლად უნდა წახვიდე, სადაც დაგიძახებენ, რადგან ამ სფეროში საკმაოდ ძნელად იშოვება ფული, მაგრამ შენი ბენდის წევრი უნდა გააფრთხილო. მე არასდროს მოვქცევივარ მათ ასე, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შეთავაზება მქონია და ხშირად მითქვამს უარი. ყველას უკვირს ეს ამბავი, ვისაც მოვუყევი. არავის მოუნდება ალბათ მათი ვოკალისტობა, რადგან იმავე მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს. ჩემთან ჰქონდათ რეპეტიციები და პარალელურად დადიოდნენ სხვაგან ფოტოსესიებზე და რეპეტიციებზე (იღიმის). თავიდან ძალიან ვინერვიულე, მაგრამ ახლა ამაზე საერთოდ აღარც მეფიქრება.

ასეთ ინტრიგასთან გქონია შეხება ადრე?

ზოგადად, ვერიდები ხოლმე კოლაბორაციებს. აზრთა შეუთანხმებლობა იწვევს კონფლიქტს, რასაც სულ ვერიდები. ბენდის შექმნაც რისკი იყო ჩემთვის, მაგრამ პირველივე ივენთიდან აჟიოტაჟი ატყდა ჩვენს ბენდზე. ვამბობ, რომ ისინი, პირველ რიგში, ძალიან ნიჭიერი მუსიკოსები არიან, მიუხედავად იმისა, როგორ მომექცნენ მე… მეგონა, რომ ეს იყო ის შემადგენლობა, ვისთან ერთადაც დიდხანს ვიქნებოდი.

არის სხვა შეთავაზება მუსიკოსებისგან ბენდის შექმნაზე?

მე ძალიან ერთგული ადამიანი ვარ. არ შემიძლია, კარგი შეთავაზებისა და კარგი ჰონორარის გამო ვუღალატო ადამიანებს. იმდენი სისულელე გამიკეთებია ამ ჩემი ხასიათის გამო, რომ ახლა საერთოდ სხვაგან უნდა ვყოფილიყავი. ბენდის თემამ თავიდან ძალიან გამტეხა, ადამიანები, რომლებსაც თვალდახუჭული ვენდობოდი, ძალიან მარტივი რაღაც არ გააკეთეს. ვფიქრობდი, ვინ უნდა გამოჩენილიყო, რომ ჩემი ნდობა დაემსახურებინა. მაგრამ მომღერალი ვარ და სიმღერის გარეშე არ შემიძლია. რაღაც პერიოდმა განვლო და გამიჩნდა სურვილი, ვიყო ბენდში. მქონდა უკვე მოლაპარაკება ძალიან კარგ ბენდთან. იმედი მაქვს, გამოვა და კიდევ, იმის იმედი მაქვს, რომ იგივე არასდროს დამემართება.

ახალი საქმეც გაიჩინე…

ბავშვობიდან სულ მიყვარდა ჭრა და კერვა, გადაკეთება. რომ წამოვიზარდე და მივხვდი, რომ ყველა სამოსი არ უნდა დამეჭრა, გადავწყვიტე აქსესუარებზე გადასვლა (იღიმის). მომწონს ორიგინალური რაღაცები, რაც არ უკეთია და აცვია სხვას. ამით გამომარჩევენ ხოლმე, განსხვავებულად მაცვია, არაბრენდულად, მაგრამ ორიგინალურად, თვალში საცემად. თავში აზრად მომივიდა ჩანთების ხაზის გაკეთება. ამყვა ჩემი მეგობარი. მოსამზადებელმა პერიოდმა დიდხანს გასტანა, გვინდოდა, კარგი შესახედაობისა და ხარისხის პროდუქცია გამოსულიყო. შევაკერინეთ მკერავს ჩანთები, გადავიღეთ ფოტოები და ვიდეორგოლი, ყველაფერი უფასოდ, ჩემი მეგობრების დახმარებით და ინტერნეტში ჩავუშვით გასაყიდად. მადლობას ვუხდი ჩემს მეგობრებს, მნიშვნელოვანია სანდო ადამიანების ყოლა გვერდზე. მაშინ მივხვდი ამას, როცა ყველაზე ძალიან მატკინეს გული. დავრწმუნდი, რომ კარგ და ცუდ ამბებშიც არსებობენ ადამიანები, რომლებიც შენ გვერდით არიან.

პირადში რა ხდება?

დაახლოებით ხუთი წელია, ერთ ადამიანთან ვარ. ის პროფესიით მსახიობია. ვინაობას არ დავასახელებ, რადგან ერთხელ ვთქვი და აგვერია ურთიერთობა. მჯერა ასეთი რაღაცების, როცა პირადზე ბევრს ლაპარაკობს და ბევრმა იცის, ცუდი ხდება შენს ცხოვრებაში. ერთხელ გამოვცადე და მას შემდეგ აღარ ვამბობ.

ორივე ხელოვანი ვართ, ვუგებთ ერთმანეთს. აღფრთოვანებული ვარ მისი პროფესიით და მომწონს მისი საქმე. სხვათა შორის, მსახიობობა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. ვუგებთ ერთმანეთს, გვიყვარს ერთმანეთი და მეხუთე წელია, ძალიან ბედნიერები ვართ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბოლომდე გასტანს ჩვენი ურთიერთობა.

აპირებთ დაქორწინებას?

ჯერ თარიღი არ დაგვითქვამს, მაგრამ რა თქმა უნდა, ექნება ლოგიკური დასასრული.

ეჭვიანობის საბაბი არც ერთს გაქვთ?

სულ ერთად ვართ, მე ვიცნობ მის მეგობრებს და ის – ჩემსას. ყველა მისი მეგობარი ჩემი მეგობარიცაა. საეჭვიანოდ საბაბი არ მაქვს. სცენაზე რომ ვუყურებ, ვერასდროს ვერ ვცნობ, მგონია ის პერსონაჟი, ვისაც თამაშობს. ეს ძალიან მეხმარება, არ ვიგონებ, ბუნებრივი შეგრძნება მაქვს. ძალიან უჭირთ მსახიობების ცოლებსა თუ შეყვარებულებს, როცა მათი მეორე ნახევრები კოცნის ან ეროტიკულ სცენაში მონაწილეობენ. მე საერთოდ არ მიჭირს ამის ყურება, რადგან პერსონაჟად აღვიქვამ. მასაც არ აქვს ეჭვიანობის განცდა, მიცნობს, დარწმუნებულია ჩემში, არც ერთი არ ჩავდივართ ისეთ რაღაცებს, რომ ერთმანეთზე ვიეჭვიანოთ.

შენი თამამი ჩაცმულობა არ არის მისთვის პრობლემა?

მახასიათებს თამამი ჩაცმულობა, მაგრამ თემატურად და არა ყოველთვის და ყველგან. ეს სფერო ძალიან მიყვარს. რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ მთელი გულით და სულით. როცა მაცვია განსხვავებულად, მარტივად იგებს, შესაძლოა, არ მოსწონდეს, რომ სხეულის რაღაც ნაწილი მიჩანდეს, მაგრამ იგებს. ესმის, რომ ასე ვგრძნობ თავს და ასე მინდა ჩაცმა. არანაირი კონფლიქტი არ გვქონია არასდროს ჩაცმულობასთან დაკავშირებით.

ახალ თუ უნდა ველოდოთ შენგან რამეს?

მაქვს ახალი სიმღერა, რომელიც ჩემმა ნიჭიერმა მეგობარმა, ბაბიმ დამიწერა. მინდა ამ სიმღერის ჩაწერა და კლიპის გადაღება. მინდა, მალე მოვაგვარო ეს ამბავი. ვერ ვითმენ, ძალიან ვირუსული მელოდია აქვს. იმედი მაქვს, მალე მოვიფიქრებთ მე და ბაბი სრულ ვერსიას და სიამოვნებით გამოვიტან მზის შუქზე.

ფოტო: დათუნა აგასი

გადაღების ადგილი: „მელოგრანო“

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები