LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტოხელა ქართველი ცნობილები – რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს მარტოობას

449

დღეს გაგიკვირდებათ და ჩინეთში მარტოხელა ადამიანების დღე აღინიშნება. იქ ეს პრობლემა ძალიან მწვავედ დგას. გადავწყვიტეთ, მცირე გამოკითხვა ჩაგვეტარებინა ქართველ დაუოჯახებელ სახეებს შორის და გაგვეგო, რა ნაკლი აქვს და რა უპირატესობა, როცა ადამიანს საკუთარი ოჯახი არ აქვს…

ნოდიკო ტატიშვილი:

როცა უცოლო ხარ, ამისი ერთადერთი ნაკლი არის ის, რომ შვილები არ გყავს. მარტოხელობას კი ძირითადად, პლუსები აქვს (იცინის). ვფიქრობ, დღესდღეობით ძალიან კარგ მდგომარეობაში ვარ. როცა ცოლი მოგყავს, მის მიმართ პასუხისმგებლობას იღებ, ამით იმის თქმა არ მინდა, რომ პასუხისმგებლობას გავურბივარ, არაფრის არ მეშინია, მაგრამ ჩემ შემთხვევაში, ჯობს, 3-4 წელი ვიყო დაუოჯახებელი, რადგან საქმეს ასე უკეთ გავაკეთებ. კარიერაში თავისუფლება ძალიან მადგება.

მეორე მხრივ, თუკი შემიყვარდება სიგიჟემდე, მერე ალბათ ვიფიქრებ დაოჯახებაზე.

ადრე არასდროს გქონია დაოჯახების სურვილი?

ძალიან ადრე მქონია, როცა ძალიან მიყვარდა, შემდეგაც ყოფილა ურთიერთობები, გატაცებები, რომლებიც 1-2 წელს გაგრძელებულა, მაგრამ როცა დაოჯახებას გადაწყვეტ, ალბათ, ხვდები, რომ ეს ის არის, ვისაც ელოდებოდი. არ ვიცი, სიყვარულის ხარისხი როგორ უნდა განსაზღვრო, მაგრამ ღმერთი დაგეხმარება, მე ასე მგონია.

როცა დავოჯახდები, მინდა, ბევრი შვილი მყავდეს, არა ერთი და ორი, არამედ 4, ხუთი თუ იქნება, უკეთესია. მანამდე კი, ოჯახის შექმნამდე, მინდა, ყველაფერი ისე იყოს, როგორც მე მინდა. ახლა ისეა, მაგრამ მაქსიმალისტი ვარ და ბევრს მინდა მივაღწიო…

unnamed (2)

ვერიკო ტურაშვილი:

მეც არ მაქვს დისკომფორტი მარტო ყოფნით. არაა ცუდი, რომ შენ განაგებ შენს ყველაფერს და შენ ხარ შენი ცხოვრების დირექტორი. იტყვი და გემორჩილებიან (იცინის).

რაც შეეხება უარყოფითს, ეს დროებითია. ანუ მაინც პლუსებიდან ვხედავ დაუოჯახებლობას, რომელიც გამოსწორებადია (იღიმის).

unnamed (3)

მაიკო კაჭკაჭიშვილი:

ორივე შემთხვევას აქვს თავისი პლუსები და მინუსები.ზოგადად, მარტოობა ძალიან ცუდია, მაგრამ მას ის უპირატესობა აქვს, რომ თავიდან ბოლომდე საკუთარ თავს ეკუთვნი. მარტოობას ვგულისხმობ პირად ცხოვრებაში, თორემ ისე არიან ადამიანები, რომელთაც უყვართ მარტო ყოფნა, მე ასე არ ვარ, სამეგობროს ვგულისხმობ, სულ მინდა მათთან ერთად ყოფნა. პირადში კი ახლა გაცილებით უკეთ ვგრძნობ თავს, ვიდრე მაშინ, როცა მარტო არ ვიყავი. მერწყული ვარ და თავისუფლება ჩემთვის ყველაფერია.

პირადში მარტოობა მირჩევნია იმიტომ, რომ ეს არის ცხოვრება, რომელსაც არ ახლავს შეზღუდვები. რა თქმა უნდა, შეიძლება განიხილო ისეთი შემთხვევაც, სადაც ნაკლებია შეზღუდვა, მაგრამ ეს მხოლოდ ოცნებაა (იღიმის). ყველა ურთიერთობაში არის შეზღუდვა, იმიტომ კი არა, რომ მეორე ნახევარი გაძალებს, უბრალოდ, გიწევს მისი სურვილების გათვალისწინება.

unnamed (1)

რატი დურგლიშვილი:

მარტოხელობის ნაკლი? ჩემ შემთხვევაში ვერ ვიტყოდი, რომ ნაკლი აქვს. დროც არ მრჩება, რომ ამაზე ვიფიქრო. ისე გადის წლები, პარტნიორის გარეშე დავდივარ, არ ვიცი, შეიძლება, წლების მერე ვინანო, შეიძლება, არა. მუსიკა, ხატვა – თავში იმდენი რამ მიტრიალებს, საერთოდ ვერ ვხედავ საჭიროებას, რომ გვერდით პარტნიორი მყავდეს…

 

რატომ?

არ ვიცი, ეს ქართველების პრობლემაა თუ ზოგადია, ალბათ, უფრო ზოგადი, მაგრამ როცა ადამიანთან ერთად ხარ, ის აუცილებლად იჭრება შენს ცხოვრებაში და არ აქვს არანაირი დისტანცია, რასაც მე ვერ ვეგუები. გაკონტროლება სჭირდებათ მაშინ, როდესაც არ გენდობიან. როცა გენდობა, შენ შენი ცხოვრება გაქვს, მას – თავის, ეს საუკეთესო ვარიანტია. კარგი იქნებოდა, მყავდეს ისეთი პარტნიორი, რომელსაც ჩემ მსგავსად, საკუთარი საქმე ექნება. თორემ ურთიერთობებმა მობეზრება იცის, მონატრებას, შეხვედრას თავისი დრო აქვს, მერე ეს ყველაფერი გადადის პრობლემებში, გისოსები ჩნდება… არავის მივცემ იმის საშუალებას, რომ ჩემს ცხოვრებაში შემოიჭრას.

unnamed

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები