LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანი ბრეგვაძე და თაკო ნაცვლიშვილი პოდიუმზე – „მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის“ პირველი დღე

549

„მერსედეს ბენცის მოდის კვირეული“ თბილისში 3 მაისს გაიხსნა. უამრავი უცხოელი სტუმარი, მედიის წარმომადგენლები, ბაიერები, სოფო ჭყონიას მოწვევით, კვლავ ესტუმრნენ თბილისს, რომელიც თანდათან ერთ-ერთ საინტერესო წერტილად ინიშნება მოდის სამყაროში.

„მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის“ ახალი სეზონი რუსი დიზაინერისა და ფოტოგრაფის, გოჩა რუბჩინსკის მოდის შესახებ საუბრით გაიხსნა „ბასიანზე“, რასაც მოჰყვა ტატუნა ნიკოლაიშვილის კოლექციის პრეზენტაცია, ოთხი საათიდან კი სტუმრებმა თბილისის ცირკში გადაინაცვლეს, სადაც ავთანდილის ჩვენებით ქართველმა დიზაინერებმა, ერთმანეთის მიყოლებით, საინტერესო, ორიგინალური და სიახლეებით სავსე კოლექციების დემონსტრირება დაიწყეს.

ავთანდილის კოლექცია, რასაკვირველია, განსაკუთრებული გამოდგა. მისი საყვარელი წითელი და შავი ფერები, რა თქმა უნდა, ახალ ნამუშევრებშიც დომინირებდა, ასევე მოდელებს უშველებელი ჩანთებიც ეკავათ… თავად დიზაინერი მიიჩნევს, რომ ეს არის მისი წინა კოლექციებისგან განსხვავებული ნამუშევრები, თუმცა ხელწერა მაინც დატოვებულია. სიურპიზი გამოდგა პოდიუმზე თაკო ნაცვლიშვილის გამოჩენა. წარმატებულმა მოდელმა, რომელიც მსოფლიოს სხვადახვა ცნობილ ბრენდთან თანამშრომლობს და მათი ქოლგის ქვეშ არაერთხელ გამოსულა ჩვენებაზე, გახსნა და დახურა ჩვენება და საუკეთესოდ მოირგო ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილი სამოსი.

ავთანდილი:

აქ სიჭრელე იყო შიგნით. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც გარკვეულწილად, საზოგადოებისთვის ერთფეროვნები არიან, თუმცა შიგნით, გულში, სულში, საოცარი ემოციური სიჭრელე აქვთ. განსაკუთრებულ ქალებზე მაქვს საუბარი (იღიმის). ამიტომ იყო შიგნიდან ამობრუნებული სამოსი. მთლიანი სულიერი სამყარო ან გარეთ იყო, ვინც თამამია, ან ნახევრად აჩენდა ამას…

ძალიან მინდოდა, შემექმნა განსხვავებული ჩანთები. ერთი შეცდომით მივხვდი, როგორი უნდა ყოფილიყო. ეს იყო ფანტასტიკური შეცდომა. ძალიან მომწონს ჩანთები, ვტრაბახობ.

ფოტოები: MiHaiL Photography

წინა წლებისგან განსხვავებით, ცოტა ხომ არ შეცვალეთ მთლიანი კონცეფცია?

მთელი ხიბლი ისაა, რომ დიზაინერმა თავისი ხელწერა არ დაკარგოს და ყოველთვის იგრძნობოდეს. მოდა ხომ ექვს თვეს ცოცხლობსდ ა არ შეიძლება ერთი და იმავეს გამოტანა…

დალი ჩიტალაძე:

კონცეფცია ტენდენციას პასუხობს, ასე რომ, ტენდეციებს ვერსად გავექცევით. ავთანდილის ინტერვიუს ვუსმინე, სადაც თქვა, რომ ქალის შინაგანი სამყარო მის ფერად სარჩულებში გამოიხატა და ვინც თამამია, ეს სიჭრელე ზემოდან აცვია, ეს ძალიან საინტერესოა ჩემთვის. მისი კონცეფცია განსხვავებულია. ავთანდილის ნამუშევრებში ყველა პოულობს თავისას და ეს არის კოლექციის წარმატების ნიშანი. მთავარია, ჩაიცვა სწორად ის, რაც დიზაინერმა მოგაწოდა. მოცემულობა ძალიან მომეწონა.

თქვენ მოგწონთ ერთმანეთზე ჩაცმული სამოსი?

ეს დროებითია, არ ვიცი, კიდევ როგორ უნდა განვითარდეს. ეს იყო ძველის გაახლება, ბანალურია, მაგრამ მოდა ტრიალებს, რას ვიზამთ. საინტერესოც ეს არის. დიდხანს საინტერესო არაფერი ხდებოდა, ახლა კი გახდა გამორჩეული და სად წავა, მეც მაინტერესებს. შემდეგი სეზონიც არ იქნება განსხვავებული, ჩემი პროგნოზით, მერე კიდევ მოხდება გარდატეხა (იღიმის).

ავთანდილის ჩვენების შემდეგ პოდიუმზე საკუთარი ნამუშევრები გამოიტანეს lyia-მ, ანუკა ქებურიამ, ქია ქებურიამ, Vaska-მ, Mach & Mach-მა და დღის ბოლოს საზოგადოების წინაშე კლასიკური კოლექცია წარადგინა დათუნა სულიკაშვილმა. პოდიუმზე 80 წლის ულამაზესი მომღერლის, ნანი ბრეგვაძის გამოჩენამ ნამდვილი ფურორი მოახდინა. ნანი ბრეგვაძემ მოხდენილად გაიარა მთლიანი დარბაზი და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართული სილამაზისა და სტილის ეტალონია.

„მერსედეს ბენცის მოდის კვირეული“ დღეს სხვა ჩვენებებით განახლდება.

ნინო მურღულია

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები