LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი ფარესაშვილი „ბომბა დედაა“ – „ვაჟკაცური მიდგომები მაქვს…“

2368

მომღერალ ქეთი ფარესაშვილს შვილთან, ლევანთან ერთად, კაფე „ორანჟერეაში“ ვუმასპინძლეთ. ქეთისა და ლაშა ღლონტის ერთობლივმა დუეტმა – „ოქროყანის აღმართი“ სულ ცოტა ხნის წინ ინტერნეტსივრცე „ააფეთქა“ და ქეთის პოპულარობა დაუბრუნა.

მომღერალს საქმესა და პირადზე ვესაუბრეთ.

დიდი ხანია, სცენაზე დგახარ, მაგრამ ლაშა ღლონტთან ერთად ჩაწერილმა სიმღერამ თითქოს ამ პოპულარობის რეინკარნაცია მოახდინა. გქონდა მოლოდინი, რომ ეს სიმღერა სოცქსელს ააფეთქებდა?

ქეთი ფარესაშვილი:

დარწმუნებით როგორ შეიძლება, რამე იცოდე, მაგრამ მოულოდნელი არ ყოფილა, ჩემზე მეტად ლაშა ელოდა. მისი დამსახურებაა, რომ ჩვენი დუეტი შედგა. ჩემი ერთადერთი დამსახურებაა, რომ ბრაზილიური სიმღერა შევარჩიე ამ დუეტისთვის. დანარჩენი – ლაშა მეუბნებოდა, სად უნდა გამეკეთებინა იმპროვიზაცია და ა.შ. ლაშას ნიჭის აღფრთოვანებული ვარ, თავად როგორც შეასრულა ეს სიმღერა, ძალიან მომეწონა. მადლობა მას, რომ ეს დუეტი ასეთი გამოვიდა.

რეინკარნაციასავით რომ მოხდა, ესეც ლაშას დამსახურებაა. ტყუილად არაფერი ხდება. მეც მინდოდა დაბრუნება. მიყვარს ეფექტები, არ მიყვარს მონოტონურობა. ხან გაანათებ, ხან ჩაქრები. ჩვენს ქვეყანაში რა ხანია, შოუბიზნესი მიძინებულია, მინდოდა ეფექტის მოხდენა და ეს ასეც მოხდა.

როგორი იყო ამდენი კომპლიმენტის მიღება?

ადამიანებს თურმე ასე ვუყვარვარ საქართველოში… მიეცათ საშუალება, რომ ეგრძნობინებინათ ჩემთვის. თავად ყველა ადამიანი მიყვარს და მეც სიყვარულით მპასუხობენ. საოცრად ბედნიერი ვარ. შესაძლოა, ძალიან გაეცინოს ბევრს, მაგრამ მგონია, რომ ახლა ჰოლივუდში ვარ. შეგრძნება ასეთი მაქვს. ვიღაცისთვის მაგრად „ვაფრენ“ ალბათ, მაგრამ რეალურად ასე ვგრძნობ თავს (იღიმის).

ჰოლივუდში გინდა?

ძალიან. სულ მინდოდა მსახიობობა. ვერ ავიხდინე ეს ოცნება. ვუყურებ, როგორ ბედნიერად ცხოვრობენ მსახიობები, მოხიბლული ვარ კინოხელოვნებით. შესაძლოა, მომღერალიც ვყოფილიყავი რომელიმე დიდ ქვეყანაში. ძალიან მინდოდა და ახლაც მინდა დიდ აუდიტორიასთან ურთიერთობა.

საქართველო პატარაა ხელოვანისთვის?

ჩვენი საყვარელი, პაწაწუნა საქართველო ძალიან პატარაა. ისევ თანხებზე მომიწევს საუბარი, მაგრამ შენი პოტენციალის გამოსავლენად არ არის საკმარისი თანხები. ალბათ, ცოტა დავაგვიანე ამ იდეის განსახორციელებლად, მაგრამ ყოველთვის მსურდა უფრო მეტი.

რამ შეგიშალა ხელი ქართულ სცენაზე სრულყოფილად დამკვიდრებაში?

რაც უნდა მოხდეს, ყველაფერში ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებ. შემიშალა ხელი ალბათ, ჩემმა თავმა, ნაბიჯებმა და შეცდომებმა. შოუბიზნესს ახლავს გარკვეული ფაქტორები, სისულელეები, რომლებიც რასაკვირველია, გიშლის ხელს, მაგრამ შენზეც არის ბევრი რამ დამოკიდებული. ჩემს თავს არ მოვთხოვე იმდენი, რისი შესაძლებლობაც მაქვს. ათასი პროცენტით დავრწმუნდი, რომ ბოლომდე უნდა გამოწურო საკუთარი თავი…

ხელისშემშლელი „სისულელეები“ კოლეგებისგან მოდიოდა?

ხომ იცით, ქართული ხასიათი. შეუმდგარი ადამიანების პატარა-პატარა ბრძოლები მე განზე მწევდა. ვფიქრობდი, რომ არ ღირდა აქ ყოფნა და ბრძოლა. პირიქით, უნდა გაუცინო, აპატიო, მოეფერო, რაღაც უჭირს ადამიანს, რადგან ასე გექცევა. ეტყობა, ასაკითაც რომ პატარა ვიყავი, მზად არ აღმოვჩნდი ამისთვის. არც მყოლია გვერდით მრჩევლები, რომლებიც სწორ გზაზე დამაყენებდნენ. მე ცოტა დაბნეული გახლდით. მერე საერთოდ გავერიდე სცენას. ეს არასწორი ნაბიჯი იყო. არ ვნანობ, რადგან როგორც გითხარით, არ ვიყავი მზად. რომ შემძლებოდა, ხომ გავაკეთებდი ბევრ რამეს? არც ვინანებ არასდროს, რადგან ჩემი გასავლელი გზა ეს იყო და მეტი მაშინ არ შემეძლო, დღეს შემიძლია!..

რა შეიცვალა?

უფრო ძლიერი და თავდაჯერებული გავხდი, მომემატა პროფესიონალიზმი. მაქვს უფლება, რომ საკუთარი სიტყვა ვთქვა არა მხოლოდ საქართველოში. წინ მაქვს წინსვლა, რეპერტუარის გამრავალფეროვნებას ვაპირებ, მეტი ქართულისა და ევროპული თუ ამერიკული მუსიკის სინთეზი მინდა, მაქვს ამისი ამბიცია. ჩემი სტილი, მგონია, რომ შემუშავებული მაქვს. ბევრს ვფიქრობ ამ საკითხზე, როგორ შეიძლება იყო უცხო და საინტერესო მსმენელისთვის. ვფიქრობ პიროვნულ ზრდაზე, რაც როგორც ხელოვანს, ასევე გზრდის.

მუშაობ ახალ სიმღერებზე?

ვგეგმავ სოლოკონცერტს, სადაც წარმოვადგენ ბევრ ახალ სიმღერას და ეს იქნება სწორედ ალბომისთვის მზადება, რომელსაც კონცერტის შემდეგ ჩავწერ. კონცერტი აპრილის თვეში იგეგმება, ჯერჯერობით არ მაქვს შერჩეული ადგილი, რამდენიმე სივრცეზე ვფიქრობ, რომელიც ჩემს სოლოკონცერტს შეესაბამება. მინდა, იყოს შოუ, მეტი გართობა და სიყვარული, პოზიტიური მუხტი.

თაყვანისმცემლები სულ მეკითხებიან, რა აქტივობები მექნება და სწორედ მათგან ვიღებ სტიმულს. ჩვენი შეხედულება ემთხვევა, რომ მე ბევრი კონცერტი უნდა გავმართო…

ოჯახს რა ადგილი უკავია ამ პროცესში? მეუღლე გიწყობს ხელს?

ოჯახი გვერდში მიდგას. ჩემს მეუღლეს მოწონს ჩემი შემოქმედება და უნდა, ვიყო აქტიური. რასაკვირველია, ოჯახს თავისი დრო მიაქვს. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დიდი ყურადღება სჭირდება. რთულია ყველაფრის ერთად მოხერხება, მაგრამ საქმიანობისა და ოჯახური აქტივობების შეთავსება შესაძლებელია. თუკი რაიმე არ გამიკეთებია, გავიმეორებ, რომ ეს ჩემი პასიურობის ბრალია.

როგორი დიასახლისი ხარ?

ძალიან მონდომებული ვარ, პატარა სადილებს ვაკეთებ, დიდი სუფრების მშლელი არ ვარ. მე ამას გმირობას ვეძახი, რასაც ჩვენი დედების თაობა სჩადიოდა, ამდენ საჭმელს აკეთებდნენ, უმასპინძლებოდნენ და კიდევ ფეხზე იდგნენ ამის შემდეგ (იღიმის). კარგ ბორშსა და აჯაფსანდალს ვაკეთებ, ხორცსავ შევწვავ, მაგრამ არ ვიცი, ვარ თუ არა კარგი დიასახლისი.

როგორი დედა ხარ?

არავის ვანდობდი ჩემს შვილს. ბომბა დედა ვარ (იცინის). არანაირი ძიძა არ მყოლია, ჩემი შვილიკო სულ ჩემი გაზრდილია. ვფიქრობდი, რომ ჩემზე უკეთესად ვერავინ ვერაფერს გაუკეთებდა და მგონი, ასეც არის.

როგორი ბიჭია?

ჭკვიანი, საყვარელი და ნიჭიერია. მე ძალიან მომწონს. პატარა ცელქობებიც იცის, მაგრამ ეს რომ არ იცოდეს, გაგიკვირდება ბავშვისგან. მორაგბე გახლავთ, უკრავს ვიოლინოზე, პატარ-პატარა კონცერტებზე გამოვიდა. ასეთი ბიჭი მყავს მე. ძალიან მიყვარს და თავადაც ძალიან ვუყვარვარ.

ვის ჰგავს?

ზოგი ამბობს, რომ მამიკოს ჰგავს, ზოგიც – დედიკოსო. ხასიათიც ორივესი აქვს. ვფიქრობ, მე ბიჭური ხასიათი მაქვს. ქალური ჭყიპინა, წივილ-კივილა ქალი არ ვარ. ბევრ რამეს კაცის თვალით ვუყურებ და მათი გაგებით ვუდგები, ასე უფრო მომწონს. ვაჟკაცური მიდგომები მიყვარს, არ მომწონს ფრაზა – ქალია და ეპატიება. არ მიწუწუნია, მომენტებში არ მიტირია, არ დამიყვირია, წიკვინი არ ამიტეხავს, თუკი რაიმეს თქმა მინდა, დაბალ ტონალობაში ვიტყვი.

მეუღლეს მოსწონს ეს ხასიათი?

ვფიქრობ, ასეთი ხასიათი ყველას მოსწონს.

თქვენს ოჯახში როგორაა გადანაწილებული ფუნქციები?

ჩვეულებრივად, როგორც ყველა ოჯახში. უბრალოდ, არ მაქვს ქალური პრეტენზიები. მაგალითად, არ მივალ და მეუღლეს ფულს არ ვთხოვ, თუკი თავად არ მომცემს. პატარა პრობლემებზე არ ვაწუხებ.

თავისუფალი დრო ს როგორ ატარებ?

ფილმების ყურებაში, მიყვარს კინოში სიარული. ასევე გატაცებული ვარ ფსიქოლოგიით, ფილოსოფიითა და ეზოთერიკით, ეს არის სულის მეცნიერება, კავშირი კოსმიურ კანონებთან. ასე რომ, შემთხვევითობების არ მჯერა, ყველაფერი გათვლილია კოსმიური კანონებით. თავადაც ვწერ პატარა ფსიქოლოგიურ ნაშრომს.

ქალური ინტუიცია თუ გაგმართლებია?

ვფიქრობ, არსებობს ადამიანური ინტუიცია და ყოველთვის მართლდება, უბრალოდ, თავს არ ვუჯერებ. ალბათ, უნდა დაუშვა შეცდომები, რომ ბოლოს დაუჯერო საკუთარ თავს, გახდე უფრო ჭკვიანი…

ახლა უფრო ჭკვიანი ხარ?

არ ვიცი… ბავშვობაში უფრო ჭკვიანი ვიყავი, მერე გავსულელდი ცოტა და ახლა აღდგენითი სამუშაოები მაქვს (იცინის).

გადაღების ადგილი: კაფე „ორანჟერეა“

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები