LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატი წითელაძე: „ბედნიერი ვარ, რომ ყველას არ მოვწონვარ…“

184

რატომ არ უყურებს „პარადოქსს“ მისი მთავარი გმირი

რატი წითელაძე ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ყვითელი პრესა მისი პიკანტური ფოტოებითა და ვიდეოთი დაინტერესდა. შემდეგ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობაც მიიღო, სადაც საკმაოდ წარმატებით გამოდიოდა. ბოლო ორი წელი სწავლა-განათლების მიღებაში გაატარა, მათ შორის – ლოს-ანჯელესში, სადაც რეჟისურასა და სამსახიობო ოსტატობას ეუფლებოდა, პარტნიორთან ერთად ფილმის გადღებას გეგმავს, მანამდე კი „ჯი-დი-ეს“-ის სერიალში „პარადოქსი“ მთავარ როლს ასრულებს.

რატი, ჩვენი პირველი ინტერვიუდან, რომელიც თამამ ფოტოებზე ჩავწერეთ, დიდი დრო გავიდა. მაშინ სულ სხვა თემები იყონ შენ გარშემო, ახლა – სხვა. როგორ აფასებ განვლილ პერიოდს?

ჩემთვის ყველაფერი სპორტით დაიწყო. არ მინდოდა, სპორტსმენი ვყოფილიყავი, ბავშვობიდან, მშობლებმა დამაძალეს, მაგრამ რასაც ვიწყებ, ყოველთვის ბოლომდე მიმყავს. კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონი გავხდი და მაშინ გავაცნობიერე, რომ ეს არ იყო ის, რაც მინდოდა. იმის მიუხედავად, რომ სპორტი ჩემი გზა არ იყო, მან მომცა ის მიზანდასახულობა და შრომისუნარიანობა, რაც წარმატების მიღწევაში ყოველთვის მეხმარება.

დავიწყე ძებნა იმის, რაც ნამდვილად მენდომებოდა. სრულფასოვნად ცხოვრება მსურდა. ვაკეთებდი ბევრ რამეს, მაგრამ არასდროს ვიყავი კმაყოფილი ამით. ფოტოებს ვიღებდი თუ სხვა რამეს, ეს დიდად არ მომწონდა. რაღაც პერიოდი, როცა გავხდი ცნობილი, მაშინაც ძიებაში ვიყავი. „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ყოფნისას მივხვდი, რაც მინდოდა. მსურდა, გავმხდარიყავი რეჟისორი, მსახიობი. როგორც რეჟისორი და მსახიობი, ქმნი სხვადასხვა ცხოვრებას და ეს ნამდვილად ძალიან მაინტერესებს. ახლა ვდგამ ამ სფეროში პირველ ნაბიჯებს, თუმცა კმაყოფილების გრძნობა მაინც არ მაქვს და არც არასდროს მქონია…

„პარადოქსის“ მთავარი როლი როგორ შემოგთავაზეს?

ბოლო ორი წელი, არავისთან ურთიერთობა არ მქონია, მხოლოდ ვსწავლობდი და ჩემს მომავალ პროფესიაზე ვფიქრობდი. მერე გავემგზავრე ლოს-ანჯელესში და დავიწყე მუშაობა ჩემს პარტნიორთან ერთად პროექტზე, რომელსაც აქვს სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებები. ამის გამო ჩამოვედი საქართველოში და შევხვდი ერთ-ერთი სტუდიის მფლობელს, ლევან ბახიას. მან გამოთქვა სურვილი, რომ პროექტს დახმარებოდა. ამავე დროს მიმდინარეობდა მუშაობა „პარადოქსზე“. ასეთ ფილმებს საერთოდ არ ვუყურებ და არ შედიოდა ჩემი ინტერესის სფეროში, არ მიყვარს საშინელებათა ფილმები. მაგრამ შემდეგ ზურა მენთეშაშვილმა, ჩემმა მეგობარმა და „პარადოქსის“ რეჟისორმა შემომთავაზა კვლავ სერიალში მონაწილეობა. გამომიგზავნეს სცენარი, წავიკითხე და დავთანხმდი, რადგან სცენარიც მომეწონა და ჩემი პერსონაჟი, ირაკლი. ეს იყო ის, რისი გაკეთების საშუალებაც მომეცემოდა, როგორც მსახიობმა, პერსონაჟი ვითარდება და ძალიან დამაინტერესა. ეს იყო მიზეზი, რატომაც დავთანხმდი „პარადოქსში“ მონაწილეობას.

გადაღებების პროცესი როგორი იყო და მოლოდინი თუ გაგიმართლა, რაც სერიალთან დაკავშირებით გაგიჩნდა სცენარის წაკითხვისას?

გადაღებები ჩემთვის ძალიან ახალი იყო. ამერიკაში სწავლისას რასაც ეცნობი, აქ ცოტა სხვანაირად ხდება, განსხვავებები არის. სიმართლე გითხრა, სერიალი არ მინახავს ჯერ. ვერაფერს ვიტყვი, მე ვცდილობ…

გამოხმაურებებით მაინც არ დაინტერესდი?

ამ ეტაპზე არაფრით დავინტერესებულვარ. ჯერ გადაღებების პროცესიც არ დასრულებულა, ვართ შუაში, ამიტომაც სანამ მთლიანად არ გამოვა, არ ვნახავ. ფილმი რომ გადაიღო და შუა ფილმისას ვინმემ გკითხოს, კარგია თუ არა, ხომ ვერ ვუპასუხებ. სერიალის შეფასებაც ძალიან რთული იქნება.

როგორც ვხვდები, ბევრს მუშაობ საკუთარ თავზე, პირადისთვის თუ გრჩება დრო?

მაქვს პირადი ცხოვრება, მაგრამ დღეს მირჩევნია, პროფესიაზე გესაუბროთ. სხვა დროს პირადზეც სიამოვნებით დაგელაპარაკები (იღიმის).

ორ თვეზე მეტია, „პარადოქსის“ გადაღებების გამო მღვდლის ფორმით დავდივარ და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, პროფესიული განვითარებისთვის. საქართველოში ვაპირებ ფილმის გადაღებას და შიგნიდან ვეცნობი ყველაფერს, ქართულ სისტემას, არის პლუსებიც და მინუსებიც, რომლებიც უნდა ვიცოდე, როგორც რეჟისორმა. ჩემი ფილმი 90-იანი წლების იმ პრობლემების შესახებ იქნება, რასაც  საქართველოში კი არა, კავკასიაშიც არ შეხებიან. მე, როგორც რეჟისორი, ისე ჩამოვედი, მაგრამ მსახიობობა დავიწყე, თუმცა ეს ორი პროფესია ერთმანეთთან არის დაკავშირებული (იღიმის).

გამოხმაურებებზე მკითხე და კრიტიკა ჩემთვის უცხო არასდროს ყოფილა… ისე მოხდა, რომ ჩემს ცხოვრებაში ეს მუდმივად არის (იღიმის). ეს კარგია. როცა არაფერს აკეთებ, ალბათ, არც არავინ არაფერს ამბობს. კრიტიკა ძალიან მეხმარება ყოველთვის წინასვლასა და განვითარებაში. ბედნიერი ვარ, რომ არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ყველას მოსწონს. მახარებს, რომ არის ხალხი, რომელიც კრიტიკულად მიყურებს. უფრო მეტის გასაკეთებლად დიდი სტიმულია. ადამიანები ვართ და სრულყოფილები ვერ ვიქნებით. ყოველთვის ფორმაში ხარ და არ მოდუნდები, თუკი გაკრიტიკებენ. მეორე მნიშვნელოვანი თემა ისაა, რომ ამის მიუხედავად, სპორტიდან დაწყებული, მუდამ ვაღწევდი სასურველს… (იღიმის).

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები