LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რჩევები ცნობილი პედიატრისგან – როგორ დავიცვათ ბავშვი საშემოდგომო ვირუსებისგან

271

ცნობილ პედიატრ ეკა უბერს მივმართეთ რჩევებისთვის, როგორ უნდა დავიცვათ შვილები სხვადახვა ტიპის ვირუსისგან და რა გავაკეთოთ მათი იმუნიტეტის ასამაღლებლად.

ენტეროვირუსმა ზაფხულიდან მოყოლებული საშემოდგომო სეზონზეც გადმოინაცვლა და განსაკუთრებით პატარებს ვნებს.

ტერმინი ენტეროვირუსი სამედიცინო საზოგადოებაში ასოცირდება აბსოლუტურად სხვა ინფექციასთან და არასდროს დიარეასთან. სინამდვილეში ის გაცილებით უფრო მძიმე ინფექციაა და ენტეროვირუსებით გამოწვეული უმთავრესი მახასიათებელი უკავშირდება ნერვული სისტემის დაზიანებით მიმდინარე ინფექციურ დაავადებებს. თუკი ვსაუბრობთ ნაწლავთა გახშირებული მოქმედებითა და ღებინებით მიმდინარე დაავადებებზე, ეს არის პირველ რიგში, როტავირუსი, ადენოვირუსი და სხვა, რომლებიც მსგავსი სიმპტომებით მიმდინარეობს. სხვათა შორის, ჩვენს ქვეყანაში ბოლო ორი წელია, ტარდება როტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. არსებობს დიარეის სხვა მიზეზებიც, მაგალითად ის, რომელსაც ექიმები „ჭუჭყიანი ხელების“ დაავადებას ვუწოდებთ.

ამ ვირუსების ყველაზე დიდი საშიშროებაა ორგანიზმის გაუწყლოვნება. ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, როგორ დაიცვას შვილი ვირუსის სიმპტომის პირველივე გამოვლენისას. თუ ღებინება შეუპოვარია, მხოლოდ ამ შემთხვევაში მივმართავთ გადასხმას, რეალურად კი, სითხით დატვირთვა და მისი ჩვეულებრივად მიღება გაცილებით ეფექტურია მკურნალობისას. ელექტროლიტური ხსნარები, მარილების კომბინაციით, რომლებიც წყლის ორგანიზმში შეკავებას უწყობს ხელს, ამ მხრივ, ყველაზე ეფექტურია. სხვა მედიკამენტების გამოყენება უკვე მეორეხარისხოვანია. თუკი სითხეს მივაღებინებთ ბავშვს, შესაძლოა, ადრეულ ეტაპზეც გაქრეს სიმპტომები. რაც დიდხანს ელოდებით სიმპტომების განვითარებას, მით უფრო რთულია გაუწყლოვნების რეგულირება. შესაბამისად, გადასხმა არ არის პანაცეა. გადასხმა, პირველ რიგში, მოწოდებულია მხოლოდ იმ ბავშვებისთვის, რომლებიც საერთოდ ვერ იღებენ ამნ მცირე რაოდენობით იღებენ სითხეს. ესეც პირობითია. როგორც წესი, მშობლებს ეზარებათ სითხის მიწოდება, რაც ცოტა მეტ ძალისხმევას მოითხოვს. მშობლებმა უნდა იცოდნენ ისიც, რომ ერთი გადასხმა ხშირად არ არის საკმარისი, რაც სირთულეებს ქმნის.

 

ყველაზე ხშირად მსგავსი ტიპის ვირუსები ზღვაზე ვრცელდება.

სამ წლამდე ბავშვების წაყვანა ზღვაზე არ არის რეკომენდებული. სამწუხაროდ, შავი ზღვა საკმაოდ დაბინძურებულია. არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები, შესაბამისად, ბავშვებს უწევთ ამ ინფექციებთან კონტაქტი და ადვილად ინფიცირდებიან. ეს ვირუსები მარტივად გადაიცემა და ამის შედეგიც ვნახეთ.

12116212_10206635350655537_1392449235_o-e1444038937848შემოდგომაზე გრიპების გავრცელებასაც ვერ ავცდით.

რაც უნდა გასაკვირი იყოს თქვენთვის, სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის ხშირი ავადობა ნორმაა. ბავშვმა წელიწადში ოთხ-ექვსჯერ უნდა იავადოს, რომ იმუნიტეტი ჩამოუყალიბდეს. თუმცა ავადობები არ უნდა გართულდეს ბაქტერიული ინფექციით და არ უნდა გახანგრძლივდეს. სიტუაციას ამძიმებს, თუ ბავშვი პირველად მივიდა ბაღში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას. დახურულ სივრცეში ინფექციის გადაცემის რისკი გაცილებით მაღალია. თუ ოჯახში მაღალი სიმჭიდროვეა, ესეც საკმარისია, რომ ერთმა ადამიანმა ოჯახის ყველა წევრი დააინფიციროს.

საერთოდ, ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის, სწორი კვების დაცვა. რატომღაც ჩვენთან მშობლებს ძალიან ეჩქარებათ, პატარებს ტკბილეულობა, ცომეული დააგემოვნებინონ. შემდგომში ჩივილებით მოდიან, უჭმელი შვილი მყავსო, არადა, შესაძლოა, პატარას ჭარბი წონაც კი ჰქონდეს. უჭმელი კი არ არის, უბრალოდ, ბევრ ტკბილეულსა და ცომეულს ჭამს, რაც არასწორი კვებაა. ამას ექიმები შერჩევით უმადობას ვეძახით, ანუ ჭამს იმას, რაც არ უნდა მიიღოს და არ იღებს სასურველ რაციონს, რძის ნაწარმს, ბოსტნეულს, ხილსა და ხორცს. რეჟიმის დარღვევა ინფექციებისკენ მიდრეკილებას ზრდის.

მნიშვნელოვანია ვაქცინაციების დროულად ჩატარება. ევროპაში ეს სია კიდევ უფრო გაზრდილია. ჩვენთან კი არ ვართ დაცულები, მაგალითად, ჩუტყვავილისგან, მენინგოკოკური ინფექციებისა და ა ჰეპატიტისგან. ბავშვს, რომელიც აცრილია ინფექციებზე, ხელოვნური იმუნიტეტი უყალიბდება და მისი ავადობა ნაკლებ საშიშია. მშობლები ხშირად გვეკითხებიან, უნდა აიცრას თუ არა ბავშვი და უამრავ დაუდასტურებელ ინფორმაციას ეყრდნობიან ამ მხრივ. მსოფლიო სტატისტიკით, გართულების ალბათობა არსებობს, მაგრამ დაავადების შეხვედრის რისკი გაცილებით მაღალია. პრევენციული ზომების მიღებისას, თუკი ბავშვი წინასწარ იქნება მომზადებული აცრისთვის, თითქმის გამორიცხულია გართულება.

გრიპის შეხვედრისას როგორ მოიქცეს მშობელი?

გრიპის სიმპტომები ვლინდება ცხვირიდან გამონადენით, ცემინებით, ხველით, ყელის ტკივილით, ტემპერატურითა და ყურების ტკივილით. ეს ყველაფერი მოითხოვს სიმპტომატურ მკურნალობას, ვინაიდან ვირუსის საწინააღმდეგო მკურნალობა, პრაქტიკულად არ არსებობს. თუმცა, რასაკვირველია, ბავშვი უნდა იყოს მუდმივად დაკვირვების ქვეშ, რომ მდგომარეობა არ გართულდეს. მყარი დაცვა ინფექციებისგან  გრიპის სეზონური ვაქცინაციაა.

იმუნიტეტის ასამაღლებლად ხალხურ რეცეპტებს რამდენად იზიარებთ, მაგალითად, თაფლისა და ნიგვზის ნაზავს?

მედიცინა ამას არ იზიარებს, რადგან საფუძვლად არ უდევს სამედიცინო მტკიცებულება და სტატისტიკა. ხალხური მედიცინა ცუდი არ არის, თუკი ნატურალურ პროდუქტებზეა დაფუძნებული. იმუნიტეტის გამაძლიერებელ ასეთ ნაზავებს ისეთი ეფექტი ვერ ექნება, როგორიც ვაქცინაციას. გრიპის ვირუსი სწრაფად განიცდის მუტაციას. ისიც ახალია, რაც ახლა ტრიალებს. არის უკვე ცნობილი ვირუსებიც.

ქალბატონო ეკა, ამბობენ, რომ ქართველი პატარების ჯანმრთელობაზე ძალიან მოქმედებს ორი მიზეზი – ჰაერის დაბინძურების მაღალი დონე და არაჯანსაღი საკვები…

რა თქმა უნდა, ეკოლოგია ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია. ადამიანისთვის, განსაკუთრებით მომავალი დედისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელი კვება და გარემო. ბავშვებისთვის ეს სრულდება მანკებით ან შემდგომში მეტაბოლური თუ ენდოკრინული დაავადებების განვითარების რისკით. მომატებულია ასევე რადიაცია. გამონაბოლქვი დასაშვებ ნორმას, სამწუხაროდ, მკვეთრად აღემატება. მეორე მხრივ, ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვენ ადაპტირებული ვართ ამ სიტუაციასთან და ჩვენთვის ნაკლებად სარისკო შეიძლება აღმოჩნდეს.

თუ არის სტატისტიკა, რა დაავადებები ჭარბობს ბოლო დროს ქართველ ბავშვებს შორის?

ბოლო მონაცემებით,  ბოლო წლებში, დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა გაიზარდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ექიმთან მომართვიანობის დეფიციტია, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური დონის გათვალისწინებით. გართულებები ამას მოჰყვება ხოლმე. მოიმატა აუტიზმმა. გახშირდა ეს დიაგნოზი, თუმცა მისი მიზეზები ჯერჯერობით დაუდგენელია. მოიმატა ბავშვთა ქცევის ნორმების დარღვევებმა. ეს ყველაფერი ჩვენი არასწორი რეჟიმის ბრალია. იმის, რომ მშობელი ვეღარ აქცევს ყურადღებას შვილს და ამ კუთხით აუცილებლად უნდა აღინიშნოს ტაბებისა და კომპიუტერის ძალიან ცუდი გავლენა პატარებზე…

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები