LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სელფი მაესტროს“ მხიარული წამყვანები – „ეშმაკის ბორბლიდან ტელეფონი გადმომივარდა…“

839

„სელფი მაესტრო“ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში არცთუ დიდი ხანია გადის. სახალისო გადაცემა მოგზაურობის შესახებ უამრავ საინტერესო ადგილს მოგატარებთ, საინტერესო წამყვანებთან, სანდრო გაბისონიასა და თამთა იანტბელიძესთან ერთად. ისინი გადაცემის პროდიუსერ, თიკა ანდღულაძესთან ერთად „ფორტუნაში“ გვესტუმრნენ.

თიკა ანდღულაძე, გადაცემის პროდიუსერი და წამყვანი:

გადაცემის იდეა გაჩნდა ზაფხულში, როცა „მაესტრო“ იწყებდა განახლებულ ეთერს და გამოცხადდა კონკურსი. მოგზაურობაზე გადაცემები, რაც ახალგაზრდებს აინტერესებთ, ნაკლებად არის, თუმცა გვინდოდა, განსხვავებულად გაგვეკეთებინა. არ არსებობდა სოციალურ მედიაზე ორიენტირებული ასეთი ტიპის გადაცემა. დღეს ყველა მოგზაურს თან დააქვს ტელეფონი და სანამ ადგილს დაათვალიერებენ, ჯერ კამერაში იყურებიან და ფოტოზე ფიქრობენ. გადაცემით ვაჩვენებთ, როგორ შეიძლება სელფი იქცეს პროფესიონალურ კამერად. როცა მაყურებელს სელფი-კამერაში უყვები  ამბავს, ეს უშუალობას ქმნის. გზად ვინც გვხვდება, ყველას „ვიმჩნევთ“ და კადრში შემოგვყავს. თუკი ვინმეს სადმე წასვლა სურს, უფრო კარგად ხედავს, რა ადგილის დათვალიერება შეუძლია იქ. გარდა ამისა, ვაძლევთ რჩევებს, როგორ შეუძლიათ გაერთონ ამა თუ იმ ადგილას და რაც მთავარია, რა ფასად.

გადაცემას, რასაკვირველია, სჭირდებოდა წამყვანები. სანდრო გაბისონია პირველი იყო, ვინც გამახსენდა, რადგან ძალიან უყვარს ლაშქრობები. მას სჭირდებოდა პარტნიორი. ჩავატარეთ კასტინგი, მიიღო მონაწილეობა დაახლოებით ათმა გოგონამ, მათ შორის თამთა იანტბელიძეზე უფრო პოპულარულებმაც, მაგრამ მისი აყვანა გადავწყვიტეთ. მთავარი კრიტერიუმი თამთას უშუალობა იყო. მგონია, რომ თავისი მუშაობით მალე მათ დაეწევა და გაასწრებს კიდევაც (იღიმის).

dsc_0888სანდრო, რა აღმოაჩინე საკუთარ თავში ახალი ამ მოგზაურობებისას?

ყველაზე მეტად ამ ფორმატში მომწონს ბუნებრიობა, თითქმის არ გიწევს დადგმულ რაღაცებში მონაწილეობა. მე პროფესიით არც ჟურნალისტი ვარ და არც მსახიობი, ამიტომ ჩემთვის ძნელია რაღაცების თამაში, არ გამომდის. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაცემის კონცეფციაში დევს ბუნებრიობა.

სიახლე ისაა, რომ თავად ვუღებ საკუთარ თავს. პირველ საპილოტე ჩაწერაზე მასალა მთლიანად გადასაყრელი იყო. ბათუმში, ეშმაკის ბორბლიდან გადმომივარდა ტელეფონი. სხვათა შორის გადარჩა ტელეფონიც და მასალაც (იღიმის). სელფის ჯოხის ხმარება… რომ ვხედავდე, რა მაქვს კადრში – ამ უნარების შეძენა მომიხდა. გაცილებით ყურადღებიანი გავხდი იმის მიმართ, სადაც ვმოგზაურობ, რა შეიძლება, იქ საინტერესო იყოს.

თამთა, გამოცდილი ჟურნალისტების კამპანიაში როგორ ჩაეწერე?

ადამიანურად და მეგობრულად, ძალიან ადვილად, რაც შეეხება ღელვას, ყოველი ჩაწერის წინ ვნერვიულობ. კი არის ბუნებრივი გადაცემა, არ ვდგამთ არაფერს, ვმოგზაურობთ, რაც გზაზე შეგვხვდება, ვიღებთ, მაგრამ ღელვამ მაინც არ გადამიარა და ალბათ, არც გამივლის. ჩემთვის ეს პასუხისმგებლობაა.

dsc_0898გადაღებებზე დიდი მხიარულებაა, მაგრამ პირველ გადაცემაში შემაშინეს. ძალიან მეშინია მოჩვენებების და მეგობრებმა მომიწყვეს, თითქოს „თებჟორიკები“ (თუში მოჩვენებები) იყვნენ.

ძნელია, როცა ახალი სახე ხარ?

არა!.. არ შემხვედრია გამოხმაურებები, რასაც შესაძლოა, დავეთრგუნე და ცუდ ხასიათზე დავეყენებინე. რატომღაც სულ კარგი გამოხმაურებები მხვდება და ძალიან მიხარია.

საქართველოში ასეთი ტენდენციაა, რომ ქვეყნის შიგნით ნაკლებად ვმოგზაურობთ…

თიკა:

სწორედ ამიტომ, გადაცემის უფრო მეტი ნაწილი ეძღვნება საქართველოს კუთხე-კუნჭულებს. აგერ მეგრელი კაცი, სანდრო გაბისონია პირველად წავიდა მარტვილში. ხშირად შვებულებების დაგეგმვისას ევროპაში მოგზაურობას ვგეგმავთ და არ ვიცით, რამდენი საინტერესო ადგილია სანახავი საქართველოში. სანდრომ მარტვილში მოგზაურობისას ახალი აუთვისებელი კანიონებიც აღმოაჩინა, სადაც ინფრასტრუქტურა ჯერ არ არის…

უცხოელებს რომ ვხვდებით, აუცილებლად ვეკითხებით, საიდან მოაგნეს საქართველოს. ვიგებთ, რომ ძირითადად, სოცქსელით ან მეგობრებისგან შეიტყვეს. ტურიზმის სააგენტოს ჩვენი გადაცემის ყურებისას შეუძლია გაუჩნდეს კიდევ ბევრი იდეა, როგორ შეიძლება მიაწოდონ ინფორმაცია საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის შესახებ. ჩვენს წამყვანებს ხშირად მიაქვთ ქართული პროდუქტი უცხოეთში გადაცემის გადაღებისას. მაგალითად, თამთამ ფრანგულ რთველში ჩურჩხელები წაიღო და ქართულ ღვინოზე იმდენი ილაპარაკა, მგონი, დაავიწყდა, სად იყო (იცინის).

dsc_0952საფრთხის შემცველი ადგილები არის საქართველოში?

სანდრო:

ერთ-ერთი იყო ბალდის კანიონი, სადაც ძალიან ახლოს მივედი ჩასავარდნი ადგილის კიდესთან. ექსტრიმის მხრივ ეს იყო ყველაზე გამორჩეული ადგილი. გზადაგზა გვხვდება სხვადასხვა ლაშქრობასა და ტურში, გამოქვაბული, მღვიმე, მთა ბლომად გვაქვს, ხელოვნურად არ ვდგამთ არაფერს, ვაიმე, რა საშიშია-თქო, არის ისედაც (იღიმის). თამთას თუშეთში მოგზაურობისას შემიძლია გამოვყო იქაური გზა, რომელიც მართლა ძალიან საშიშია. მაგრამ ჩვენთან მანქანის მძღოლებიც კაი ტიპები არიან, ყველაფერი ზუსტად იციან.

თიკა, ბოლოს გკითხავ, რას უმზადებთ მაყურებელს და რა კონკურსები გაქვთ?

მაყურებელს წინა თვეში შევთავაზეთ საინტერესო კონკურსი – „როგორ გავატარე ზაფხული“, პირველი ადგილის მფლობელი 500 ლარით დავაჯილდოვეთ, მეორე-მესამე ადგილოსნებს ჟიურიმ გადასცა პრიზები. ამ კონკურსმა მიახვედრა მაყურებელს, რომ ჩვენთან შეუძლია ჩაუწყობლად მიიღოს პრიზები (იღიმის). ამჟამად ორი კონკურსი გვაქვს, სელფისთვის – 100 ლარი, ანუ  როგორც ჩვენ ვეძახით, ციდან ჩამოვარდნილი საჩუქარი და ასევე ჩვენი გუნდის წევრობა, სტაჟირებაზე ჩვენს გადაცემაში მოსვლა. პირობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სოციალურ ქსელში. შემდეგ დავალებებს გავართულებთ. ჩვენი მაყურებლები „ფეისბუქზეც“ დაგვიმეგობრდნენ, მაგალითად, წინა გამარჯვებული გვეკონტაქტება და უნდა სხვა კონკურსებში მონაწილეობა. გვსურს, მაყურებელთან ინტერაქცია ტრადიციად დავამკვიდროთ (იღიმის).

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები