LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა მიუღებელია – ანა ნაცვლიშვილი

69

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა ნაცვლიშვილი, კიდევ ერთი მაღაროელის დაღუპვის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა მიუღებელია.

“ფაქტობრივად, კვირა არ გავა ისე, რომ ჩვენ არ მოვისმინოთ ახალი შემზარავი ისტორია სამუშაო ადგილზე ადამიანის დაღუპვის შესახებ. შეუძლებელია, რომ სახელმწიფო და საზოგადოება შეეგუოს ასეთ მძიმე ვითარებას სამუშაო ადგილებზე, როდესაც ეს უკვე აღარ არის მხოლოდ ადამიანის უსაფრთხოების თემა, ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის თემა,”  – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილის განცხადებით, წინა კვირას საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს “შრომის უსაფრთხოების შესახებ” და ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ პროცესის დასაწყისი უნდა იყოს.

“ვიდრე კანონი ძალაში შევა და ის შეძლებს, სამუშაო ადგილებზე ინსპექტირებით ხელი შეუწყოს უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დანერგვას, აუცილებელია, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე ჩატარდეს სწრაფი, მიუკერძოებელი და დროული გამოძიება. ჩვენ მივადევნებთ თვალს გამოძიების შედეგებს, თუმცა, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, მაინცდამაინც მაღალი მოლოდინი, სამწუხაროდ, საზოგადოებაშიც არ არსებობს,” – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, ამ შემთხვევაზე ისევე, როგორც ყველა სხვა შემთხვევაზე, აუცილებელია უკვე არსებული სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება.

“პროფკავშირებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ამ მაღაროში საერთოდ საშიშია მუშაობა და ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, დამსაქმებელი ვალდებულია, რომ მან ყველა გონივრული ზომა მიიღოს იმისთვის, რომ სხვა მუშების უსაფრთხოება და სიცოცხლე არ დადგეს რისკის ქვეშ,”  – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა, რომლის კომენტარსაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში, 45 წლის მამაკაცი ნანგრევების ქვეშ წუხელ, ღამის 3 საათზე, მოჰყვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები