LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტოკჰოლმის თავდასხმაზე პოლიციამ 2 ადამიანი დააკავა: რა მოხდა შვედეთში?

108

შვედეთში პოლიციამ, სტოკჰოლმში მომხდარი თავდასხმისთვის 2 ადამიანი დააკავა. პირველი დაკავებული ტერორისტულ დანაშაულშია ეჭვმიტანილი, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. მეორე პირი კი დამნაშავის მოკავშირეობის ბრალდებით დააკავეს.

თავდასხმაში ეჭვმიტანილები მას შემდეგ დააკვეს, რაც მედიის საშუალებით, შვედეთის პოლიციის მიერ ძებნილის ფოტოები გავრცელდა.

შვედეთის პრემიერმა სტეფან ლოფვენმა მომხდარს ტერაქტი უწოდა. სტოკჰოლმის ცენტრში გუშინ, ხალხის მასაში სატვირთო ავტომობილი შეიჭრა და ფეხით მოსიარულეებს გადაუარა. დადასტურებულია 4 ადამიანის დაღუპა (ადგილობრივი მედია 5 მსხვერპლის შესახებაც წერს) ხოლო დაშავებულთა რიცხვი უცნობია. დაშავებულთა შორის არიან მოზარდებიც. რვა ბავშვი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

ქალაქში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილებს გლოვობენ. ქვეყნის მასშტაბით დაშვებულია სახელმწიფო დროშები.

ქვეყნის საზღვრების დაცვა პრემიერის ბრძანებით გამკაცრებულია.

სატვირთო მანქანა, რომელიც ხალხს შეეჯახა, გატაცებული აღმოჩნდა. ის ერთ-ერთ ლუდის კომპანიას ეკუთვნოდა. სატვირთო შემთხვევის ადგილთან ახლოს მდებარე ლუდის რესტორნიდან გაიტაცეს, იმ დროს როცა რესტორანს ტვირთით ამარაგებდნენ.

სტოკჰოლმის ცენტრი, ინციდენტის შემდეგ მთლიანად ჩაიკეტა. პოლიციამ ცენტრალური სადგურის ევაკუაცია მოახდინა. შეჩერდა ტრანსპორტის გადაადგილებაც. მათ, ვინც სახლში მისვლა ვერ მოახერხა ამ მდგომარეობის გამო, ქალაქის ხელისუფლებამ დროებითი თავშესაფარი გამოუყო.

თვითმხილველები მედიასთან შემთხვევის მომენტს იხსენებენ. ისინი ამბობენ, რომ ადგილზე პანიკა იყო, ხალხი ქუჩაში ეყარა, სატვირთომ კი რამდენიმე ადამიანს პირდაპირ გადაუარა.

შვედეთის პრემიერმა გუშინ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ შვედეთის დემოკრატიასა და თავისუფლებას “სიძულვილი ვერ შეარყევს”.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა სატვირთო ავტომობილი დანაშაულის იარაღად გამოიყენეს.

 

ბოლო დროს, ევროპაში მომხდარი ტერორისტული აქტები, რომლის დროსაც იარაღად ავტომობილები გამოიყენეს:

 

2016 წლის 14 ივლისი: საფრანგეთი, ნიცა – სატვირთო ავტომობილი ხალხის მასაში შევარდა. დაიღუპა 86 ადამიანი, დაშავდა 300-ზე მეტი.

2016 წლის 28 ნოემბერი: ოჰაიო, აშშ – 18 წლის ახალგაზრდამ მანქანით ფეხით მოსიარულე სტუდენტებს გადაუარა (უნივერსიტეტის ტერიტორიაზე) და დანით დაჭრა რამდენიმე ადამიანი. შემთხვევის შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა. თავდამსხმელს კი ესროლეს და მოკლეს.

2016 წლის 19 დეკემბერი: ბერლინი, გერმანია – მამაკაცი, რომელმაც მოგვიანებით განაცხადა, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ჯარისკაცი იყო, ხალხით სავსე საშობაო მარკეტში სატვირთო მანქანით შევარდა. ბერლინში თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა, მძიმედ დაშავდა 49.

2017 წლის 22 მარტი: ლონდონი, გაერთიანებული სამეფო – 4 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 50 დაშავდა, როდესაც ხიდზე დიდი სიჩქარით მიმავალმა ავტომობილმა ფეხით მოსიარულეებს გადაუარა. თავდამსხმელი შემდეგ პარლამენტში შევარდა (ფეხით) და სასიკვდილოდ დაჭრა ერთი პოლიციელი. მას ესროლეს და მოკლეს.

2017 წლის 23 მარტი: ანტვერპენი, ბელგია – მამაკაცი ხალხის ბრბოში შევარდა მანქანით, თუმცა არავინ დაშავებულა. ის ჯარისკაცებმა დაიჭირეს, მანქანაში კი უამრავი იარაღი უპოვეს.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები