LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილი – ანაკლიის ნავსადგურში პირველი გემების მიღებას 2029 წლისთვის შევძლებთ 

118
ლევან დავითაშვილი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის დაწყების აღსანიშნავ ღონისძიებაში პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენი გრძელვადიანი ხედვის მნიშვნელოვანი ნაწილია – ეს არ არის მხოლოდ სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის, არამედ მთლიანად ქვეყნის სივრცითი განვითარების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი ცენტრი მთლიანად ქვეყნისთვის და განსაკუთრებით სამეგრელოს რეგიონისთვის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობას, კერძოდ ნავსადგურის აკვატორიის ზღვის ფსკერის დაღრმავებას და ,,ტალღმტეხელის“ მოწყობის სამუშაოებს ბელგიური კომპანია „Jan De Nul“ ასრულებს, რომელიც სწორედ საზღვაო-სამშენებლო სამუშაოებზეა სპეციალიზებული და არაერთი მასშტაბური პროექტი აქვს განხორციელებული მთელ მსოფლიოში. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, სექტემბერში კომპანიამ გეოლოგიური შესწავლის სამუშაოები დაიწყო, ასევე პარალელურად მიმდინარეობს დეტალური პროექტირება და მალე დაღრმავებითი სამუშაოების, მნიშვნელოვანი საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო ეტაპი დაიწყება.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზგასმით ისაუბრა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მნიშვნელობაზე ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელში (TEN-T) და საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში საქართველოს ინტეგრაციის კუთხით. მისი შეფასებით, ნავსადგური სერიოზული სტიმული იქნება ქვეყანაში წარმოების განვითარების, საგარეო ვაჭრობის გაფართოების, ზოგადად, ეკონომიკური ზრდისთვის. პირველ ფაზაში პროექტის გამტარუნარიანობა 600 000 კონტეინერი იქნება, პორტი დაახლოებით 8 მლნ ტონა ტვირთის გატარებას შეძლებს.

ლევან დავითაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა ანაკლიის პროექტის სოციალურ დატვირთვაზე ქვეყნისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის. მისი ინფორმაციით, პირველი ფაზის დროს, უშუალოდ მშენებლობის პროცესში 500-ზე მეტი ადამიანის დასაქმება იგეგმება, პორტის ოპერირების პროცესში კი 300-ზე მეტი პირდაპირი სამუშაო ადგილი შეიქმნება, რასაც ემატება ლოგისტიკის სფეროში დამატებით 1700 სამუშაო ადგილი.

კომპანიას „Jan De Nul” და საქართველოს ეკონომიკისა მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის, ღონისძიების ფარგლებში, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებს უნიკალური შესაძლებლობა მიეცემათ, პრაქტიკა გაიარონ კომპანიის საკუთრებაში არსებულ გემზე, რომელიც ანაკლიაში დაღრმავებით სამუშაოებზე იმუშავებს.

magti 5g