ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 19 ახალი შემთხვევიდან 8 ლილოს ბაზრობას უკავშირდება, 5 გაჩიანიდან არის, 2 იმპორტირებულია, ერთი ინფიცირებული სამედიცინო პერსონალია, სამ შემთხვევაში კი ინფიცირების წყაროს მოკვლევა მიმდინარეობს.
როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, კოვიდცენტრებში სულ 214 პაციენტი მკურნალობს.
„8 შემთხვევა არის ლილოს ბაზრობიდან, 5 გაჩიანიდან, 2 შემთხვევა იმპორტირებულია, ერთ-ერთი აქედან არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, 1 სამედიცინო პერსონალია და სამ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 3 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა კი საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა.
საქართველოში კორონავირუსის 19 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 პაციენტი
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1104-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 1-ით გაიზარდა და 912-ს შეადგენს.
