LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2020-ის არჩევნების შემდეგ პოლიტიკიდან წავიდნენ, მაგრამ მე-10 მოწვევის პარლამენტში მაინც იქნებიან – ქართული პოლიტიკის უცნაური რეალობა

296
777

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობამ შედეგი გამოიღო.

„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის პოლიტიკური შეთანხმება შედგა – ორბელიანების სასახლეში შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა ნაწილმა ხელი 19 აპრილს მოაწერეს.

შეთანხმების ტექსტის თანახმად, მასზე ხელმოწერა პარლამენტში შესვლაზე თანხმობასაც ნიშნავს.

 

 

დოკუმენტს ხელი შემდეგმა პოლიტიკოსებმა მოაწერეს: 

დავით ბაქრაძე, ალეკო ელისაშვილი, ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, სალომე სამადაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, ხათუნა სამნიძე და გიორგი ვაშაძე. ხელმომწერთა სიას უკვე დღეს შეუერთდნენ დავით უსუფაშვილი, პაატა მანჯგალაძე და თეონა აქუბარდია.

„ქართული ოცნებიდან“ დოკუმენტს ხელი შალვა პაპუაშვილმა და არჩილ თალაკვაძემ უკვე მოაწერეს.

დოკუმეტს ხელი ასევე მოაწერა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ. 

ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა

ვიდეო-კადრები ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა.

გრიგოლ ვაშაძე ამბობდა, რომ არ სურდა და მის გეგმებში არ შედიოდა მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლა და მუშაობა.

შევეცადეთ, გაგვერკვია, რატომ შეცვალა პოზიცია გრიგოლ ვაშაძემ და იმუშავებს თუ არა პარლამენტში, მაგრამ მასთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ, ის “ფორტუნას” ზარებს მთელი დღის განმავლობაში არ პასუხობდა.

პარტიაში კი განაცხადეს, რომ რადგან ის ოფიციალურად ითვლება დეპუტატად, მიიღო ინდივიდუალური გადაწყვეტილება და ხელი მოაწერა მიშელის დოკუმენტს.

„რა იქნება მომავალში, დარჩება თუ არა პარლამენტში, დატოვებს თუ არა დეპუტატის მანდატს, ეს უკვე მისი გადასაწყვეტია“. – განუცხადეს „ფორტუნას“  პარტიაში. 

თუმცა, რადგან მას დეპუტატის მანდატი აქვს მოპოვებული და შეთანხმების მიხედვით, დოკუმენტზე ხელმომწერი უნდა შევიდეს საკანონმდებლო ორგანოში, დიდი ალბათობით, შესაძლოა, ვაშაძეც ვიხილოთ მე-10 მოწვევის პარლამენტართა შორის.

მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს და მანდატების შესაბამისად პარლამენტში  „ლელოს“ 4 წევრი ეყოლება:

მამუკა ხაზარაძე,

ბადრი ჯაფარიძე,

ანა ნაცვლიშვილი,

დავით უსუფაშვილი.

 

„ევროპულმა საქართველომ“ 2020-ის არჩევნებში 5 მანდატი მოიპოვა. მაგრამ პარტია რამდენიმე წევრმა დატოვა და ახლა პარტიის თავმჯდომარე გიგა ბოკერიაა. მიშელის დოკუმენტს კი ხელი ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ მოაწერა. შესაბამისად, მანდატებთან დაკავშირებით ყველაზე მეტი ბუნდოვანება  სწორედ ამ პარტიაში იკვეთება.

როგორც “ევროპული საქართველოში” განმარტავენ, მათ პარტიული სია არ ჰქონდათ. პირველი ნომერი იყო დავით ბაქრაძე და დათქმის მიხედვით სხვა წევრები პარლამენტში  კონკურენციის მიხედვით შევიდოდნენ:  „არანაირი მნიშვნელობა არ აქვს დავით ბაქრაძის ხელმოწერას  პარტიის პოზიციასთან. ბაქრაძე აღარ არის პარტიის წევრი და ის, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი ისე შედის პარლამენტში”– ამბობენ პარტიაში. მათივე თქმით “ეს ხუთი დეპუტატი შესაძლოა იყოს შალვა შავგულიძე, ელენე ხოშტარია  (რომელმაც უარი თქვა მანდატზე), ტარიელ ნაკაიძე და არმაზ ახვლედიანი.”  ელენე ხოშტარიას გარდა, უკვე, ყველა მათგანმა ხელი მოაწერა დოკუმენტს და მათ ვიხილავთ პარლამენტში, ოღონც არა როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრებს არამედ, როგორც დამოუკიდებელ დეპუტატებს. იმ შემთხვევაში, თუ საბოლოოდ, ელენე ხოშტარია არ დაიკავებს დეპუტატის სავარძელს,  უცნობია, ვინ იქნება “ევროპული საქართველოდან” მისი ადგილმონაცვლე.

 

„გირჩი – მეტი თავისუფლება“ -ს დამფუძნებელმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ დოკუმენტს ხელი მოაწერა, მაგრამ … როგორც პარტიაში განგვიცხადეს, ზურა ჯაფარიძეს საკონსტიტუციო სასამართლოში  სარჩელი აქვს შეტანილი, რადგან როცა მოითხოვა მანდატის გაუქმება, არ გაუუქმეს და ფიქრობს, რომ ამით მისი უფლებები დაირღვა.

 

 

„სარჩელის განხილვა 23 აპრილს იქნება. თუ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს  და ზურა ჯაფარიძეს მანდატი გაუუქმდება, ვერ შევა პარლამენტში და თუ სასამართლომ საწინააღმდეგო განაჩენი გამოიტანა, მაშინ მას რჩება მანდატი და შევა პარლამენტში.

მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერის შემდეგ მას სარჩელის გამოტანა არ უფიქრია. რადგან მიიჩნევს, რომ როდესაც მოითხოვა მანდატის გაუქმება და არ გაუუქმეს, ამით მისი უფლებები დაირღვა და აპირებს, ამ კუთხით ბოლომდე იბრძოლოს“. – აცხადებენ პარტიაში.

 

გასულ კვირას ბოიკოტი შეწყვიტეს და საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა გადაწყვიტეს „გირჩის“ სამმა წევრმა. იაგო ხვიჩიამ, ვახტანგ მეგრელიშვილმა და ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ორშაბათს პარლამენტში მივალთ, გამარჯობას ვეტყვით ადამიანებს და გავიცნობთ, ვიწყებთ ამ გეგმის განხორციელებას: მეგრელიშვილი

 

შედარებით რთულადაა საქმე „სტრატეგია აღმაშენებელში“. მიშელის შემოთავაზებულ დოკუმენტზე გიორგი ვაშაძის ხელის მოწერის შემდეგ, პარლამეტში შედის ყველა დეპუტატი, რომელმაც არჩევნებში მიიღო მანდატი, თაკო ჩარკვიანის გარდა.

პარტიიდან პარლამენტში 3 დეპუტატი იქნება: გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე და თეონა აქუბარდია. თაკო ჩარკვიანი ბლოკის სახით იყო სტრატეგია აღმაშენებელში“ შესული არჩევნების პერიოდში, თუმცა პიროვნული გადაწყვეტილება მიიღო და მანდატზე უარს ამბობს. 

„თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ თავის მანდატს არ უტოვებს „სტრატეგია აღმაშენებელს“ და შესაბამისად მისი ადგილმონაცვლეც არავინ არსებობს.

მას შეუძლია, დოკუმენტს დამოუკიდებლად მოაწეროს ხელი და შევიდეს პარლამენტში. ამ შემთხვევაში დამოუკიდებელი დეპუტატი იქნება. მაგრამ გადაწყვიტა, რომ არსებულ შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, რადგან მიუღებელია დოკუმენტი“. – უთხრეს პარტიაში „ფორტუნას“.

 

 

საკანონმდებლო ორგანოში საზოგადოება მინიმუმ 113 დეპუტატს სამშაბათიდან იხილავს. სწორედ ამდენი დეპუტატია საჭირო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება შესაძლებელი გახდეს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს მონაცემები, შეიძლება, შეიცვალოს. პარლამენტის საბოლოო შემადგენლობა ცნობილი მომდევნო კვირის სამშაბათს გახდება, როცა მე-10 მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიცია მუშაობას დაიწყებს.

 

magti 5g