საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2023 წლის მესამე კვარტლის ანგარიშის თანახმად, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 316.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 61.5%-ითაა შემცირებული. შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს სავალო ვალდებულებების და რეინვესტიციის მოცულობის შემცირება.
2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები არიან: აშშ – 51.8 მლნ აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 16.4%-ს შეადგენს; გაერთიანებული სამეფო – 45.8 მლნ აშშ დოლარით (14.5%); ნიდერლანდები – 45.3 მლნ აშშ დოლარით (14.3%).
2023 წლის მესამე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 80.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 25.4%ია. მეორე ადგილს იკავებს ტრანსპორტის სექტორი – 61.9 მლნ აშშ დოლარით (19.6%), ხოლო მესამეზე – ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორი 41.0 მლნ აშშ დოლარით (13%).