რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ სოფო ბედია სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „ახალი წელი“ პრემიერა შედგა.
სოფო, როგორ შეაჯამებდი 2025 წელს?
საერთო ჯამში, ნორმალური წელი იყო, რადგან მქონდა არაერთი საინტერესო პროექტი, იყო ჩემი ღონისძიება – „ქართული ხმა“, ჩემი და ჩემი ძმის კონცერტები სამეგრელოში, „გვიმღერე“. პროექტების კუთხით წლის მეორე ნახევარი უფრო აქტიური მქონდა, თვითონ შემოქმედებითადაც ვაკეთებდი რაღაცებს, მაგრამ ვერიდებოდი ამ ყველაფრის გამოჩენას, რადგან ცოტა დაძაბული სიტუაციები იყო და აქედან გამომდინარე, ხალხს თავს არ ვახსენებდი.
2026 წელი ჩემთვის, როგორც ხელოვანისთვის, ახალი დაბადება იქნება, რადგან ძალიან მაგარი პროექტისთვის ვემზადები.

ახალი წლისთვის მზადება თუ დაიწყე?
საერთოდ, ძალიან მიყვარს ახალი წელი და ნოემბრის ბოლოდან უკვე ვიწყებ ხოლმე განწყობის შექმნას. უკვე დავდგი ნაძვის ხეც.

რაიმე განსაკუთრებული საახალწლო ტრადიცია ხომ არ გაქვს?
ბოლო ერთი წუთი რომ ითვლის, ვცდილობ, რომ მარტო ვიყო, ყველაფერს, რაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა, მადლობა ვუთხრა.

როგორ ხვდები ბედობას, ცდილობ, რომ ეს დღე საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარო?
17 დეკემბერი, ბარბარობა არის ჩემთვის ბედობა და სულ ვცდილობ, რომ ამ დღეს პოზიტიურ ადამიანებთან ერთად ვიყო, ვიცინოთ, ვიხარხაროთ, ერთმანეთს კარგი ვუსურვოთ და აუცილებლად დავილოცოთ.

ახლოვდება შენი დაბადების დღეც, აღნიშვნას თუ აპირებ?
დაბადების დღეს ყოველთვის აღვნიშნავ, ოღონდ წლევანდელი დაბადების დღე განსაკუთრებული მინდა, რომ იყოს, არა თბილისში. ვნახოთ, მანამდე რა იქნება და მერწყულის თავში რა ქარბორბალა დატრიალდება, არავინ იცის.
ვისაუბროთ შენს ახალ სიმღერაზე „ახალი წელი“.
სიმღერა კაკი ბოლქვაძეს ეკუთვნის, ტექსტი თაკო აბაშიძეს, არანჟირება კი – ერეკლე დიდიას. სიმღერა ცირა ბზიშვილთან ჩაიწერა.
სოფო ბედია – ახალი წელი
გადაცემის აუდიოჩანაწერი
სოფო ბედია – ახალი წელია. Live
სოფო ბედია “პრემიერა თაკოსთან”. საახალწლო სიმღერა 2025