კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა” პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საქართველოს ევროპისკენ სწრაფვაზე საუბარი სულხან-საბა ორბელიანით და მისი მოღვაწეობის გაცნობით დაიწყო.
მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ სტუმრებს, მან უთხრა, რომ სულხან-საბა ორბელიანი ევროპის კარზე ჯერ კიდევ 300 წლის წინ გამოჩნდა და დახმარება ითხოვა, ეს ისტორია კი დღემდე არ დასრულებულა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველო კვლავ იბრძვის ევროკავშირის წევრობისთვის და მას ესაჭიროება დიდი დახმარება ამ გზაზე.
„300 წლის წინ საქართველოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, სახელმწიფო მოღვაწემ, სულხან-საბა ორბელიანმა მიუკაკუნა ევროპას კარზე. მას ჰქონდა ოცნება, რომ დაეცვა საქართველოს სუვერენობა, მისი დამოუკიდებლობა, ამიტომ იგი ითხოვდა ევროპისგან ფინანსურ და პოლიტიკურ დახმარებას ქვეყნის გადარჩენისთვის. მაგრამ 300 წლის შემდეგ, ეს ამბავი ჯერ არ დასრულებულა. საქართველო კვლავ იბრძვის ევროკავშირის წევრობისთვის და მას ესაჭიროება დიდი დახმარება ამ გზაზე.
ჩვენ დღეისთვის ვზეიმობთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის მე-10 წლისთავს, რაც ნიშნავს იმას, რომ ბოლო 10 წლის მანძილზე ჩვენ გამოვიყენეთ მთელი პოტენციალი ამ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის, რათა წინ წაგვეწია ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოების, განათლების და დემოკრატიული ტრანსფორმაციის საკითხები. ფაქტობრივად, ეს პროგრამა გამოდგა ეფექტური ინსტრუმენტი საქართველოსთვის, რომ მიახლოვებოდა იგი ევროკავშირის წევრობას“, – განაცხადა თალაკვაძემ და სასამართლო, განათლების და სხვა სისტემის რეგორმების წარმატებაზე ისაუბრა.
მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპირების მიუხედავად, საქართველო აგრძელებს ევროკავშირის სანდო პარტნიორობას და წარმატებებს.
საქართველო არასდროს ყოფილა ქვეყანა, რომელიც მოიხმარდა უსაფრთხოებას, პირიქით, ყოველთვის იყო წინა ხაზზე იყო ღირებულებებისთვის ბრძოლაში.
შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია საუბარი ევროპის უსაფრთხოებაზე - მამუკა ბახტაძე
„ბოლო ათი წელი სავსე იყო გამოწვევებით, როგორც გარე, ასევე შიდა. იყო ძალები, რომლებიც ცდილობდნენ, რომ ძირი გამოეთხარათ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის,“ – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ და ხაზი გაუსვა იმას, რომ ევროპული გზა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სურვილია.
მანვე მიმართა სტუმრებს, რომ საქართველოს ევროპისგან უსაფრთხოების უფრო მაღალი დონე სჭირდება.
“ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების უფრო მაღალ დონეზე აყვანა. ევროკავშირი მიგვაჩნია, ქვეყნის მდგრადი განვითარების გარანტორად. ჩვენ გვჭირდება მყარი ეკონომიკა. ჩვენი ხალხი იბრძვის თავისუფლებისთვის, პროგრესისთვის, დემოკრატიისთვის, იმისთვის, რომ ცხოვრების ადეკვატური სტილი მიიღოს.
ჩვენი თანამშრომლობა უნდა იყოს ნათელი და გაზომვადი”, – განაცხადა თალაკვაძემ და იმედი გამოთქვა, რომ ამ თანამშრომლობით ქვეყანა წარმატებას მიაღწევს.
„საქართველოს ევროპული გზა” „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაა, რომელიც დღეს ბათუმში იმართება. ღონისძიებაზე საქართველო-ევროკავშირს შორის ახალი შეთანხმებები გაფორმდება.