LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„32 წლის წინ, 14 აგვისტოს ტყვია ისროლეს სოხუმში… ჩალაგებულ ჩემოდნებს არ ხსნიდნენ, დაბრუნებისას დრო რომ არ დაეკარგათ…აფხაზებს შეუთვალე, ჩემს ცოლს თავი გაანებონ, თავის სახლში მარხია, მე ვიკითხო, დევნილობაში რომ უნდა დავიმარხოო…“ – რეჟისორ სანდრო ელოშვილის ემოციური სტატუსი

155
სანდრო ელოშვილი

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 32 წელი გავიდა.

ომის დაწყების 32-ე წლისთავს რეჟისორი სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში ემოციური სტატუსით ეხმიანება და მკითხველს აფხაზეთიდან დევნილი ოჯახის რეალურ ისტორიას უყვება:

„32 წლის წინ, 14 აგვისტოს ტყვია ისროლეს სოხუმში…

ხმა ქონია ისეთი, დღემდე რომ გვესმის და გვტკივა!

ერთ ამბავს გეტყვით… მეტად გასაგებად მგონია, რომ ვერ ავხსნი ამ განცდას…

ჩემს ერთ უსაყვარლეს მეგობარს სოხუმიდან შემოუთვალეს დიდი პატივისცემით, თუ თქვენი ნება იქნება, ბებიას გადმოგისვენებთ თბილისშიო… ჩემმა მეგობარმა ბაბუას უთხრა, ერთ ძალიან კარგ კაცს და კარგ სოხუმელს… იცით რა უპასუხა?

აფხაზებს შეუთვალე, სოხუმში რომ ჭიშკარი გვქონდა, ეგეც მოთხარონ და გამოგვიგზავნონ, რომ მიზეზიც აღარ გვქონდეს უკან დასაბრუნებელი… ჩემს ცოლს თავი გაანებონ, თავის სახლში მარხია, მე ვიკითხო, დევნილობაში რომ უნდა დავიმარხოო…

თბილისში მარხია ის კარგი კაცი და როდესაც ჩემს მეგობარს მის საფლავზე მივყვები, მახსენდება ხოლმე ჩემი ბავშვობა და მათ ოჯახში გატარებული დრო…

ხოდა, იცით ყველაზე მეტად რა მახსოვს? ჩალაგებულ ჩემოდნებს რომ არ ხსნიდნენ… დაბრუნებისას დრო რომ არ დაეკარგათ…

ძველ აღთქმაში წერია – თუ დაგივიწყო შენ, იერუშალაიმ, დამივიწყოს მარჯვენამ ჩემმა.

ჰო! უნახავად გიტყდები სიყვარულში და ღმერთს ვთხოვ! თუ დაგივიწყო შენ, აფხაზეთო, დამივიწყოს მარჯვენამ ჩემმა“, – წერს სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში.

32 წლის წინ, 14 აგვისტოს ტყვია ისროლეს სოხუმში… ხმა ქონია ისეთი, დღემდე რომ გვესმის და გვტკივა! ერთ ამბავს გეტყვით……

Posted by სანდრო ელოშვილი on ოთხშაბათი, 14 აგვისტო, 2024

ცნობისათვის, აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს, 13 თვისა და 13 დღის შემდეგ, სოხუმის დაცემით დასრულდა.

სხვადასხვა ინფორმაციით, კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი ქართველი, უგზო-უკვლოდ დაიკარგა ასეულობით პირი, დაიჭრა და დასახიჩრდა 10 ათასამდე მოქაალქე, დევნილად იქცა 300 ათასზე მეტი ადამიანი.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის და პოლიციის შენაერთები აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სწორედ 1992 წლის 14 აგვისტოს შევიდნენ.

საქართველოს თავდაცვის ძალების კოლონას თავდაცვის მინისტრი თენგიზ კიტოვანი ხელმძღვანელობდა. ოფიციალურად მას რკინიგზის სოჭი-ზუგდიდის მონაკვეთის დაცვა ჰქონდა დავალებული.

საქართველოს სამთავრობო ჯარებს, რუსულ სამხედრო შენაერთებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის მიმდინარე ომი 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g