LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ ნამდვილი ამბავი მოვყევით სიყვარულზე, რომლის სერიოზულ დეფიციტს განიცდის თანამედროვე სამყარო” – მერაბ სეფაშვილი და ქეთი გაბისიანი „ქრიზანთემების“ პრემიერით „არტ-FM“-ში

663
მერაბ-სეფაშვილი

16 აპრილს რადიო „ფორტუნას“ გადაცემა „არტ-FM“-ს კომპოზიტორი ქეთი გაბისიანი და მომღერალი მერაბ სეფაშვილი სტუმრობდნენ ახალი სიმღერის „ქრიზანთემების“ პრემიერით.

სიმღერაზე, რომელიც მერაბ სეფაშვილმა ბექა გოჩიაშვილთან ჩაწერა დუეტში, ქეთი გაბისიანმა, ლევან დეისაძემ, ირინა სანიკიძემ და ზაზა ცერცვაძემ იმუშავეს, პროექტის კრეატიული პროდიუსერები კი, თეონა ჯორბენაძე და გია გოგორიშვილი გახდნენ.

(ქეთი გაბისიანი) სიმღერა ახალ ალბომში „დუოში“ შევიდა, რომლის გამოშვებასაც ძალიან ფაქიზად ვეკიდები, რადგან ძალიან მინდა, რომ ყველა ნომერი ისე გულწრფელი, ნამდვილი და „ნაღდი“ იყოს ისე როგორც არასდროს. ვფიქრობ, ყველაზე დიდი „ფიშკა“ ჩემი და მერაბის თანამშრომლობაა. სიმღერა ჯერ მხოლოდ სოციალურ ქსელში გამოჩნდა, თუმცა უამრავმა ადამიანმა დამირეკა და გამოხატა საკუთარი აღფრთოვანება, რაც პირველ რიგში სწორედ კომპოზიციის გულწრფელობის დამსახურებაა. ჩვენ ნამდვილი ამბავი მოვყევით სიყვარულზე, რომლის სერიოზულ დეფიციტს განიცდის თანამედროვე სამყარო.

სიმღერა წლების წინ შეიქმნა. თავიდან გიო ხუციშვილი მღეროდა მედო მირიანაშვილთან ერთად. დიდხანს ვიფიქრე, ვისთვის შეიძლებოდა მისი შეთავაზება და ბოლოს მერაბს შევთავაზე. ბავშვობიდან ვგიჟდები მის ხმაზე, მერაბი ყოველთვის ჩვენი იყო და ჩვენში იყო. მართალია, სიმღერა დიდი ხნის ჩავწერეთ, მაგრამ მხოლოდ ხუთი დღის წინ მივხვდი, რომ სინამდვილეში, ჩემს მეუღლეს – ლევან დეისაძეს მივუძღვენი. ძალიან გაუკვირდა, როცა ვუთხარი, გაეცინა და, „კარგია, რომ დროზე გამოფხიზლდიო“, – მითხრა.

(მერაბ სეფაშვილი) ლევანი ბრწყინვალე მუსიკოსი და არაჩვეულებრივი პარტნიორია, ძალიან მიყვარს მასთან ერთად მუზიცირება. რა თქმა უნდა, მადლობას გადავუხდი ზაზას, თეოს და ბექას. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს ქვეყანას ბექასნაირი მუსიკოსი ჰყავს. უნიკალური ახალგაზრდაა მუსიკის საოცარი შეგრძნებით, ვფიქრობ, ამ კლასის მუსიკოსი საქართველოს  არასდროს ჰყოლია. არაჩვეულებრივი მუსიკოსია ქეთიც, რომელიც ბავშვობიდან მახსოვს, ძალიან კარგ წრეში მოვხვდი და მიხარია, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედგა. ბრწყინვალე გადაწყვეტილებად მიმაჩნია ვიდეოს გაკეთება პირდაპირ სიმღერის ჩაწერის დროს, რადგან ასე ბევრად ნამდვილი და ბუნებრივი გამოვა.  

(ქეთი გაბისიანი) არაჩვეულებრივი პროდიუსერია გიორგი გვარჯალაძე, რომლის სტუდიაშიც ჩვენი სიმღერა ჩაიწერა. მისი პროდიუსერობით გამოვა ალბომი „დუოც“. სავარაუდოდ ექვსი დუეტი იქნება და საკმაოდ უჩვეულო კოლაბორაციები შედგება. ის მუსიკოსები მოვიწვიე, ვინც თვითონ მიყვარს – რომა რცხილაძე, ზვიად ბოლქვაძე, ნატო მეტონიძე და ნუკრი კაპანაძე, ამიტომ გადავწყვიტე ალბომს „დუო პლუსი“ დავარქვა, რადგან ნამდვილად „პლუსიანი“ ადამიანები მონაწილეობენ მის ჩაწერაში.

უზარმაზარი მონაპოვარია ჩვენი ქვეყნისთვის ბექა გოჩიაშვილი, რომელსაც მართლაც უნიკალური ტალანტი აქვს. ძალიან კარგად თქვა დათო ევგენიძემ: „ფრთები გჭირდება, რომ ბექას დაკრულს გაჰყვეო“, და აბსოლუტურად ვეთანხმები. წლის ბოლოს საავტორო საღამოს მოვაწყობ, სადაც ალბომთან ერთად სხვა სიმღერებსაც წარვადგენ, რადგან ძალიან ბევრი დამიგროვდა სათქმელი.

უამრავ პროექტზე ვიმუშავე, მაგრამ ყოველთვის მგონია, რომ საუკეთესო ჯერ არ გამიკეთებია. ძალიან მომწონს შექმნის პროცესი, იმედი მაქვს კიდევ დიდხანს გაგრძელდება და ბევრ ღირებულ კომპოზიციას შევქმნი.

სულ ცოტა ხნის წინ დავასრულეთ „ავტოგრაფის“ მორიგი სეზონი, მაისიდან მე, ნიკოლოზ წულიკიძე, გელა გნოლიძე, ანუკი ცქვიტინიძე და თეატრალურის კვარტეტი საკმაოდ ხანგრძლივ გასტროლებს მოვაწყობთ ამერიკაში, ნიუ-იორკით დავიწყებთ და ვაშინგტონში დავასრულებთ.

(მერაბ სეფაშვილი) მიხარია, რომ ჩემი სიმღერა გამარჯვების ჰიმნად იქცა. ისე ვინერვიულე, ერთიანად დავიცალე, ამიტომ თავიდან ვერც მივხვდი რომელ სიმღერაზე იყო საუბარი. მართალია, გავრცელდა ხმები, თითქოს ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი, მაგრამ სინამდვილეში, თვითონაც არაფერი ვიცოდი. ბევრმა გამოთქვა აზრი, რომ სხვა სიმღერა უნდა ემღერათ, არ ვიცი, ვფიქრობ, ყველამ ის უნდა იმღეროს, რაც თვითონ უნდა. ყველგან ეს სიმღერა ისმოდა და ძალიან ბედნიერი ვიყავი, განსაკუთრებით გამიხარდა, რომ ჩემი შვილიშვილი გახდა ამ ყველაფრის მონაწილე. ყოველთვის ვგულშემატკივრობდი ქართულ ფეხბურთს, ძალიან გაგვახარა ახალგაზრდა თაობამ და იმედი მაქვს მომავალშიც გაგვახარებს.

(ქეთი გაბისიანი) მერაბ სეფაშვილი ის მუსიკოსია, რომელიც ყველა თაობას უყვარს. ძალიან თვითმყოფადი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ხმის ტემბრი აქვს და ზემუსიკალური მომღერალია. წლები გადის, მაგრამ მისი დონის მომღერალი მაინც არ გამოჩნდა ქართულ ესტრადაზე. ძალიან რთულია პირველობის შენარჩუნება, მაგრამ მერაბს ძალიან მარტივად გამოსდის, რადგან ყოველთვის ნამდვილი და ბუნებრივია. არაჩვეულებრივად მუშაობს პუბლიკასთან და სცენაზე სხვა მუსიკოსებთან, ამიტომ ყოველთვის დიდი სიამოვნებაა მერაბის ცქერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g