LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე შიო: დღეს, ისევე, როგორც დიდი მარხვის წინა კვირებში, წმინდა ეკლესია გვახსენებს, რა დიდი სიკეთეა ადამიანში, როგორი ნათელი ძალები და შესაძლებლობებია დაფარული ადამიანის ბუნებაში

159
Untitled-design-2024-01-14T175100.329

“სულისთვის სახიფათოა, როდესაც ადამიანი თავის თავში ხედავს მხოლოდ უარყოფით მხარეს და ავიწყდება მასში არსებული მეორე, ნათელი მხარე”, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო (მუჯირმა) ქადაგებისას განაცხადა.

დიდი მარხვის განმავლობაში განსაკუთრებით ვუკვირდებით და ვუღრმავდებით ჩვენს ცოდვებს და ყოველდღე ვევედრებით უფალს წმინდა ეფრემ ასურის ლოცვაში, რომ მოგვცეს ხედვა და განცდა ამ ცოდვებისა. „მომანიჭე განცდა თვისთა ცოდვათა“, – ვამბობთ ყოველდღე და ეს აუცილებელია სულის გადარჩენისთვის, სულიერი წარმატებისთვის.

მაგრამ მითქვამს თქვენთვის ასევე, რომ ეკლესიის წმინდა მამები გვაფრთხილებენ, მეორე მხრივ, სულისთვის სახიფათოა, როდესაც ადამიანი თავის თავში ხედავს მხოლოდ უარყოფით მხარეს და ავიწყდება მასში არსებული მეორე, ნათელი მხარე და ის, რომ ადამიანის ბუნების საფუძველი, არის ხატება ღვთისა. ასეთი არასწორი სულიერი მდგომარეობა საზიანოა, რადგან იწვევს ჩვენში მოწყინებას, სასოწარკვეთილებასა და შემოქმედებითი ძალების პარალიზებას.

ამიტომ დღეს, ისევე როგორც დიდი მარხვის წინა კვირებში, წმინდა ეკლესია გვახსენებს, რა დიდი სიკეთეა ადამიანში, როგორი ნათელი ძალები და შესაძლებლობებია დაფარული ადამიანის ბუნებაში.

თქვენ გახსოვთ, რომ ღირსი მარიამ ეგვიპტელი არაწმინდა ცხოვრებას ეწეოდა, მაგრამ შემდეგ შეინანა.

რა არის სინანული, რას ნიშნავს ის? რას ნიშნავს სიტყვა ,,სინანული”? ეს არის ცვლილება აზრის, სიტყვისა და საქმის. ღირს მარიამ ეგვიპტელში ისეთი დიდი ცვლილება მოხდა, რომ იგი ბუნების სტიქიონებზეც კი მბრძანებლობდა. მისი ცხოვრებიდან ცნობილია, რომ ლოცვის დროს იგი ჰაერში იწეოდა და მდინარეზე ფეხით დადიოდა.

რა ცვლილებაა ეს, რაც მასში მოხდა? როგორი ცხოვრებიდან გადავიდა იგი ასეთ ცხოვრებაში? იგი გადავიდა არაწმინდა ცხოვრებიდან წმინდა და უმანკო ცხოვრებაში. რა არის სიწმინდე და უმანკოება? ეს არ არის მხოლოდ სიძვის ვნებისგან გათავისუფლება, როგორც ზოგს ჰგონია, რადგან შეიძლება ადამიანმა ხორციელი ვნება დაამარცხოს საკუთარ თავში, მაგრამ სიწმინდისგან ჯერ შორს იყოს. სიწმინდე ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ ხორციელი ვნების დამარცხება. მაშ, რა არის ეს? ეს არის ისეთი მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება პიროვნების სიმრთელე, ცნობიერების სიმრთელე, როდესაც ადამიანის მთელი პიროვნება, მისი სულიერი, მშვინვიერი და ხორციელი ძალები მიმართულია ღმერთისკენ და გახსნილია სულიწმიდის მიღებისთვის. როდესაც სულიწმიდის ეს მადლი და ნიჭები განასულიერებს ადამიანს, ეს არის სულიწმიდის დამკვიდრება ჩვენში. აი, რა არის ნამდვილი სიწმინდე.

ამ მდგომარეობის მოხვეჭა და მიღწევა მხოლოდ წარსულ ეპოქაში არ იყო შესაძლებელი, ეს დღესაც ხელეწიფება ადამიანს. ღვთის შეწევნით, ადამიანს დღესაც შეუძლია, ამ სიწმინდის ძალა გახსნას და განავითაროს საკუთარ თავში, მთელი თავისი პიროვნება, ვიმეორებ, სულიერიც, ფიზიკურიც, მშვინვიერი ძალები, ღმერთისკენ მიმართოს და მიიღოს სულიწმიდის ნიჭები.

ნამდვილი სინანულის შედეგი არის სწორედ ის, როდესაც ადამიანი ამ მადლის მეშვეობით საკუთარ თავში მუდმივად ცვლის უკეთესობისკენ ხან ერთს, ხან მეორეს, ხან მესამეს.

დღეს, ღირსი მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღეს, წმინდა ეკლესია გვასწავლის ადამიანში ამ სიწმინდის გამარჯვებისა და ზეიმის შესახებ. გვასწავლის იმის შესახებ, რომ ყოველ ჩვენგანს აქვს შესაძლებლობა ამას მიაღწიოს.

ღმერთმა გააძლიეროს ჩვენში სული სიწმინდისა, რომელსაც ჩვენ ასევე ყოველდღე ვითხოვთ ეფრემ ასურის ლოცვაში: „სული სიწმინდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე, მონასა შენსა“.

იმისთვის, რომ ეს სიწმინდის სული მოგვეცეს და მან შეგვიყვანოს იმ სიხარულში, იმ ნეტარებაში ამ მიწიერ ცხოვრებაშივე, რომელიც შემდგომ სრულად გაიხსნება ზეციურ ცხოვრებაში, საჭიროა კეთილი ნება, ძალისხმევა და საკუთარი თავის იძულებაც. როგორც ბრძანებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე: „სასუფეველი ცათა იიძულების“, ე.ი. ძალისხმევით მიიღწევა.

ჩვენ შეიძლება კეთილი ნება გვაქვს, მაგრამ ძალისხმევა ნამდვილად გვაკლია. ამიტომ, თუ ვეცდებით და მივმართავთ ამ ძალისხმევას, მაშინ აუცილებლად ვიგრძნობთ სიხარულის მოზღვავებას და ჩვენში დაიწყება გამოსვლა იმ ცხოვრებიდან, რომელშიც არის ამდენი ცოდვა და სიბნელე, და შესვლა საღვთო სინათლეში.

გვაღირსოს უფალმა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ გამოვცადოთ საღვთო სინათლეში შესვლისა და საღვთო ცხოვრებასთან თანაზიარების სიხარული, რომლისთვისაც ჩვენ, ყველანი, ვართ მოწოდებულნი, ამინ!-აღნიშნა მეუფე შიომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g