„უცხოელების მხრიდან თავდასხმები ქართულ პოლიციაზე, ქართულ სახელმწიფოზე არის იდეოლოგიური წაქეზება იმ ძალადობისა, რომელსაც შემდეგ ვხედავთ ხოლმე პოლიციის მიმართ“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილი ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ გუშინდელ განცხადებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ „ვნახეთ აქცია, რომელიც გადაიზარდა ძალადობაში. მათ შორის, იყო თავდასხმა ჟურნალისტებზე, პოლიციელებზე“:
„ქვას თუ რაღაც საგანს ესროდნენ პოლიციას. იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა. გაგახსენებთ, რას სკანდირებდა გარკვეული ჯგუფი და ეს წინადადება ვისი მოფიქრებულია თავის დროზე. 7 ნოემბრიდან გვახსოვს ეს ყველაფერი.
არსებობს სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც ასეთ საკითხებს იკვლევს, მაგრამ ჩვენ ვხედავდით სხვადასხვა ჯგუფს, რომლებიც აგრესიით გამოირჩეოდნენ. იყო ძალადობა პოლიციაზე, ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლა. ვნახეთ მცდელობა, მოწოდებები, მათ შორის „ენჯეოების“ წარმომადგენლების მხრიდან, რომ მომხდარიყო პარლამენტის პიკეტირება მაშინ, როდესაც პარლამენტში მიდიოდა სამუშაო პროცესი.
დავუბრუნდები ევროპარლამენტარების განცხადებას, უცხოელების მხრიდან თავდასხმები ქართულ პოლიციაზე, იგივე ქართულ სახელმწიფოზე არის იდეოლოგიური წაქეზება იმ ძალადობისა, რომელსაც შემდეგ ვხედავთ ხოლმე პოლიციის მიმართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ასევე ნახეთ,,ევროკავშირის ინსტიტუტებს მივმართავ, სანქციები შემოიღონ ზვიად ხარებაშვილისა და ვაჟა სირაძის წინააღმდეგ, ეს ადამიანები ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ მოქმედებენ" – აუსტრევიჩუსი
პარლამენტის თავმჯდომარემ შეფასება გააკეთა ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადებაზეც, რომლითაც მან ევროკავშირს მოუწოდა, სანქციები დაუწესდეს ყველას, „ვინც საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს უთხრის ძირს”.
აღნიშნულთან დაკავშირებით პაპუაშვილმა ლიეტუვის საელჩის მიმართა და თქვა, რომ ეს „ქართულ სახელმწიფოზე” თავდასხმაა:
„ევროპარლამენტის ერთ-ერთი წევრისგან, პეტრას აუსტრევიჩუსისგან ჩვენ ვნახეთ პირდაპირი თავდასხმა ქართულ პოლიციაზე. ეს ევროპარლამენტარი გახლავთ ლიეტუვის სახელისუფლებო პარლამენტის წევრი.
თავდასხმა პოლიციაზე არის თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე. მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის არის ლიეტუვის სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელი. კარგი იქნება, თუ შესაბამის განმარტებებს მოვისმენთ ლიეტუვის საელჩოსგანაც, რას ნიშნავს ეს თავდასხმა ქართულ პოლიციაზე”. – თქვა შალვა პაპუაშვილმა.