LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუგზარ კვაშალი: „51 წელია, მე და ჩემი მეუღლე ერთად ვართ… დღეს მოდაშია შვიდი ცოლი და 12 შვილი სხვადასხვა ცოლისგან, მე ასეთი რამ არ შემეძლო…“

3101
ნუგზარ-კვაშალი2

ნუგზარ კვაშალი 72 წლისაა, მაგრამ ასაკს ვერც თავად გრძნობს და გარშემო მყოფებიც აღნიშნავენ, რომ ის შესანიშნავად გამოიყურება და ვოკალურადაც არაჩვეულებრივ ფორმაშია. ლეგენდარული „ივერიის“ წევრს, რომელიც მთელი ცხოვრება გუნდური მოთამაშე იყო, ყველაზე მეტად ახარებს ასეთი კომპლიმენტები და კარიერასთან დაკავშირებით, ფიქრობს, რომ სანანებელი არაფერი აქვს. 52-წლიანი „ივერიელობა“ მისთვის დიდი პატივია და მიიჩნევს, რომ მთელი ცხოვრება ორი ოჯახი ჰქონდა… fortuna.ge-ს ნუგზარ კვაშალი ცხოვრების საინტერესო მომენტებზე ესაუბრება.

ბატონო ნუგზარ, ამას წინათ ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერაზე გნახეთ, სადაც ახალგაზრდებს ტოლს არ უდებდით და ძალიან დიდ ენერგიას ასხივებდით. საიდან მოდის ეს ენერგიულობა?

ენერგია, სხვათა შორის, მუსიკას აქვს თავად, შესაბამისად, მუსიკოსსაც მოჰყვება. თუ ეს ყველაფერი დაკავშირებულია ახალგაზრდებთან, თანამედროვე მუსიკასთან, ეს კიდევ უფრო მეტად აორმაგებს ენერგიულობას. ზოგჯერ მეშინია ხოლმე, როცა მეუბნებიან, ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურებითო. ასაკიდან 5-6 წელს მაკლებენ და მიხარია… ვახტანგ ტატიშვილი 82 წლისაა და გვერდზე რომ დავუდგები ხოლმე, მიხარია, რომ თავადაც კარგად გამოიყურება და მეც… თუ დროის ცვლაზე ვისაუბრებთ, როკ ენ როლისა და ბლუზის დაკვრა თითქმის აღარ მიწევს, რადგან ბიჭები შემომეცალნენ, ახალგაზრდებთან თუ ვიმუშავებ… ვცდილობ, რომ მუსიკის ენერგიას გავყვე და თავი ვიგრძნო ისევ ახალგაზრდად, ისევ ისე იმღერო ის სიმღერები, რომელთაც ადრე ვასრულებდი. თუ კარგად გამოგდის, ეს გამართლებულია. ზოგი მეკითხება, წონის დაკლება არ გინდაო? ვპასუხობ, წონის კი არა, წლოვანების დაკლება მინდა-მეთქი…

უკვე რამდენი წელია, რაც ანსამბლ „ივერიაში“ ხართ?

როცა ამ ანსამბლს არქმევდნენ „ივერიას“, დიდი სჯა-ბაასი იყო, მე იმ დროს ანსამბლში არ ვიყავი და არ შევსწრებივარ, მაგრამ ვიცი, რომ სახელის დარქმევა დიდ სირთულეებს უკავშირდებოდა, შენი სამშობლოს სახელს რომ ატარებ, ყველანაირი შეცდომა და დამარცხება ორმაგად დაგაწვება… ვამაყობ იმით, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში, რაც მე „ივერიაში“ ვმოღვაწეობ და უკვე 52 წელია, ეს გრძელდება, ჩვენს სამშობლოს, ჩვენს საყვარელ ქვეყანას გავუთქვით სახელი, ვასრულებდით ქართულ ხალხურ სიმღერებსა თუ საესტრადოს. არანაირი დამარცხება არ გვიწვნევია. ეს, იცით, ვისი დამსახურება იყო? უნიჭიერესი ადამიანების, რომლებიც ანსამბლში მოღვაწეობდნენ – ალექსანდრე ბასილაია, თემურ წიკლაური, ჯემალ ბაღაშვილი, ვახტანგ ტატიშვილი და მათ გვერდში დგომით ვტრაბახობ მაღალ დონეზე და ვამაყობ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში მომიწია ანსამბლში ყოფნა.

როცა 20 წლის ასაკში „ივერიაში“ მიხვედით, თუ წარმოიდგენდით, რომ ასეთი კარიერა გელოდებოდათ და ამდენი თავგადასავალი?

ვერასდროს წარმოვიდგენდი… ისეთ ანსამბლში მოვხვდი, რაც ჩემი ნატვრა და ოცნება იყო. დღესაც თავს მივიჩნევ „ივერიელად“. სანამ „ივერიის“ ბოლო ჯარისკაცი იქნება ცოცხალი, „ივერია“ მაინც ცოცხალი იქნება. მგონია, რომ წლების შემდეგ ანსამბლის სიმღერებს ისევ მოუსმენენ. ალექსანდრე ბასილაიას სიმღერები დღესაც პოპულარულია, რადგან მელოდიას ვერავინ დაჩაგრავს. შეიძლება, ავტორი არ ახსოვდეთ, მაგრამ სიმღერებს აუცილებლად იმღერებენ. რა თქმა უნდა, საწყენია, რომ დიდი ქართველი კომპოზიტორების პროპაგანდა არ მიმდინარეობს ტელევიზიებით ისე ხშირად, როგორც საჭიროა. ახალგაზრდები ასრულებენ ვთქვათ გოგი ცაბაძის სიმღერებს, უყვართ, მაგრამ ავტორი არ იციან. ეს ძალიან საწყენი ამბავია.

რაზე გწყდებათ გული, როგორც მუსიკოსს?

მუსიკოსებს და პოპულარულ ადამიანებს არ აქვთ ღირსეული დაფასება, როგორიც უნდა ჰქონდეთ. პირველ რიგში, ფინანსებს ვგულისხმობ. ეს ძალიან მაწუხებს. აშშ-ში გამოჩნდები თუ არა და გახდები თუ არა პოპულარული, ეს თავისთავად ნიშნავს ფინანსურ კეთილდღეობასაც. ხელოვანი არ უნდა ფიქრობდეს იმაზე, ხვალ საჭმელს იყიდის თუ ვერა.

გქონიათ ასეთი პერიოდები?

რამდენიც გინდათ… ძველ დროს ერთ კონცერტში 25-30 მანეთი გვერგებოდა, რაც მაშინ საკმარისი იყო. ჩვენს დროს არ იყო ერთმანეთის შური, უფრო მეტად იმით ვიყავით დაკავებული, ვინ მეტ კონცერტს ჩაატარებდა და ვინ უფრო პოპულარულ სიმღერას შეასრულებდა. ახლა გაჩნდა შური…

ვერ დამაჯერებთ, რომ მაშინ არ იყო კონკურენციის განცდა…

ნამდვილად არ ყოფილა. იყო „ივერია“, „ორერა“, „დიელო“ – მხეცები. მერე გაჩნდა „ვია 75“. ერთმანეთი გვიყვარდა და ვმეგობრობდით. ალბათ, დღეს იმიტომაც ვუყვარვართ ჩვენს მსმენელს. ხანში შესულ ადამიანებს გვყავს დიდი რაოდენობის მსმენელი. ადრე ჩვენს მოსასმენლად რეგიონებიდან ჩამოდიოდა ხალხი. ისე ვიყავით განებივრებულები, რომ ფილარმონიაში ვცხოვრობდით. ხალხი გრძნობდა, როგორი დიდი სიყვარული გვქონდა კოლეგებს ერთმანეთისადმი.

თქვენ პოპულარული ადამიანების იმ იშვიათ სიაში ხართ, ვის შესახებაც უარყოფითი კომენტარები არასდროს წამიკითხავს. თქვენი აზრით, ეს რისი დამსახურებაა?

უარყოფითი კომენტარები არც ყოფილა და დარწმუნებული ვარ, არც იქნება. ისეთი მშობლები, სამეგობრო მყავდა, არ მქონდა უფლება, ცუდი რამ ჩამედინა. ჩემ გარშემო სულ ასეთი ადამიანები იყვნენ. მთელ „ივერიას“ ხომ ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ ყველა საუკეთესო ადამიანი იყო. მანანა თოდაძე რომ მოვიდა ანსამბლში, ბიჭები ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, ვინ მიხედავდა… უნიკალური გოგო… სხბანაირად ვერ დაელაპარაკებოდი. ეს იყო დიდი სიყვარული. მახსოვს, თემურ თათარაშვილი რომ მოვიდა, ისე მღეროდა, ყველა გაოცებული ვუსმენდით… ისეთ ხალხთან ერთად ვმუშაობდი, რომ არასდროს არაფერი შემეშლება.

ბატონო ნუგზარ, ამდენი გასტროლისა და კონცერტის ფონზე, ოჯახთან, მეუღლესთან მიმართებით რაიმე სანანებელი ხომ არ დაგრჩათ?

ჩემს კარიერასა და ოჯახს ერთი გზა ჰქონდა. „ივერია“ ჩემი მეორე ოჯახი იყო. 6 თვით მივდიოდით ხოლმე ზოგჯერ ერთად გასტროლზე. ექვსი თვე მეუღლეს რომ დატოვებ, ეჭვიანი არ უნდა იყო.

თავად არ იყო ეჭვიანი თქვენი მეუღლე?

გასტროლებზე ამდენი ხნით რომ მივდიოდით, იეჭვიანებდა, რა თქმა უნდა. როცა დავურეკავდი ხოლმე, ვეუბნებოდი, იცი რა, თინიკო, ახლა მე კარგ ქალთან ერთად ვარ აბაზანაში-მეთქი, მპასუხობდა, მორჩი რა ტყუილებსო. ამ დროს სიმართლეს ვეუბნებოდი (იცინის).

ანცი ყოფილხართ ახალგაზრდობაში…

რა თქმა უნდა.

მერე გაპატიათ მეუღლემ?

რას ჰქვია?!. 51 წელია, ერთად ვართ მე და ჩემი მეუღლე. დღესაც გვიყვარს ერთმანეთი. ახლაც ვუმღერი ხოლმე ხანდახან. არ ვიცი, რამდენი დრო მაქვს დარჩენილი, არავინ იცის, 1, 2, თუ 3 წელი… 51 წელი ცოტა არ არის. შემეჯიბროს, ვისაც უნდა, ერთ ცოლთან 51 წელი ვინ გაძლებს. დღეს ხომ მოდაშია, რომ შვიდი ცოლი უნდა გყავდეს, 12 შვილი სხვადასხვა ცოლთან. ასეთი რამ მე არ შემიძლია. შესაძლოა, არასწორი ტრადიციები იყო, მაგრამ ოჯახი ჩემთვის არის სიწმინდე. ბედნიერი ვარ იმითაც, რომ „ივერიაც“ ჩემი ოჯახი იყო. კარიერა და ოჯახი ერთ ჭერქვეშ იყო…

არ ნანობთ, რომ როგორც სოლომომღერალს, შეიძლებოდა, უფრო მეტი რამ გაგეკეთებინათ?

ბუთხუზი მეუბნებოდა სულ, ზარმაცი ხარო… ანსამბლ „ივერიას“ რომ გაუხსნეს ვარსკვლავი, დაახლოებით 20 წლის წინ. მერე ანსამბლიდან ცალკე გაუხსნეს ვარსკვლავი ვიღაცებს. ანსამბლმა რომ მიიღო, მგონია, რომ ეს სრულიად საკმარისი იყო. მე პერსონალური ვარსკვლავის გახსნა არასდროს მინდოდა. როცა მე, თემურ წიკლაური და მანანა თოდაძე ერთად ვმღროდით, მსიამოვნებდა, ჩვენი ხმები ერთ ჟღერადობას როგორ ქმნიდა. ეს იყო მართლა ანსამბლი…

სავსე ცხოვრებით იცხოვრეთ. რაიმე ნატვრა დაგრჩათ აუხდენელი?

როგორ არ მაქვს… ჩემს დროს იყო ძალიან კარგი სასწავლებლები, საესტრადო, საცირკო, კონსერვატორიას არ ვგულისხმობ, სადაც ახალგაზრდები სწავლობდნენ მუსიკას. დღეს ფანტასტიკური ახალგაზრდობა მოდის, ამიტომ საჭიროა საესტრადო სასწავლებელი. მისი გაუქმება არ შეიძლებოდა. ვნატრობ, გაიხსნას, დაინიშნოს რექტორი, პრორექტორი, ერთი პროფესორი მეც ვიქნებოდი, ვახო ტატიშვილთან ერთად და ვასწავლიდი საესტრადო ვოკალის ხელოვნებას… და ბოლოს, ყველაფერი იქნებოდა ისე, როგორც ჩვენს სიმღერაშია: „მთავარია სამი რამე დედამიწაზე- სიყვარული, სიკეთე და სილამაზე…“

ფოტო: დათუნა აგასი

ინტერვიუ: ნინო მურღულია

mazda magti 5g