სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას, რომლის თანახმად, უწყება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტს იძიებს, პარტია „ხალხის ძალის“ დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი ეხმიანება.
გურამ მაჭარაშვილი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსა და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმებს იხსენებს და ამბობს, რომ „ბუნებრივად ხდება დამაჯერებელი, რაც უსაფრთხოების სამსახურმა „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადებასთან დაკავშირებით გაავრცელა“.
„არაერთხელ გვინახავს უსაფრთხოების სამსახურის პრევენციული ხასიათის განცხადება, მათ შორის, მათი ქმედებები, რომლითაც, პრაქტიკულად, ქვეყანამ თავიდან აირიდა არა ერთი რადიკალური პროცესი, რევოლუციური სცენარი და ტერორისტული აქტი. თან ეს, სხვათა შორის, პირდაპირ ეთერში ბევრჯერ დაუდასტურებიათ სემინარის ხელმძღვანელებს, რომლებიც ამ სემინარებს საქართველოში ახალგაზრდებისთვის და რევოლუციური სცენარების განვითარებისთვის ატარებდნენ.
ამიტომ, ამ შემთხვევაშიც, ბუნებრივად ხდება დამაჯერებელი, რაც უსაფრთხოების სამსახურმა „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადებასთან დაკავშირებით გაავრცელა. თუ მსოფლიოს თვალს გადავავლებთ, ბოლო ორ თვეში სლოვაკეთის პრემიერი, შტატების ყოფილი პრეზიდენტი და კანდიდატი, ბიძინა ივანიშვილი. ეს სამი პოლიტიკური ფიგურა იბრძვის მშვიდობისთვის და ტრადიციული ცხოვრებისთვის, შესაბამისად, ბუნებრივად დამაჯერებელია ის, რაც სუს-მა თქვა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისათვის, სუს-ის მიერ 24 ივლისს გავრცელებული განცხადების მიხედვით, უწყება „იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს“.
რაც შეეხება რობერტ ფიცოსა და დონალდ ტრამპის შემთხვევებს – მიმდინარე წლის მაისში, მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს სლოვაკეთის პრემიერს შეიარაღებულმა მამაკაცმა 5-ჯერ ესროლა. ასევე მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს, თავდასხმის შედეგად დაშავდა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი.