LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (11-17 ნოემბრის) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

5113
მიხეილ ცაგარელი

დედამიწის ნეგატიურ ენერგოველში გადასვლა უარყოფითად აისახება ზოდიაქოს ყველა ნიშანზე. განსაკუთრებით რთული იქნება 16 ნოემბერი – სავსემთვარეობის დღე. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. თავი შეიკავეთ დავისა და კამათისგან.

ვერძი – არ ღირს აჩქარება და იმპულსური გადაწყვეტილების მიღება. იმოქმედეთ პრინციპით, “შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი”. აკონტროლეთ საკუთარი ქცევა და გამონათქვამები, რათა საკუთარი უკმეხობით არ გაანაწყენოთ გარშემომყოფები. არაა გამორიცხული პარტნიორებმა მოულოდნელად შეცვალონ პირობები, რაც მანამდე გაფორმებული ხელშეკრულებების გადახედვას გაიძულებთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, მოერიდეთ ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას. აკონტროლეთ ფინანსები, რადგან მაღალია მოულოდნელი ხარჯის ან ფინანსური დანაკარგის ალბათობა.

კურო – გაძლიერებული ენერგოტონუსისა და ბიოპოტენციალის ფონზე მოიმატებს ორგანიზებულობა და შრომის უნარი. თუმცა, დედამიწის უარყოფით ენერგოველში გადასვლა თქვენც შეგიქმნით პრობლემებს. აკონტროლეთ ემოციები, მართალია, ბევრი რამ გაგაბრაზებთ და გაგანაწყენებთ, მაგრამ მაინც არ ღირს აგრესიის გამოვლენა და კონფლიქტის წამოწყება. უმჯობესია გამოიჩინოთ მოთმინება და თავშეკავება, საქმის გარჩევა კი, უკეთესი დროისთვის გადადოთ. მშვიდად მოისმინეთ კრიტიკა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ იზიარებთ სხვათა აზრს, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ უსიამოვნებებისგან თავის დაღწევას. გამოიჩინეთ მაქსიმალური ყურადღება, რადგან მოულოდნელი ცვლილებები გელით სახლში და სამსახურში.

ტყუპები – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არ ღირს გადაღლა, ფიზიკური და გონებრივი გადატვირთვა. თავი შეიკავეთ სარისკო მოქმედებებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან, რადგან სასურველ შედეგს მაინც ვერ მიაღწევთ. მართალია, გაგიჭირდებათ ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა, მაგრამ მაინც არ ღირს მათზე გაბრაზება, უმჯობესია დაფიქრდეთ საკუთარ ქცევასა და მოქმედებაზე. ბევრი ეცდება საკუთარი აზრის თავსმოხვევას და გაიძულებთ თქვენი ნების წინააღმდეგ მოქმედებას, არ ღირს დათმობა, თუმცა არც კონფლიქტში ჩაბმაა საჭირო. ეცადეთ გამოიყენოთ ჩვეული დიპლომატია და ზედმეტი დაპირისპირების გარეშე გაარკვიოთ ურთიერთობა. მაღალია, სამედიცინო შეცდომების ალბათობა, ამიტომ გადაამოწმეთ ნებისმიერი დიაგნოზი გართულებებისგან თავის დასაცავად.

კირჩხიბი – პოზიტიური შანსების მიუხედავად თქვენც მოგიწევთ პრობლემების დაძლევა, რადგან საერთო ნეგატიური ტენდენციები თქვენზეც უარყოფითად აისახება. ენდეთ ინტუიციას და იმოქმედეთ მხოლოდ მასზე დაყრდნობით, რათა თავი დაიზღვიოთ შეცდომებისგან. მართალია, ურთიერთობა დაგეძაბებათ გარშემომყოფებთან, მაგრამ მაინც არ ღირს კონფლიქტის წამოწყება. მოერიდეთ სარკაზმისა და უკმეხ გამონათქვამებს, რადგან ასე მხოლოდ დაამძიმებთ ისედაც დაძაბულ ურთიერთობას, სხვათა ნეგატიური რეაქცია თქვენს ქცევაზე კი, საგრძნობლად შეარყევს თქვენს ავტორიტეტსა და პოზიციებს. განსაკუთრებული ტაქტის და დიპლომატიის გამოჩენა გმართებთ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან.

ლომი – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე მაღალია ტრავმების, ინფექციური და ქრონიკული დაავადებების გამწვავების ალბათობა. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, არ ღირს ზედმეტად გადატვირთვა და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება, მით უფრო, რომ იმ რუტინული საქმის შესრულებაც გაგიჭირდებათ, რომელსაც ყოველდღე აკეთებთ. მოერიდეთ აქტიურობას და ინიციატივის გამოჩენას, რადგან მოწონების ნაცვლად მხოლოდ გარშემომყოფთა კრიტიკას დაიმსახურებთ. მეტი ყურადღება დაუთმეთ საყოფაცხოვრებო პრობლემებს, რადგან არაა გამორიცხული მოულოდნელად მოგიწიოთ სარემონტო სამუშაოების ჩატარება და გაუთვალისწინებელი ხარჯის გაწევა. თავი შეიკავეთ მემკვიდრეობითი საკითხების გადაწყვეტისგან, ნათესავებთან და ოჯახის წევრებთან კამათისგან.

ქალწული – კონფლიქტების კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე იგრძნობთ ძალის მოზღვავებას, მოიმატებს ენთუზიაზმი და შრომის უნარი, მაგრამ ძალიან გაგიჭირდებათ გარშემომყოფებთან საერთო ენის მოძიება, რისი მიზეზი პირველ რიგში თქვენივე შინაგანი დაძაბულობა გახდება. თავი შეიკავეთ სარკაზმისა და გარშემომყოფთა კრიტიკისგან, რადგან მეტად მწვავე იქნება საპასუხო რეაქციაც, მეტიც, ბევრს ნეგატიური წარმოდგენა შეექმნება თქვენზე. მოერიდეთ მგზავრობას და მოგზაურობას, რადგან მაღალია მოულოდნელი პრობლემების, ტრავმებისა და ავარიების ალბათობა. არ ღირს ზედმეტი ლაპარაკი და საიდუმლოს გათქმა, რადგან მოშურნეები და კონკურენტები მაქსიმალურად ეცდებიან ნებისმიერი სიტყვის თქვენსავე წინააღმდეგ გამოყენებას.

სასწორი – მოულოდნელი ცვლილებების კვირაა, რომელთა შედეგები ყოველთვის სასიკეთო არ იქნება. ამასთანავე, მოგიწევთ გეგმების გადახედვა და მნიშვნელოვანი საქმეების გადადება, რაც გაუთვალისწინებელი ხარჯის მიზეზი გახდება. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რათა არ დაუშვათ გაუთვალისწინებელი შეცდომები. თავი შეიკავეთ მსხვილი საყიდლებისა და კაპიტალის დაბანდებისგან.

მორიელი – მართალია, მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირის ფავორიტიც თქვენ ბრძანდებით, მაგრამ საერთო ნეგატიური ფონი თქვენც შეგიქმნით პრობლემებს. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მოიმატებს თვითრწმენა და შინაგანი შარმი. შეძლებთ გააქტიურებას, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას, ლიდერული და ორგანიზატორული ნიჭის წარმოჩენას, თუმცა ძალიან გაგიჭირდებათ მიმდინარე მოვლენების გაკონტროლება, მით უფრო, რომ საქმიანი პარტნიორები მუდმივად ეცდებიან შეთანხმებული პირობების დარღვევას და საკუთარი წესების თავსმოხვევას. უსიამოვნებების მიუხედავად მაინც არ ღირს კონფლიქტში ჩაბმა. უმჯობესია კარგად დაფიქრდეთ და მხოლოდ შემდეგ გადაწყვიტოთ გიღირთ თუ არა მათთან ურთიერთობა.

მშვილდოსანი – ერთ-ერთი უმძიმესი კვირაა მთელი წლის მანძილზე. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ვირუსული და ქრონიკული დაავადებების გამწვავების ალბათობა. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება რათა უგუნებობისა და დამძიმებული განწყობის ფონზე არ დაუშვათ ის საბედისწერო შეცდომები, რომელთა გამოსწორება შეუძლებელი იქნება. მართალია, ძალიან გაგიჭირდებათ გარშემომყოფებთან საერთო ენის მოძიება, მაგრამ მაინც არ ღირს კონფლიქტებში ჩაბმა. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება მოშურნეებისა და კონკურენტების მიმართ, რომლებიც ჭორებითა და ინტრიგებით ეცდებიან თქვენთვის პრობლემების შექმნას. მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს, არ ღირს საკუთარი გეგმების და იდეების გათქმა.

თხის რქა – მართალია, ძალიან გაგიჭირდებათ ემოციების გაკონტროლება და წონასწორობის შენარჩუნება, მაგრამ კონფლიქტში ჩაბმას ისევ დათმობა ჯობია, რადგან გარშემომყოფებთან დაპირისპირებით მხოლოდ თქვენ იზარალებთ. მოერიდეთ იმპულსურად მოქმედებას და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ შვილებთან ურთიერთობისას, თავი შეიკავეთ ხისტი გამონათქვამებისა და სიმკაცრის გამოვლენისგან, შეგიძლიათ აკონტროლოთ მათი ქცევა, თუმცა ფრთხილად და ნაკლებად შესამჩნევად. არ ღირს აზარტული თამაშებით გატაცება, რადგან მოგების ნაცვლად მხოლოდ იზარალებთ. გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რადგან მაღალია ცრუ ინფორმაციის გავრცელების ალბათობა. ნაკლებად გაამართლებს ახალი პროექტების დაწყება, უმჯობესია შემოიფარგლოთ ყოველდღიური საქმეებით.

მერწყული – კონფლიქტების და ურთიერთგამომრიცხავი მოვლენების კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, არ ღირს გადაღლა, ფიზიკურად და გონებრივად ზედმეტად დატვირთვა. სერიოზული პრობლემები გელით სამსახურში, რადგან ნაკლებად სასიამოვნო ცვლილებები სერიოზულად შეარყევს თქვენს სტაბილურობას. უსიამოვნებების მიუხედავად, მაინც არ ღირს სასოწარკვეთა, ყველაფერზე ხლის აღება და დეპრესიულ ფიქრებს აყოლა. უმჯობესია ცოტა მოითმინოთ და ეტაპობრივად სცადოთ პრობლემების მოწესრიგება. არ ღირს სხვის იმედზე ყოფნა, თუმცა არც საკუთარ თავში ჩაკეტვა მოგიტანთ სიკეთეს. მოერიდეთ კონფლიქტს და საკუთარი სიმართლის მტკიცებას, რადგან მაინც ვერ მიიღებთ თქვენთვის სასურველ შედეგს.

თევზები – მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობისა და ემოციური მდგომარეობის ფონზე, იგრძნობთ ძალის და ენთუზიაზმის მოზღვავებას, მაგრამ მაინც არ ღირს საკუთარი შესაძლებლობების გადაფასება. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე მგზავრობისა და მოგზაურობისას, რადგან მაღალია მოულოდნელი პრობლემებისა და უსიამოვნებების, ტრავმებისა და ავარიების ალბათობა. ცვლილებებია მოსალოდნელი პირად და საქმიან ურთიერთობებშიც. არაა გამორიცხული გადააფასოთ ურთიერთობა ნაცნობებთან და ზოგიერთს სამუდამოდ დაემშვიდობოთ.

გეომაგნიტური დღეები – 12, 13, 15,16 და 17 ნოემბერი.

აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები