LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუტა სხირტლაძის მხატვარი ქალიშვილის იტალიური ცხოვრება: „მამაჩემსაც და დედაჩემსაც ყოველთვის უნდოდათ, რომ ჩვენი მშობლები ყოფილიყვნენ და არა ჩვენ ვყოფილიყავით მათი შვილები. არ უნდოდათ, მათი ცნობადობის თუ წარმატების ხარჯზე ვყოფილიყავით წარმატებულები…“

384
დუტა სხირტლაძე

დუტა სხირტლაძის ქალიშვილი, ნინი მხატვარი გახლავთ. ის სასურველ პროფესიას იტალიაში ეუფლება და მიაჩნია, რომ ყველაზე სწორ გარემოში მოხვდა, თუმცა, სამშობლოსგან შორს ყოფნა, რა თქმა უნდა, მარტივი არ არის.

ნინი ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრება.

ნინი სხირტლაძე: უკვე ორი წელია, რაც იტალიაში ვცხოვრობ და ვსწავლობ. სამხატვრო აკადემიის მესამე კურსის სტუდენტი ვარ. საერთოდ, იტალიაში საოცარი გარემოა, განსაკუთრებით კი ჩემი სფეროს წარმომადგენლებისთვის. რომი ხელოვანებისთვის ზედგამოჭრილი ადგილია და მიხარია, რომ აქ ვარ.

როგორია ცხოვრება იტალიაში?

– არ დაგიმალავთ და ძალიან საინტერესოა. ცოტა რთულია სამშობლოსგან შორს, მაგრამ ბევრი პლუსია და მინუსებს გადაწონის. შევეგუე, გავეხსენი ამ ქალაქს და ქალაქიც გამეხსნა. საფრანგეთში ძალიან მიჭირდა. პარიზის მიუღებლობა მქონდა, შესაბამისად, ვერც ქალაქმა მიმიღო. პარიზი ძალიან ცივია, ამინდიან ადამიანებიანად, შესაბამისად, იქ ცხოვრება უფრო რთული იყო. რომი პარიზთან კონტრასტში ძალიან მზიანი ქალაქია. აქ ჰაერში ბედნიერებაა. ეს იმდენად გადამდებია, რომ ყოფით პრობლემებს აღარ აქცევ ყურადღებას. მგონია, რომ იტალიელები მართლა ძალიან გვგვანან გარეგნულად, ხასიათით, ტემპერამენტით, ღვინისა და საჭმლის სიყვარულით, არაპუნქტუალობაშიც კი და ეს მსგავსებებიც მიადვილებს აქ ცხოვრებას. მაგალითად, გუშინ ძალიან სასაცილო ამბავს შევესწარი: ჯართს იბარებდნენ, ზუსტად ისე, როგორც საქართველოში და უცებ თავი სახლში მეგონა (იცინის). საცხოვრებლად საფრანგეთში რომ გადავედი ძალიან პატარა ვიყავი, 18 წლის. ზუსტად არ ვიცოდი, რა მინდოდა და ესეც ართულებდა საქმეს, მაგრამ ფრანგული ენა ვიცოდი და ეს მეხმარებოდა. იტალიაში რომ ჩამოვედი, არ ვიცოდი იტალიური, მაგრამ საბედნიეროდ, ენებისადმი მიდრეკილება მაქვს და მალე ავითვისე, ასე რომ, ამის გამო ნაკლებად მქონდა დისკომფორტი.

– ალბათ, ბევრს ეგონა, რომ დუტას შვილები ეკრანზე თუ სცენაზე გაიზრდებოდნენ. როგორ გამოვიდა ისე, რომ ამით არ დაინტერესდით?

– მამაჩემსაც და დედაჩემსაც ყოველთვის უნდოდათ, რომ ჩვენი მშობლები ყოფილიყვნენ და არა ჩვენ ვყოფილიყავით მათი შვილები. არ უნდოდათ, მათი ცნობადობის თუ წარმატების ხარჯზე ვყოფილიყავით წარმატებულები, ამიტომ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენი გზა გვეპოვა და თვითონ მიგვეღწია წარმატებისთვის, მათი ჩარევის გარეშე, რომ თვითონ დაგვემსახურებინა სიყვარული, ყურადღება თუ აღიარება. ამაში მეც ვეთანხმებოდი. არც მე მინდოდა, გამოჩენა და არც ჩემს ძმას. ასე ბევრად კომფორტული და ღირებულია ჩემთვის, რადგან მგონია, რომ ინდივიდუალიზმი არ იკარგება. არ ხარ ვიღაცის შვილი, არ ხარ მშობლების ხარჯზე წარმატებული. ხარ ინდივიდი, რომელიც ყველაფერს დამოუკიდებლად აღწევს.

– თავადაც უთქვამს, ჩემს შვილებს არაფერი ექნებათ იმის გამო, რომ დუტას შვილები არიანო. მშობლების სახელით მართლა არასდროს გისარგებლიათ?

– ერთადერთხელ ვისარგებლე: 16 წლის რომ ვიყავი, მიმტანად ვეძებდი სამსახურს და მამაჩემმა იპოვა ადამიანი, რომელსაც შეეძლო, დავესაქმებინე. თუმცა, ჩვეულებრივად, პრივილეგიის გარეშე გავიარე გასაუბრება და დავიწყე მუშაობა. ზაფხულში ვიმუშავე, ჯიბის ფული ავაგროვე და წამოვედი. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა მამის სახელი გამოვიყენე (იცინის). ჩემი მშობლებით ძალიან ვამაყობ. ისინიც ძალიან წარმატებული ადამიანების შვილები და შვილიშვილები არიან, მაგრამ ორივემ თავისით გაიკვალა გზა და ამის გააზრება, სტიმულს მაძლევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g