„საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირდაპირ ეთერში არ გააშუქა სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა“, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც ადმინისტრაციის მიმართვაში წერია, საქართველოს პრეზიდენტთან მიმართებით საზოგადოებრივი მაუწყებელი კვლავ არ ახდენს საზოგადოების სრულყოფილ და ობიექტურ ინფორმირებას.
„საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელსაც ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ვალდებულება აქვს უზრუნველყოს ევროკავშირში ინტეგრაციის პოპულარიზაცია და რომელიც ამტკიცებს, რომ არის დაბალანსებული და ობიექტური მედია, პირდაპირ ეთერში არ აშუქებს საქართველოს პრეზიდენტის ევროპარლამენტისადმი მიმართვას; ეს ხდება ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისისა და უპრეცედენტო საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე, იმ დროს, როცა გადასარჩენია ქვეყნის ევროპული მომავალი“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პარალელურად, დღეს, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას საქართველოს პირველი არხი ეხმაურება:
„საქართველოს პრეზიდენტმა გამოსვლისას განაცხადა: „ახლა უკვე თქვენც ყველა ხედავთ ტყუილს, როდესაც ოფიციალურ განცხადებებში აღწერენ თქვენი ქვეყნების პოზიციებს, რომლებიც დააფიქსირეთ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე და რომელთა დაზუსტება მოგიწიათ. კარგი ამბავი ის არის, რომ თქვენი დამაზუსტებელი განცხადებები არ საჯაროვდება საზოგადოებრივი ტელევიზიით ან სამთავრობო ტელეარხებით. ასე რომ, ხალხი, რომელიც უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“ და რომლებიც უყურებენ ამ ტელევიზიებს, არ იციან, რომ მათი მთავრობა იტყუება და ტყუილის შემდეგ ესხმის თავს პარტნიორებს. საბოლოოდ, მთავარი არის ის, რომ ეს არ არის პოლიტიკისა და პოლარიზაციის საკითხი და საქმე არ ეხება მთავრობას, რომელმაც გადაამეტა უფლებამოსილებებს, რომ არ ვუწოდოთ ავტორიტარიზმი, არამედ საქმე ეხება რადიკალურ არჩევანს, რომელიც არჩევნების დროს ამომრჩევლებს წარუდგინეს. ეს არჩევნები ეხებოდა საქართველოს და მის მომავალს. მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ ქართველები არ გაჩერდებიან, ვიდრე საქართველო არ მიიღებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რადგან ეს არის ერთადერთი დემოკრატიული და პოლიტიკური გამოსავალი ამ სიტუაციიდან“.
სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება არის დეზინფორმაცია და საზოგადოებრივი მაუწყებლის დისკრედიტაციის მცდელობა. საქართველოს პირველი არხის მიერ გამოქვეყნდა სამივე ქვეყნის – რუმინეთის, იტალიის და ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების განცხადებები, რომლებიც ასევე გაშუქდა 18 დეკემბრის 10:00-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“.
დაბეჯითებით ვთხოვთ საქართველოს პრეზიდენტს, შექმნილ დაძაბულ ვითარებაში შეწყვიტოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზანმიმართული დაზიანების მცდელობა“, – წერია საქართველოს პირველი არხის განცხადებაში.