„ბათუმელების“ დამფუძნებელს – მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდეს.
პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართა, გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო, რასაც ადგილზე შეკრებილი მოქალაქეებისა და ამაღლობელის მხარდამჭერების მხრიდან შეძახილები მოჰყვა.
ისმოდა შეძახილები „რუსო, მონა“.
„ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი: „პასუხისმგებლობას არ გავურბივარ“
ბათუმის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი ერთ საათზე მეტია მიმდინარეობს.
გადაწყვეტილების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა, მზია ამაღლობელის ადვოკატმა, პაატა დიასამიძემ და თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის პატიმრობის შეფარდების საფუძველი არ არსებობდა.
მისი თქმით, ბრალდების მხარის ყველა არგუმენტზე დაცვის მხარემ კონტრარგუმენტი წარადგინა, თუმცა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა აღნიშნული უგულებელყო.
„ყველა ის არგუმენტი, რაც ბრალდების მხარეს ჰქონდა მოყვანილი, მტკიცებულებების განადგურების, მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, ყველანაირ არგუმენტზე ვუპასუხეთ ბრალდების მხარეს და არანაირი საფუძველი არ არსებობდა, რომ ბრალდებულის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო ყველაზე მკაცრი სასჯელი.
მით უმეტეს, როცა ბრალდების მხარემ ვერ დაასაბუთა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანშეუწონლობა, თუ რატომ არ შეიძლება გამოყენებულიყო გირაო. ამ არგუმენტების უგულებელყოფით სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა შეუფარდა“. – განაცხადა პაატა დიასამიძემ.
ინფორმაციისთვის, „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს.
პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნაზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-იდან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.