საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, France 24-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კონსტიტუციის თანახმად, ის ლეგიტიმურ პრეზიდენტად რჩება, სანამ არჩევნების შედეგად ახალი პრეზიდენტი არ აირჩევა.
„ჩემი მანდატი კონკრეტულ დღეს არ სრულდება. კონსტიტუციის თანახმად, ჩემი მანდატი ახალი პრეზიდენტის არჩევამდე გრძელდება. ეს კი ლეგიტიმურ პრეზიდენტს ნიშნავს. ამიტომ ველოდები,“ – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, აღიარებს თუ არა საქართველოს პარლამენტისა და მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ლეგიტიმურობას, ზურაბიშვილმა უპასუხა:
„მხოლოდ მე კი არა, არამედ მოსახლეობაც არ აღიარებს, რომელიც ქუჩებში გამოდის. ასევე, არჩევნების შედეგებს ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, უნგრეთის გარდა, არ აღიარებენ, იმიტომ, რომ არჩევნები მანიპულაციის შედეგი იყო, რომელიც თუ რუსეთის მიერ არ ყოფილა მოწყობილი, მაშინ მათი მხარდაჭერილი იყო. ამასთან, პარლამენტის არაკონსტიტუციური გზით მოწვევა მოხდა,“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მოქმედი პარლამენტის მოწვევა არაკონსტიტუციური გზით მოხდა და მიხეილ ყაველაშვილი ერთპარტიული კოლეგიის მიერაა არჩეული.
„მე ხალხმა ამირჩია, ის პარლამენტისა და „ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებადი სხვა ინსტიტუტებისგან შემდგარმა კოლეგიამ აირჩია. ასე რომ, ეს ერთი პარტიის მიერ არჩეული პრეზიდენტია. ჩემი მანდატი კონკრეტულ დღეს არ სრულდება. კონსტიტუციის თანახმად, ჩემი მანდატი ახალი პრეზიდენტის არჩევამდე გრძელდება. ეს კი ლეგიტიმურ პრეზიდენტს ნიშნავს. ამიტომ ველოდები. როგორც კი ახალი არჩევნები ჩატარდება და ახალი პრეზიდენტი აირჩევა, სიამოვნებით გავითვალისწინებ ამას“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.