გერმანიის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2025 წელს ფართომასშტაბიანი კამპანია განხორციელდება, რომელსაც მარკეტინგული კომპანია „ff.k Public Relations“ უხელმძღვანელებს.
გერმანიის სხვადასხვა ქალაქში, კამპანიის ფარგლებში, დეგუსტაცია-სემინარები გაიმართება ღვინის პროფესიონალების, ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისა და მომხმარებლებისთვის; ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო გამოფენებზე, განხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები; გარდა ამისა, მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის საქართველოში ღვინის ტურები მოეწყობა.
მიმდინარე წელს ქართული ღვინის პირველი წარდგენა, 16-18 მარტს, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, მსოფლიოს უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაზე „ProWein Dusseldorf” გაიმართება, რომელშიც ქართული ღვინის მწარმოებელი 24 კომპანია მიიღებს მონაწილეობას.