საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მეთოთხმეტედ გამოაცხადა.
პროგრამის ფარგლებში, პირველ ეტაპზე 150 სტარტაპი შეირჩევა, რომელიც გაივლის გადამზადებას ბიზნეს გეგმის, ბიუჯეტირების, პროგნოზირებისა და ბაზრის კვლევის მიმართულებით. შემდგომ საფეხურზე აღნიშნული სტარტაპები გრანტების პორტალის მეშვეობით წარმოადგენენ ბიზნეს გეგმებს, რომლებსაც საერთაშორისო ექსპერტები შეაფასებენ. ბიზნეს გეგმის შეფასებისა და გასაუბრების საფუძველზე 50 ფინალისტი გამოვლინდება.
თანადაფინანსების გრანტები განკუთვნილია იმ სტარტაპებისთვის, რომელთა პროექტის ხანგრძლივობა არ აღემატება 9 თვეს. პროექტი არ უნდა იყოს დაკავშირებული სპირტის და სპირტიანი სასმელების, თამბაქოს და სახიფათო ნივთიერებების წარმოებასთან. ღვინის ინდუსტრიასთან დაკავშირებული პროექტები დასაშვებად იქნება მიჩნეული, თუ ის არ ეხება სპირტის ან სპირტის შემცველი პროდუქტების წარმოებას.
ცნობისთვის, თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ცამეტი რაუნდის ფარგლებში, ჯამურად, 255 სტარტაპი დაფინანსდა.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.