ლოს-ანჯელესში, iHeartRadio Music Awards გაიმართა. დაჯილდოება წელს მეთორთმეტედ ჩატარდა. საღამოს წამყვანი, ამერიკელი რეპერი, LL Cool J იყო.
,,წლის შემსრულებელად” – ტეილორ სვიფტი დასახელდა. ის დაჯილდოების ყველაზე მეტ ნომინაციაში იყო წარდგენილი. საღამოს ტრიუმფატორად, საერთო ჯამში ათიდან ცხრა ნომინაციაში გამარჯვებით, სწორედ სვიფტი მოგვევლინა. შედეგად, ის დაჯილდოების ისტორიაში ყველაზე მეტჯერ ნომინირებული და ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი არტისტი გახდა. სვიფტს ბოლო ტურნესთვის სპეციალური პრემიაც გადასცეს – The Eras Tour ,,საუკუნის ტურნედ” აღიარეს. მომღერალი საღამოს არ დასწრებია, თუმცა აუდიტორიამ მისი სამადლობელი ვიდეომიმართვა იხილა.
კიდევ ერთი პრესტიჟული პრემია, ლედი გაგას მიენიჭა. მას ,,ინოვატორის ჯილდო” გადაეცა. შარშან, მისი რეციპიენტი – ბიონსე იყო.
მერაია ქერიმ Icon Award მიიღო. საკულტო მუსიკოსის შემოქმედების პატივსაცემად, Muni Long და Tori Kelly სცენაზე ჰიტების – We Belong Together და Always Be My Baby პერფორმანსით წარდგნენ. Icon Award გასულ წელს, შერის მიენიჭა.
შოუზე ბილი აილიშმა და ფინეასმაც იმღერეს. აილიშის მესამე სტუდიური ალბომი – Hit Me Hard and Soft ,,წლის ალბომად” დასახელდა.
პუბლიკა Nelly-ის პერფორმანსმაც მონუსხმა. დაჯილდოებაზე ჰიპ ჰოპ არტისტმა მრავალწლიანი კარიერის ჰიტები შეასრულა და თაობებისთვის შთაგონების მიცემისა და კულტურული გავლენისთვის, Landmark Award მიიღო.
2025-ის iHeartRadio Music Awards-ის გამარჯვებულთა შორის ასევე დასახელდნენ:
წლის სიმღერა – Beautiful Things – ბენსონ ბუნი
საუკეთესო კოლაბორაცია – Die with a Smile – ლედი გაგა და ბრუნო მარსი
წლის პოპ არტისტი – საბრინა კარპენტერი
საუკეთესო ახალი პოპ არტისტი – ტედი სუიმსი
წლის პოპ სიმღერა – Espresso – საბრინა კარპენტერი
წლის ჰიპ-ჰოპ სიმღერა – Not Like Us – კენდრიკ ლამარი
წლის ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი – GloRilla
წლის რიტმ-ენდ-ბლუზ სიმღერა – Made for Me – Muni Long
წლის რიტმ-ენდ-ბლუზ შემსრულებელი – SZA…
გამარჯვებულთა სრული სია იხილეთ აქ.
ცნობისთვის, iHeartRadio უფასო სამაუწყებლო და ინტერნეტ რადიო პლატფორმაა, რომელიც ყოველწლიურად რამდენიმე მუსიკალურ ფესტივალსა და დაჯილდოებას მართავს.