ლოს-ანჯელესში, iHeartRadio Music Awards გაიმართა. ცერემონია წელს მეცამეტედ ჩატარდა და მას ,,დოლბის თეატრმა” უმასპინძლა.
შოუს წამყვანი იყო რეპერი Ludacris, რომელმაც ასევე მიიღო საპატიო პრემია – Landmark Award, რომლის აღსანიშნად სცენაზე პერფორმანსითაც წარდგა.
კიდევ ერთი პრესტიჟული ჯილდო, მაილი საირუსს მიენიჭა. მას Innovator Award გადაეცა.
Icon Award-ის რეციპიენტი, ჯონ მელენკამპი გახდა.
ზედიზედ მეოთხედ, iHeartRadio Music Awards ნამდვილი ტრიუმფი ტეილორ სვიფტისთვის აღმოჩნდა. მან მოხსნა საკუთარი რეკორდი და გახდა ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი არტისტი ამ ცერემონიის ისტორიაში – ჯამში 41 ჯილდო.
სვიფტმა მინიჭებული ცხრიდან შვიდი, მათ შორის ზედიზედ მესამედ, ,,წლის არტისტის” ჯილდო დაიმსახურა.
ღონისძიებაზე ტეილორს ზღვის ტალღისფერი კორსეტიანი კაბი ეცვა, რაც მისი ახალი ეპოქის სიმბოლოა.

საღამოს მუსიკოსი საქმროსთან ერთად დაესწრო. ეს იყო ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის პირველი ოფიციალური გამოჩენა დაჯილდოების ცერემონიაზე წყვილის სტატუსით. მიუხედავად იმისა, რომ წითელ ხალიჩაზე ტეილორი მარტო გავიდა, დარბაზში ისინი ერთად ისხდნენ.

იმ ფონზე, როცა The Life of a Showgirl – მისი მე-12 სტუდიური ალბომი, რომელიც 2025 წლის ოქტომბერში გამოვიდა, შთაგონებულია The Eras Tour-ის ენერგიითა და პირადი ბედნიერებით, ერთ-ერთი სიტყვით გამოსვლისას ტეილორმა ტრევისს ემოციური მადლობა გადაუხადა. დისკი ,,წლის ალბომად და პოპ ალბომად” დასახელდა.
„ეს ალბომი იმიტომ არის ასეთი ბედნიერი, თავდაჯერებული და თავისუფალი, რომ მე თავად ვგრძნობ თავს ასე ყოველდღე ჩემი საქმროს წყალობით, რომელიც დღეს აქ არის“ – აღნიშნა სვიფტმა.
ცერემონიის კიდევ ერთ ტიტულოვან შემსრულებლად, ალექს უორენი მოგვევლინა. ამ უკანასკნელმა რვიდან ოთხი ჯილდო მოიპოვა.
ძირითადი კატეგორიების გამარჯვებულები:
,,წლის არტისტი” – ტეილორ სვიფტი
,,წლის სიმღერა” – Ordinary (ალექს უორენი)
,,წლის დუო/ჯგუფი” – HUNTR/X – იჯეი, ოდრი ნუნა და რეი ამი
,,საუკეთესო კოლაბორაცია” – APT. (როზე და ბრუნო მარსი)
,,წლის ალბომი” – The Life of a Showgirl (ტეილორ სვიფტი)
,,წლის Breakthrough არტისტი” – ალექს უორენი
გამარჯვებულები სხვადასხვა ჟანრობრივ კატეგორიებში, ასევე საჯარო ხმის მიცემის პრინციპით სპეციფიკურ ნომინაციებშიც გამოვლინდნენ.
შეგახსენებთ, რომ iHeartRadio Music Awards 2014 წლიდან იმართება და ავლენს წლის ყველაზე პოპულარულ არტისტებსა და სიმღერებს, რომლებიც ყველაზე ხშირად ისმოდა iHeartRadio-ს სადგურებსა და ციფრულ პლატფორმაზე.