LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: „განვლილი 3 წლის განმავლობაში ვნახეთ ინტერესი და მცდელობა, საქართველო ომის ასპარეზად ქცეულიყო დიდი ქვეყნების ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში, ყველამ კარგად უნდა გაიგოს, თუ რა ავირიდეთ თავიდან“

120
შალვა პაპუაშვილი

„გარწმუნებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქვეყნის, სამშობლოს და სახელმწიფოს თავდაცვა იყოს მთელი საზოგადოების საერთო საზრუნავი. საქართველოს დაცვა ჩვენი საერთო საქმეა“, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ვაზიანში, თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს.

როგორც შალვა პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, ქართული სახელმწიფო მტკიცედ ადგას მშვიდობის შენარჩუნების პოლიტიკას.

„დღევანდელ რთულ ვითარებაში მშვიდობა განსაკუთრებულ ძალისხმევას, სიბრძნეს და მოხერხებულობას საჭიროებს.

ჩვენ ვგრძნობთ ამ სულისკვეთებას, ამ ზურგს და ამ მზაობას. ჩვენთვის თითოეული ჯარისკაცი ძვირფასი და მოსაფრთხილებელია. განვლილი სამი წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ინტერესი და მცდელობა, საქართველო ომის ასპარეზად ქცეულიყო დიდი ქვეყნების ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში. ეს მკაფიო მაგალითი ყველამ კარგად უნდა გაისიგრძეგანოს, ზუსტად გაიგოს, თუ რა ავირიდეთ თავიდან“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

სიტყვით გამოსვლის დროს პაპუაშვილმა ასევე მიმართა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს:

„თავდაცვის ძალების დღეს ასევე პატივს მივაგებთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს. მათ თავისი გმირობით შემოავლეს ზღუდე ჩვენი ქვეყნის თავისუფლების და დამოუკიდებლობის ციხესიმაგრეს. მინდა, მივმართო მათ მშობლებს, შვილებს, მეუღლეებს, თქვენი შვილები, თქვენი მამები, თქვენი მეუღლეები ჩვენი საერთო სიამაყეა. ქედს ვიხრით მათი სიმამაცის და თავგანწირვის წინაშე.

კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს, თავდაცვის ძალების ეროვნულ დღეს და გარწმუნებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქვეყნის, სამშობლოს და სახელმწიფოს თავდაცვა იყოს მთელი საზოგადოების საერთო საზრუნავი. საქართველოს დაცვა ჩვენი საერთო საქმეა. ვამაყობთ თქვენით და მადლობას გიხდით ღირსეული სამსახურისთვის. ღმერთმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო!“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g