LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო ჭანუყვაძის ყველა სპექტაკლს მისი მეუღლე და შვილი ესწრებიან: „ჩცდ“-ს მერე უცნობი ადამიანები მეკითხებიან აზრს ჩაცმასთან დაკავშირებით და ითვალისწინებენ… სხვას რომ ეთქვა, დაუჯერებელი იქნებოდა…“

1252
თაკო ჭანუყვაძე

თაკო ჭანუყვაძე ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობია, ახლახან ახალი სპექტაკლი ითამაშა, მისმა თეატრმა კი ყაზახეთში საუკეთესო რეჟისურისთვის ჯილდო მიიღო. მსახიობს დატვირთული გრაფიკი აქვს, ოჯახის წევრები, განსაკუთრებით მეუღლე და 10 წლის გოგონა კი მუდამ გვერდში უდგანან. ოჯახისა და კარიერის შესახებ fortuna.ge-ს ესაუბრება.

თაკო, კარიერული თვალსაზრისით, რა სიახლეები გაქვთ?

გუშინ დავბრუნდით გასტროლიდან, სადაც პრიზი საუკეთესო სარეჟისორო ნაშრომისთვის
ყაზახეთის ქალაქ ალმათში გამართულ თეატრალურ ფესტივალზე „ორტეკე” გადაეცა
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლს
„ოტელო”, რომლის რეჟისორები არიან გია მარღანია და დიმიტრი ხვთისიაშვილი. საინტერესო შეფასებები მივიღეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

ასევე შედგა ახალი სპექტაკლის პრემიერა, სადაც ვმონაწილეობთ მე და ჩემი კოლეგა, უნიჭიერესი ადამიანი ნიკუშა ფაიქრიძე. ასე რომ, საკმაოდ დატვირთული პერიოდი გვაქვს და გვქონდა. სპექტაკლში, სადაც ორი ადამიანი თამაშობს, უფრო დიდი პასუხისმგებლობის შეგრძნება გეუფლება. წინასაპრემიერო დღეებს ახლავს მღელვარება, ჩემს შემთხვევაში კი, ყველა სპექტაკლს. მადლიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება, ვიყო ამ სპექტაკლის ნაწილი.

სპექტაკლებისთვის მზადება საკმაოდ დიდ შრომასა და დროს მოითხოვს. ოჯახის წევრები როგორ იღებენ ამას, მეუღლე რას ამბობს?

ოჯახის წევრები გვერდში მიდგანან, ზუსტად ეს ადამიანები მაძლევენ მუხტსა და ენერგიას, ისე წარვდგე მაყურებლის წინაშე, როგორც საჭიროა. ჩემთვის ეს არის დასაფასებელი და მნიშვნელოვანი. როცა მოდიან სპექტაკლზე და ნახავენ, მინდა, მათთვის საამაყო და სასიამოვნო იყოს. სპექტაკლებს ესწრებიან ჩემი მეუღლე და შვილი. ჩემი მეუღლის შეფასება ყოველთვის მაინტერესებს, ამ სფეროსთან არ არის ახლოს, მაგრამ აქტიური მაყურებელი და ყოველთვის მოწინავე რიგშია. ჩემს გულშემატკივრებს შორის არიან დედა, ჩემი ძმა… ამ გულშემატკივრობის გარეშე ვერ წარმომიდგენია, დიდი სანათესავო და მეგობრები მუდმივად ესწრებიან პრემიერებს, ყველა თეატრში დამყვებიან, სადაც უნდა წავიდე.

თეატრზე ისე საუბრობთ, რომ ჩანს, როგორც მსახიობისთვის, სცენა პირველხარისხოვანია. თუმცა მონაწილეობდით ტელესერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“, რომელმაც დიდი პოპულარობა მოგიტანათ… ორი განსხვავებული მიმართულებაა. სად გრძნობთ თავს უფრო კომფორტულად?

ორი რადიკალურად განსხვავებული მიმართულებაა, ორივე მოითხოვს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას. როცა მეკითხებიან, თეატრი თუ კინო, ვპასუხობ, რომ ორივეს თავისი ხიბლი აქვს. ძალიან სასიხარულოა მსახიობისთვის, როცა ორივე აქვს. თეატრი იმით განსხვავდება, რომ უშუალოდ მაყურებელთან გაქვს კონტაქტი, რასაც თეატრში აკეთებ, ის კამერასთან არაფრით არ შეიძლება, რადგან შესაძლოა, იყოს გადამეტებული.ბევრი ნიუანსი უნდა გაითვალისწინო კამერის წინ.

სერიალში გადაღებებიდან რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი მოგონება? ყველა მსახიობს, ვინც „ჩცდ“-ში მონაწილეობდა, აქვს სურვილი, რომ აღდგეს მისი გადაღება. თქვენც, ალბათ, გექნებათ ასეთი სურვილი…

ყველა დღე იყო საინტერესო, განსხვავებული და გამორჩეული. ყოველ დღე ვსწავლობდი და ვვითარდებოდი პროფესიულად. ეს სერიალი ყველას უყვარს, ყველა იყო მოლოდინის რეჟიმში. ემიგრანტები მწერდნენ, რომ მადლიერები იყვნენ, ეს სერიალი რომ გადიოდა, თითქოს თქვენთან ერთად ვცხოვრობთ და ვიგებთ, რა ხდება ამა თუ იმ სივრცეშიო. მიუხედავად იმისა, რომ ახალი სერიები აღარ გამოდის, „ჩემი ცოლის დაქალები“ აქტუალობას მაინც ინარჩუნებენ. ტელევიზიას დიდი ძალა აქვს, თუ მაყურებელმა მიგიღო, ეს დიდი ფუფუნება და სიამოვნებაა.

თქვენ შემთხვევაში, მაყურებელმა მიგიღოთ და თქვენს პოპულარობაში დიდი როლი ითამაშა…

დიახ და ეს ყველაზე დასაფასებელია, როცა ადამიანები ყოველდღიურად გიზიარებენ სითბოსა და სიყვარულს. დღემდე უამრავი მესიჯი მომდის. მიუხედავად იმისა, რომ პირადად არ გიცნობენ, უყვარხარ და აზრს გეკითხებიან.

აზრს ჩაცმასთან დაკავშირებით ხომ არ გეკითხებიან?

კი, ძალიან ხშირად. ახლა, მაგალითად, ბანკეტების პერიოდია და მეკითხებიან, ამ კაბაზე რას იტყვით, რომელ ფერს შეარჩევდითო. საკუთარ თავზე რომ არ გამომეცადა, ცოტა დაუჯერებელი იქნებოდა… ასე უცხო ადამიანს ენდობოდა ასეთ მნიშვნელოვან დღეებში, თითქოს წარმოუდგენელია. ერთმა უცნობმა გოგონამ მომწერა, ჯვრისწერა მაქვს და იქნებ, კაბის შერჩევაში დამეხმაროთო. საბოლოო ჯამში, ასე გამოვიდა, რომ ჩემი შერჩეული სამოსი მოირგო.

ის სამოსი, რაც თქვენ გაცვიათ, კაშკაშა და მრავალფეროვანი, ვიცი, რომ თქვენი დიზაინითაა შექმნილი…

ერთ დღეს მჭირდებოდა შავი ფერის სამოსი და აღმოჩნდა, რომ გარდერობში ასეთი ფერის არც ერთი ტანსაცმელი არ მქონდა, წავედი შესაკერად, მაგრამ ბოლომდე შავი მაინც ვერ შევიკერე. სერიალის შემთხვევაში მხატვარმა მომცა სრული თავისუფლება, რომ ჩამეცვა ის, რაც მომინდებოდა, თუმცა ყველა გადაღების წინ ვუთანხმდებოდი. როცა როლზე დამამტკიცეს, მაშინვე მითხრა მხატვარმა, რომ პერსონაჟს შენი სტილი მოუხდებაო. ეს ცალკე დიდი სიამოვნება იყო. ამის შემდეგ გამოხატეს ადამიანებმა ინტერესი ჩემი ჩაცმის სტილის მიმართ.

ფერების სიკაშკაშე თქვენ შემთხვევაში რისი გამოხატულებაა?

მაბედნიერებს ეს ფერები. ეს ჩემი შინაგანი სამყაროა. მჯერა, რომ ფერებს შეუძლიათ განწყობის შექმნა გვერდზე მყოფი ადამიანებისთვის. ასეც არის სინამდვილეში. ბევრს უთქვამს, რომ კაშკაშა ფერები აბედნიერებს. თავს კარგად ვგრძნობ, როცა ვარ ფერადი, ოღონდ არა იმიტომ, რომ ვინმესგან გამორჩეული ვიყო, თითქოს ამით შინაგან მდგომარეობას გამოვხატავ, ყველა ფერის მიმართ განსაკუთრებულად გამოხატავს.

თქვენს გარდერობში არიე ბრენდებიც, თუ მხოლოდ თქვენი გემოვნებით შეკერილი სამოსია წარმოდგენილი?

თუ დამიჯერებთ, ტანსაცმელს არ ვყიდულობ. ხომ არის ადამიანების კატეგორია, ვისაც შოპინგი უყვარს? ჩემი საყვარელი მაღაზია კი არის ნაჭრების მაღაზია. აქ შემიძლია ვიყო საათობით, ზუსტად ვიცი, რა მინდა ამ სიფერადისგან. თუ ჩვეულებრივ მაღაზიაში შემხვდებით, ე.ი. ვინმესთვის საჩუქარს ვყიდულობ. სარეპეტიციო სამოსიც კი შეკერილი მაქვს. ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ ამ პროცესით. როცა ნაჭერს ვარჩევ, უკვე ვიცი, რაც მინდა. თუ საპატარძლო კაბას სჭირდება 5 მეტრი ნაჭერი, მე ჩვეულებრივი სამოსისთვის მჭირდება ამდენი.

საპატარძლო კაბაც თავად შეიქმენით?

კი და იყო ძალიან სადა, დავარდნილი, როგორიც მიყვარს და თეთრი პიჯაკი.

მეუღლე, როგორც აღნიშნეთ, თქვენი სფეროსგან შორს არის. როგორც წყვილს, რა გაერთიანებთ?

ძალიან ბევრი რამ გვაერთიანებს, ცხოვრებისადმი დამოკიდებულება, ფასეულობები, გვაქვს ერთნაირი შეხედულებები, ჩემი ნახევარია, ერთი მთლიანობა ვართ. ჩვენი ურთიერთობა 15 წელს ითვლის.

რა არის თქვენი ოჯახის სიმყარის საიდუმლო, რამ მოგატანინათ აქამდე ეს ურთიერთობა ისეთ პერიოდში, როცა უფრო მეტი ოჯახი ინგრევა, ვიდრე იქმნება.

ურთიერთსიყვარულმა, პატივისცემამ და გაგებამ. ბევრი რამისგან შედგება ურთიერთობა და ვფიქრობ, ამ ყველაფერს მოიცავს. ყოველი დღე მიხარია, ყოველდღე ვბრწყინავ, რადგან ასეთი ადამიანი მყავს გვერდით. ძალიან ვწუხვარ, რომ ოჯახები ინგრევა, მაგრამ მე გამიმართლა… ეს ადამიანი მაბედნიერებს, მახარებს…

როგორც ჩანს, ეჭვიანი ადამიანი არ არის. მამაკაცებს ხშირად არ მოსწონთ, რომ მათ მეორე ნახევრებს, საჯარო პროფესიები აქვთ…

ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი და ძალაა, ამიტომ ჩვენთან ეს პრობლემა არ დგას.

რაც შეეხება თქვენს შვილს, როგორი ურთიერთობა აქვს დედიკოსთან, როგორ ატარებთ თავისუფალ დროს? როგორი გინდათ, რომ იყოს?

ჩემი გოგოშკა 10 წლისაა. რა თქმა უნდა, არის ჩემი გულშემატკივარი, ესწრება ჩემს სპექტაკლებს და მიზიარებს თავის შეხედულებებს. დამყავს რეპეტიციებზე. სწავლობს ძალიან კარგად, სკოლის გარდა აქვს დამატებითი გაკვეთილები, როცა დრო აქვს, მოდის თეატრში და ძალიან მოსწონს ეს პროცესი. მომავალში რას აირჩევს, არ ვიცი, მაგრამ რაც უნდა აირჩიოს, ყოველთვის მის გვერდით ვიქნები. ძალიან თბილი და მოსიყვარულე დამოკიდებულება გვაქვს. მის რჩევებს ვითვალისწინებ. სახლიდან ისე არ გავდივარ, რომ აზრი არ ვკითხო ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით.

დედიკოსავით, მასაც ხომ არ უყვარს ლამაზად ჩაცმა?

ძალიან უყვარს შეკერვა… თავად არჩევს და უხსნის მკერავს, რა და როგორ უნდა. დედიკო არ ერევა, რადგან მაინტერესებს, თავად რა სურვილები აქვს ხოლმე. დაბადების დღეებზე, კონკრეტულ ღონისძიებებზე, ითხოვს, რომ შევუკეროთ…

თაკო, ყველა ადამიანს აქვს თავისი მიზანი ცხოვრებაში, ფიქრობს, აი, 10 წელიწადში ეს მექნება გაკეთებული… თქვენ შემთხვევაში რა სამომავლო სურვილები და ოცნებებია?

ოცნებით ყოველთვის ვოცნებობ და დავტოვებ საიდუმლოდ, რომ ასრულდეს. მივყვები ცხოვრებას. მთავარია, რომ მიყვარს შრომა. მაქვს სურვილი, რომ ყოველთვის მქონდეს იმის განწყობა, რომ მაღალ და მაღალ საფეხურზე ავიდე. ამისთვის საჭიროა შრომა, მიზანდასახულობა, შინაგანი სიმშვიდე – რაღაც თუ დღეს არ გამოვა, არა უშავს,. პირიქით, ხანდახან უკეთესია, რომ რაღაც არ გამოდის, შესაძლოა, წინ უკეთესი რამ გელოდება, სიყვარული ადამიანების მიმართ. მინდა, ერთმანეთს ხშირად გავუზიაროთ სითბოც, სიყვარულიც და მუდმივად გვიხაროდეს სხვისი წარმატებაც და ბედნიერებაც… ყოველ შემთხვევაში, მე ამ განწყობით ვარ. მგონია, თუ ადამიანები მოინდომებენ, ყველაფერი გამოვა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g