,,ბალენსიაგამ” კრეატიული დირექტორის რანგში, დემნა გვასალიას უკანასკნელი კოლექცია წარადგინა.
2026 წლის საგაზაფხულო კოლექცია მაღალი მოდის ელემენტებით შექმნილ ნივთებს აერთიანებს. მასში შედის ბრიტნი სპირსის ხელმოწერიანი მაისურები, ჰუდები და მეტალის დეტალებით გაფორმებული ბეისბოლის ქუდები, რომელთაც რანკინისა და სტივენ კლეინის მიერ გადაღებული პოპის პრინცესას საარქივო ფოტოებიც ამშვენებს. დემნამ ესპანური მოდის სახლის გამოსამშვიდობებელი კოლექციის ლიმიტირებული გამოშვება, თავად ლეგენდარულ არტისტთან შეთანხმებით შექმნა.
,,ყოველთვის მიყვარდა მოდა და ძალიან გამიხარდა, რომ ,,ბალენსიაგამ” და დემნამ ამ კოლექციისთვის ჩემთან თანამშრომლობა გადაწყვიტეს. ეს კოლექცია ასახავს ჩემ კარიერასა და ცხოვრებაში განსაკუთრებულ პერიოდს და იმედი მაქვს ჩემ ფანებს ის ისევე მოეწონებათ, როგორც მე” – განაცხადა სპირსმა.
აღსანიშნავია, რომ კოლექციას თან ახლავს შემსრულებლის ფლეილისტი, რომელშიც ქალი მომღერლების ჰიტებია თავმოყრილი. სიმღერების სიის ნაწილია სპეციალური მუსიკალური პროექტი – Britney4ever – საკულტო ჩანაწერების – Oops!… I Did It Again და Gimme More ახალი ვერსიები, რომლებზეც დემნას მეუღლემ, ფრანგმა მუსიკოსმა – BFRND იმუშავა.

წერენ, რომ ,,ბალენსიაგასა” და ბრიტნი სპირსის ეს თანამშრომლობა ხაზს უსვამს მაღალი მოდის და პოპ კულტურის ერთობას და კიდევ ერთხელ ადასტურებს ბრიტნის გავლენას როგორც მუსიკალურ, ასევე მოდის სამყაროზე.
















