„პირდაპირ გამოდიან და საუბრობენ, რომ ეძებენ სხვადასხვა მექანიზმს, რათა საქართველოში ფული შემოიტანონ, შემდეგ კი აღნიშნული თანხები მოახმარონ ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
დედაქალაქის მერმა საქართველოში მოქმედი ონლაინ მედიების დაფინანსებასთან დაკავშირებით საუბრისას განმარტა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმაც კი დაასახელა ის კონკრეტული ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებს აფინანსებდნენ“:
„რატომ გიკვირთ? პირდაპირ გამოდიან და საუბრობენ, რომ ეძებენ სხვადასხვა მექანიზმს, რომ საქართველოში ფული შემოიტანონ, შემდეგ კი აღნიშნული თანხები მოახმარონ ქვეყანაში შიდაპოლიტიკურ საქმეებს. მთელი ამ წლების განმავლობაში, როდესაც ვსაუბრობდით, რომ უცხოეთიდან შემოდის თანხა, რომელიც მიდის ქართულ პოლიტიკაში, ტელევიზიებში, ხმარდება ექსტრემიზმის გაძლიერებას, პოლარიზაციას, საზოგადოების გახლეჩის მცდელობას, ამას ხომ არ ვიტყუებოდით? კონკრეტული ფაქტები ხომ ვაჩვენეთ საზოგადოებას? ტრამპი გამოვიდა და დაასახელა ის ორგანიზაციები, რომლებიც წლების განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, სახელმწიფო გადატრიალებებს აფინანსებდნენ. ხომ ყველაფერი ცხადი და ნათელია? ამიტომ არის გამჭვირვალობა და აღნიშნული კანონის მიღება მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძემ უპასუხა მედია ორგანიზაცია „მთის ამბების“ საერთაშორისო დონორებთან – „დოიჩე ველესთან“ და გერმანიის საელჩოსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას:
„სახელები არაფერს ნიშნავს, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თანხები, რომლებიც საქართველოში შემოდის, შეიძლება სხვადასხვა ორგანიზაციის სახელით შემოვიდეს, მაგრამ წყარო არის ერთი, გარედან. ვიცით, ვინ არიან არაფორმალური მმართველები, არაფორმალური მმართველობა, რომელიც მსოფლიოს უდიდესი საფრთხე და ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი მტერია. სხვადასხვა მეთოდით ცდილობენ, რომ ეს თანხები შემოიტანონ ფარულად და შემდეგ მიმართონ თუნდაც საპატრიარქოს, სარწმუნოების წინააღმდეგ. არ გახსოვთ კონკრეტული კამპანიები ამ ყველაფრის? ეს ყველაფერი გარედან იყო თავსმოხვეული და გარედან შემოსული თანხებით ხდებოდა აღნიშნული პერფორმანსების დაფინანსება. რომ ჩაეძიოთ და ნახოთ მათ მიერ მომზადებული სიუჟეტები თუ ინფორმაციები, რა თქმა უნდა, იკვეთება ინტერესი, რომ ქვეყანაში არ იყოს სტაბილური სიტუაცია და სხვადასხვა ტრაგედია გამოყენებული იყოს პოლიტიკური თვალსაზრისით“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
