LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განახლებული Volkswagen ID.4 გზაზე დააფიქსირეს

117
HKR_4963

Volkswagen-მა ტესტირებაზე გამოიყვანა ელექტრო კროსოვერის ID.4-ის განახლებული ვერსია – პროტოტიპის ჯაშუშური ფოტოები გამოცემა Carscoops-მა გამოაქვეყნა. გამოცემის ინფორმაციით, ავტომობილს სერიოზული მოდერნიზაცია ელის, რომელიც არა მხოლოდ ექსტერიერსა და ინტერიერს, არამედ ტექნიკურ ნაწილსაც შეეხება. ასევე არ არის გამორიცხული, რომ მოდელმა სახელი შეიცვალოს – Volkswagen-ის მიმდინარე სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც ციფრულ ინდექსებზე ეტაპობრივ უარს გულისხმობს. განახლებული მოდელის ოფიციალური დებიუტი 2026 წლის განმავლობაში შედგება.

სატესტო პროტოტიპები დაფარულია მრავალრიცხოვანი დამცავი პანელებით, რომლებიც დიზაინში შეტანილ ცვლილებებს მალავს. თუმცა Carscoops-ის შეფასებით, ID.4-ის ექსტერიერი მოერგება Volkswagen-ის თანამედროვე დიზაინერულ ხაზს – მაგალითად, ახალ Tiguan-სა და დაგეგმილ ID. Cross-ს. შესაბამისად, ელექტრომობილი დაკარგავს რბილ, მომრგვალებულ ფორმებს და უფრო კუთხოვანი გახდება. განახლებულ სალონში კი, სავარაუდოდ, უფრო დიდი ეკრანები და მეტი ფიზიკური ღილაკი გამოჩნდება. ადრე Volkswagen-მა უკვე აჩვენა მომავლის კონცეპტი საბაზისო ელექტრომობილის – ID. Polo-ს პრეზენტაციისას.

განახლებული ID.4 დაფუძნებულია გაუმჯობესებულ პლატფორმაზე MEB+. ვარაუდობენ, რომ ის მიიღებს უფრო ხელმისაწვდომ ლითიუმ რკინა ფოსფატურ (LFP) ელემენტებს და შესაძლოა სვლის მარაგიც ოდნავ გაიზარდოს, თუმცა 400 ვოლტიან არქიტექტურას შეინარჩუნებს. ამასთან, ძრავების ხაზში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, რადგან ის 2023 წლის ბოლოს უკვე გადაიხედა.

მოდერნიზაცია გაახანგრძლივებს მოდელის სიცოცხლის ციკლს 2028 წლამდე, როდესაც Volkswagen გეგმავს სრულიად ახალი თაობის ელექტრო კროსოვერის გამოშვებას 800 ვოლტიანი არქიტექტურით. დიდი ალბათობით, კროსოვერს მომავალში ახალი სახელი ექნება – ID. Tiguan, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ეს როდის მოხდება – მიმდინარე რესტაილინგის ფარგლებში თუ თაობათა სრულ შეცვლასთან ერთად.

მომდევნო თვეებში კომპანია წარადგენს მცირე ელექტრომობილის – ID. Polo-ს სერიულ ვერსიას. უკვე ცნობილია, რომ ის მიიღებს 116-დან 226 ცხენის ძალამდე სიმძლავრის ძრავებს და ბატარეებს, რომლებიც ერთ დამუხტვაზე 450 კილომეტრამდე სვლის მარაგს უზრუნველყოფს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები