ჩინეთის ხელისუფლებამ ავტონომიური მართვის სისტემებისთვის პირველი ერთიანი სავალდებულო ეროვნული სტანდარტი დაამტკიცა. ახალი რეგულაცია L3 და L4 დონის ავტოპილოტით აღჭურვილ სამგზავრო და სატვირთო ავტომობილებზე გავრცელდება და ძალაში 2027 წლის 1 ივლისს შევა.
სტანდარტის მთავარი მოთხოვნაა, რომ ავტონომიური მართვის სისტემა უსაფრთხოების თვალსაზრისით მინიმუმ კომპეტენტური და ყურადღებიანი მძღოლის დონეს უნდა შეესაბამებოდეს და გზის სხვა მონაწილეებისთვის გაუმართლებელ რისკს არ ქმნიდეს.
განსაკუთრებული მოთხოვნები L3 დონის სისტემებს შეეხება. ავტომობილს მძღოლის მზადყოფნის მონიტორინგი მოუწევს, რათა საჭიროების შემთხვევაში ადამიანმა დროულად გადაიბაროს მართვა. ასევე მკაფიოდ უნდა იყოს ნაჩვენები, როდის არის ავტოპილოტი ჩართული და როდის გამორთული.
ახალი წესები ავტომწარმოებლებს უსაფრთხოების კონტროლს ავტომობილის მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში დააკისრებს – დაპროექტებიდან და წარმოებიდან გაყიდვის შემდგომ მომსახურებამდე. შესაბამისობის დასადასტურებლად გათვალისწინებულია ტექნიკური დოკუმენტაციის აუდიტი და დამოუკიდებელი ტესტები სპეციალურ პოლიგონებზე, საჯარო გზებსა და სიმულატორებში.

მწარმოებლებს ასევე მოუწევთ მომხმარებლებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება სისტემების შესაძლებლობების, შეზღუდვებისა და მძღოლის როლის შესახებ. შესაბამისი ინფორმაცია უნდა განთავსდეს ავტომობილის ეკრანებზე, ოფიციალურ ვებგვერდებსა და ინსტრუქციებში.
ჩინეთი ავტონომიური მართვის ტექნოლოგიებს განსაკუთრებით სწრაფად ავითარებს. 2026 წლის განმავლობაში ქვეყანაში ახალი მსუბუქი ავტომობილების 70,5%-ს უკვე L2 დონის დამხმარე სისტემები ჰქონდა, ხოლო ნავიგაციის ფუნქციით ავტოპილოტის სისტემების წილი 34,2%-ს აღწევდა.
ახალი რეგულაცია ჩინეთის მცდელობას წარმოადგენს, სწრაფად მზარდი ავტონომიური მართვის ინდუსტრიის განვითარება უფრო მკაცრ უსაფრთხოების მოთხოვნებს დაუკავშიროს. მომავალში ხელისუფლება დამატებითი სტანდარტების შემოღებასაც გეგმავს, მათ შორის ტესტირების მეთოდებისა და ავტოპილოტთან დაკავშირებული ავარიების გამოძიებისას მონაცემთა გაცვლის მიმართულებით.