LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bugatti-ის ხელმძღვანელმა ახსნა, რატომ არის 25 000 ევროს ღირებულების ფარი “გამართლებული”, ხოლო ავტოფარეხში შეკეთება – საშიში

116
845x845

Bugatti-Rimac-ის ხელმძღვანელმა მატე რიმაცმა სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელსაც „მითების დამანგრეველი“ უწოდა – Bugatti-ის ჰიპერქარების ძვირი სათადარიგო ნაწილებისა და სერვისის შესახებ გავრცელებული წარმოდგენების საპასუხოდ. მან კომპანიის ავტომობილების მფლობელებს თავის შეკავება ურჩია უფრო იაფი ანალოგიური დეტალების გამოყენებისგან, რომლებიც Volkswagen-ის კონცერნში შემავალ სხვა ბრენდებზე გამოიყენება. რიმაცის თქმით, ეს შეიძლება უბრალოდ სახიფათო იყოს.

ვიდეო ერთგვარი პასუხი გახდა იუთუბერის პროექტზე, რომელმაც მძიმე ავარიაში დაზიანებული Bugatti Chiron Pur Sport-ის აღდგენა დააანონსა. ბლოგერმა განაცხადა, რომ შესაძლებელია ზოგიერთი დეტალის 3D-პრინტერით დამზადება, რაც ბევრად იაფი იქნება, ვიდრე ოფიციალური ნაწილების შეძენა.

რიმაცმა უპასუხა, რომ გარკვეული სპეციფიკური კომპონენტების ბეჭდვის ტექნოლოგია თვით Bugatti-საც კი ჯერ არ აქვს სრულყოფილად დანერგილი. მაგალითად, ფარების ფასზე გავრცელებული მითების შესახებ აღნიშნა, რომ ისინი არა 150 000 ევრო ღირს, როგორც ხშირად წერენ სოციალურ ქსელებში, არამედ დაახლოებით 50 000 ევრო წყვილი, რაც რეალურად ბევრად ნაკლებია გავრცელებულ ციფრებთან შედარებით.

ბლოგერმა ასევე მიუთითა, რომ Chiron-ის უსაფრთხოების ბალიშების კატალოგების ნომრები ემთხვევა Audi A3-ის ანალოგიურ კომპონენტებს. ამაზე რიმაცმა განაცხადა, რომ ასეთი დეტალები ურთიერთჩანაცვლებადად ვერ ჩაითვლება, რადგან ჰიპერქარებისთვის განკუთვნილი კომპონენტები გადიან დამატებით ტესტირებას და შეიძლება განსხვავდებოდნენ ისეთი დეტალებით, რომლებიც ერთი შეხედვით უმნიშვნელოა, მაგრამ ავარიულ სიტუაციაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება.

მისივე თქმით, მაგალითად, Tourbillon-ის ზამთრის ტესტებისას გამოვლინდა, რომ წინა პანელის მასალა სიცივეში მყარდება, რაც თეორიულად ხელს შეუშლიდა უსაფრთხოების ბალიშების სწორად გახსნას. ამის გამო კონსტრუქციაში ცვლილებების შეტანა გახდა საჭირო. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ Audi-ს ბალიში ზომით შეიძლება დაემთხვეს Bugatti-ს, ის ფუნქციურად სწორად ვერ იმუშავებს.

რიმაცმა ასევე აღნიშნა, რომ ნაწილების მაღალი ფასი განპირობებულია Bugatti-ის ჰიპერქარების ინჟინერული სირთულით და ძალიან მცირე სერიული წარმოებით, ხოლო მფლობელებისთვის ეს ნაწილობრივ კომპენსირდება იმით, რომ კომპანია უზრუნველყოფს ოთხწლიან უფასო ოფიციალურ მომსახურებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები