რომში გაიხსნა მეტროს ორი ახალი სადგური, რომლებმაც უკვე მიიღეს სახელწოდება – „არქეო-სადგურები“. მათი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მგზავრები აქ არა მხოლოდ ტრანსპორტით სარგებლობენ, არამედ პირდაპირ მეტროს სივრცეში ნახულობენ უძველეს არქეოლოგიურ აღმოჩენებს, რომლებიც ახალი ხაზების მშენებლობის დროს იქნა ნაპოვნი.
Euro News-ის ინფორმაციით, სადგურებზე გამოფენილია რომაული ფრესკები და მოზაიკები, ასევე შუშის ვიტრინებში მოთავსებული კერამიკული ვაზები და თეფშები. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს II საუკუნის ყაზარმების ნაშთები, I საუკუნის საცხოვრებელი სახლის აბანოს ნანგრევები, მასიური ქვის ჭები და თერმული აბაზანები, რომლებიც თანამედროვე ინფრასტრუქტურაშია ინტეგრირებული და უსაფრთხოების მიზნით მინის კონსტრუქციითაა დაცული.
რომის მერიის განცხადებით, ეს მეტროს სადგურები თავად იქცა სრულფასოვან კულტურულ და ტურისტულ ღირსშესანიშნაობებად, რომლებიც ქალაქის ისტორიას ყოველდღიურ ცხოვრებასთან აერთიანებს.
გარდა ამისა, კოლიზეუმის ქვეშ მდებარე მონაკვეთზე მგზავრებს შეუძლიათ უყურონ ვიდეომასალას, რომელიც გათხრების პროცესშია გადაღებული. ვიდეოში განმარტებულია, თუ რატომ გაჭიანურდა მეტროს ახალი სადგურების გახსნა: რომში მიწისქვეშა სამუშაოები თითქმის ყოველთვის ჩერდება ახალი აღმოჩენების გამო.
როგორც ირკვევა, მშენებლობისას მუშები რეგულარულად აწყდებოდნენ არა მხოლოდ იმპერიული რომის, არამედ შუა საუკუნეების ეპოქის ნაშთებსაც, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ რომში მიწისქვეშა სამუშაოები ხშირად ნამდვილ არქეოლოგიურ ექსპედიციად იქცევა.