კომპანიამ „სტარბაქსი“, მომხმარებლებისთვის სასმელის შეკვეთის შთაგონების მიზნით, ChatGPT-ში აპლიკაციის ბეტა ვერსია გაუშვა.
ბეტა ვერსიის გამოსაყენებლად მომხმარებლებმა „სტარბაქსის“ აპლიკაცია ChatGPT-ის აპლიკაციების კატალოგიდან უნდა გააქტიურონ და შემდეგ ჩათბოტში შეიყვანონ „პრომპტი“ აღნიშვნით „@Starbucks“. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლებს ინდივიდუალური შეკვეთების მიცემა და ლოკაციის არჩევაც შეუძლიათ, საბოლოო შეკვეთა მაინც „სტარბაქსის“ აპლიკაციაში ან ვებგვერდზე უნდა გაფორმდეს.
„ბოლო ერთი წლის განმავლობაში ერთი რამ გახდა აშკარა: მომხმარებლები ყოველთვის მენიუდან არ იწყებენ შეკვეთას,“ – აცხადებს პოლ რიდელი, „სტარბაქსის“ ციფრული და ლოიალობის მიმართულების უფროსი ვიცე-პრეზიდენტი – „ისინი იწყებენ განწყობით… გვინდოდა, მომხმარებლებს სწორედ ამ კონკრეტულ მომენტში შევხვედროდით და მაქსიმალურად გაგვემარტივებინა მათთვის იმ სასმელის პოვნა, რომელიც მათ განწყობას ემთხვევა.“
როგორც ირკვევა, აპლიკაციის ბეტა ვერსიის გაშვება წარმოადგენს კიდევ ერთ ნაბიჯს, რომლითაც კომპანია ამერიკელი მომხმარებლების საკუთარ კაფეებში დაბრუნებას ცდილობს. „Back to Starbucks“ სახელწოდების ტრანსფორმაციული სტრატეგიის ფარგლებში, „სტარბაქსმა“ კაფეებში დასაჯდომი ადგილები დაამატა, მენიუ შეამცირა და ლოიალობის პროგრამაში დონეების სისტემა ხელახლა დანერგა.
ამასთან, კომპანიამ მობილური აპლიკაციის მეშვეობით მომხმარებლებს ახალი სასმელების აღმოჩენა გაუმარტივა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Z თაობის მომხმარებლების მისაზიდად, რომლებიც უნიკალური სასმელების მიმართ უფრო მეტ ინტერესს ავლენენ, ვიდრე უფროსი თაობების წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ „სტარბაქსი“ ბოლო დროს აქტიურად მიმართავს გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს. მაგალითად, გასულ წელს კომპანიამ წარადგინა Green Dot Assist – ბარისტებისთვის განკუთვნილი ხელოვნური ინტელექტის ასისტენტი, რომელიც OpenAI-ის პლატფორმაზე Microsoft Azure-ის მიერ შეიქმნა.
