17 აპრილს, თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე, ეთერ ლიპარტელიანმა ოქროს მედალი მოიპოვა და გახდა პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი, რომელიც ევროპის ჩემპიონი გახდა.
ეთერ ლიპარტელიანი დღეს სტუმრობდა გადაცემა „დღის პოსტს“, სადაც მან განვლილ სპორტულ გზაზე, გამოწვევებსა და წარმატებებზე ისაუბრა და მაყურებელს მორიგი გამარჯვების ემოციები გაუზიარა.
„ძალიან კარგი შეგრძნებაა, მით უმეტეს, საქართველოში რომ გავხდი ევროპის ჩემპიონი და ჩემს გულშემატკივრებთან და ოჯახთან ერთად, მალევე რომ აღვნიშნე ეს გამარჯვება.
როდესაც მზადების პროცესში ვიყავი, გადავწყვიტე, რომ ეს გამარჯვება პატრიარქისთვის მიმეძღვნა, იმ დღეს მართლა ვგრძნობდი, რომ პატრიარქი ჩემ გვერდით იყო, ასევე უფალი ჩემ გვერდით იყო. მინდოდა, რომ ეს ოქროს მედალი პატრიარქისთვის მიმეძღვნა და მადლობა ღმერთს, რომ ეს ყველაფერი გამომივიდა…
საკუთარ თავში ეჭვი არასდროს მეპარება, როგორი ძლიერი მეტოქეც უნდა მყავდეს, საკუთარი თავის იმედი ყოველთვის მაქვს და ყოველთვის მჯერა, რომ გავიმარჯვებ“ – აღნიშნა ეთერ ლიპარტელიანმა.
წარმატებულმა ძიუდოისტმა გადაცემაში მეუღლის შესახებაც ისაუბრა.
„ჩემი მეუღლე ყოველთვის გვერდში მიდგას. ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, დაახლოებით 12 წელი შეყვარებულები ვიყავით. ჩემი მეუღლე ძალიან კარგი მეგობარია…
როდესაც ოლიმპიადიდან ჩამოვედი დეპრესია მქონდა, მაგრამ ჩემი მეუღლე დამიდგა გვერდით“, – აღნიშნა სპორტსმენმა.
ეთერ ლიპარტელიანმა ასევე ისაუბრა, თუ რა გზა გაიარა წარმატებამდე:
„ძალიან რთული გზა გავიარე. 10 წლის ასაკში დავტოვე მშობლები სვანეთში მომიწია ქალაქში წამოსვლა. ყოველდღე, რუსთავიდან თბილისში დავდიოდი სავარჯიშოდ“, – თქვა ეთერ ლიპარტელიანმა.
