აზერბაიჯანის რკინიგზის ინფორმაციით, ბაქოსა და თბილისს შორის მატარებლით მგზავრობის ღირებულება 51 აზერბაიჯანული მანათიდან (დაახლოებით, 80 ლარი) დაიწყება. ერთი მიმართულების საფასურის ოდენობა ვაგონის კლასსა და მანძილზე იქნება დამოკიდებული.

ბაქო–თბილისი–ბაქოს მარშრუტზე „Stadler“-ის თანამედროვე მატარებლები იმოძრავებენ. 2019 წელს გაუქმებულ ძველ მოძრავ შემადგენლობებთან შედარებით, ახალი თაობის საძილე ვაგონები გამოირჩევა მაღალი კომფორტით, თანამედროვე ინტერიერით, ინდივიდუალურად მორგებული სერვისითა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი მგზავრობის პირობებით. ახალ შემადგენლობაში არის საძინებელი ტიპის ვაგონები და რესტორანი. ერთი მიმართულებით 200-ზე მეტი მგზავრის გადაყვანაა გათვალისწინებული.

შეგახსენებთ, თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება. რეისები ყოველდღიურად შესრულდება. გრაფიკის მიხედვით, ბაქოდან მატარებელი 23:10 საათზე გავა და თბილისში მომდევნო დღეს, 08:41 საათზე იქნება. თბილისიდან მატარებელი კი 21:00 საათზე დაიძვრება და ბაქოში მომდევნო დღეს 06:24 საათზე ჩავა.

„მატარებელი გაჩერდება ბაქოს რკინიგზის სადგურზე, ბილაჯარში, ევლახში, განჯაში, აღსთაფასა და ბოიუქ ქესიქის სადგურებზე, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე – გარდაბნის სადგურსა და თბილისის რკინიგზის სადგურზე“, – ნათქვამია აზერბაიჯანის რკინიგზის განცხადებაში.
