Tesla-მ ჩინეთის ბაზარზე თავისი ნახევრად ავტონომიური მართვის სისტემის სახელწოდება შეცვალა. კომპანია აღარ გამოიყენებს ტერმინებს FSD და Full Self-Driving – მათ ნაცვლად სისტემას ახლა Tesla Driver Assistance ეწოდება, რაც ქართულად „Tesla-ს მძღოლის დამხმარე სისტემას“ ნიშნავს.
ცვლილება ჩინეთის კანონმდებლობის მოთხოვნებს უკავშირდება. ადგილობრივი რეგულაციები კომპანიებს უკრძალავს ისეთი ტერმინების გამოყენებას, როგორიცაა „სრულად ავტონომიური“ ან „სრული ავტოპილოტი“, რათა მომხმარებლები შეცდომაში არ შევიდნენ და არ იფიქრონ, რომ მანქანას ადამიანის ჩარევის გარეშე შეუძლია გადაადგილება.
Tesla-მ ოფიციალურადაც განმარტა, რომ სისტემის გამოყენებისას მძღოლმა მუდმივად უნდა აკონტროლოს ავტომობილი და საჭეს ხელი არ გაუშვას.

განახლებული Tesla Driver Assistance ჩინეთში კვლავ 64 000 იუანი ღირს. კომპანიის განცხადებით, პაკეტი მოიცავს როგორც საბაზისო, ისე გაფართოებული ავტოპილოტის ფუნქციებს და ავტომობილს გზაზე მრავალი მოქმედების დამოუკიდებლად შესრულება შეუძლია, თუმცა მძღოლის მუდმივი ზედამხედველობა აუცილებელია.
ეს Tesla-ს მხრიდან ჩინურ ბაზარზე ტერმინოლოგიის შეცვლის პირველი შემთხვევა არ არის – კომპანია ადგილობრივ რეგულაციებთან ადაპტაციას ჯერ კიდევ 2024 წლიდან ცდილობს.