მარკეტების ქსელმა „გვირილა“, ლიბერთი ბანკთან თანამშრომლობით, სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ფარგლებში, ახალი პროექტი დაიწყო – „გვირილას“ ყველა ფილიალში, ლიბერთის სოციალური ბარათით გადახდისას, მომხმარებლები 10%-იანი ფასდაკლებით სარგებლობენ პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე, თამბაქოს ნაწარმის გარდა.
ია ბახტურიძე, მარკეტების ქსელის „გვირილა“ კომერციის და მაკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:
– აღსანიშნავია, რომ სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ფარგლებში ლიბერთისთან უკვე მეორედ ვთანამშრომლობთ, თუმცა ეს ახალი პროექტი ბევრად მასშტაბურია. ამ პროექტის ფარგლებში შეგნებულად შევარჩიეთ ერთი კონკრეტული სეგმენტი – პენსიონერები და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და მათ მიმართ მხარდაჭერის და თანადგომის გამოხატვა პროდუქტებზე ფასის კლებით გადაწყვიტეთ. კერძოდ, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელი, მის მიერ შერჩეული პროდუქტის ღირებულების ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, 10%-იან ფასდაკლებას მიიღებს.
შეთავაზება 19 მაისიდან დაიწყო და ეხება „გვირილას“ სრულ ასორტიმენტს, თამბაქოს ნაწარმის გარდა და ეს ლოგიკურიცაა, თამბაქოს ნაწარმის შესყიდვას ნამდვილად ვერ წავახალისებდით. ეს 10%-იანი ფასდაკლება მოქმედებს როგორც რეგულარული სარეალიზაციო ფასის მქონე პროდუქციაზე, ასევე სააქციო ფასის მქონეზე. მოგეხსენებათ, ჩვენი მარკეტების ქსელი ბაზარზე დაბალი სარეალიზაციო ფასებით გამოირჩევა (ალბათ, სამეულში ვართ კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით) და აქციების პერიოდში, კონკრეტულ პროდუქტებთან მიმართებით, ფაქტობრივად, ძალიან დაბალ მარჟაზე ვმუშაობთ. შესაბამისად, როცა მომხმარებელი ლიბერთის სოციალური ბარათით იყიდის სააქციო ფასის მქონე პროდუქტსაც, ეს ნიშნავს, რომ იგი თვითღირებულებაზე იაფად ყიდულობს პროდუქტს. ამით ჩვენ, რა თქმა უნდა, გვიმცირდება სამიზნე მარჟები, მაგრამ იმედი გვაქვს, ამ ინიციატივით უფრო მეტ მომხმარებელს მოვიზიდავთ და დავაკომპენსირებთ დანაკარგებს.
– ფასების მიმართ მგრძნობიარე დამოკიდებულების ფონზე, რა მნიშვნელობას იძენს თქვენთვის კონკრეტულ სეგმენტზე ფოკუსირება?
– დღეს მომხმარებლის ქცევა შეცვლილია, რაც განპირობებულია ბაზარზე არსებული კონკურენციით – ბევრი სუპერმარკეტი, ჰიპერმარკეტი და არაბრენდული მარკეტია გახსნილი. და მაშინ, როცა ერთი კორპუსის ქვეშ რამდენიმე მარკეტი ფუნქციონირებს, მომხმარებელი თითოეულს სტუმრობს, ერთგვარად ფასების კვლევას ატარებს და შემდეგ მისთვის სასურველ პროდუქტს სწორედ რომ სააქციო ფასის მიხედვით ყიდულობს. ამიტომ ჩავთვალეთ, რომ იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც დაბალი სარეალიზაციო ფასი ძალიან მნიშვნელოვანია, ლიბერთისთან ერთად, ფასდაკლებით წაგვეხალისებინა.

– როგორი უკუკავშირი გაქვთ ამ ახალი პროექტის ფარგლებში მომხმარებლისგან?
– პირველივე დღიდან დადებითი. ვისაც მისწვდა ინფორმაცია ჩვენი ამ პროექტის შესახებ სოციალური ქსელიდან, თუ ტრადიციული მედიის პლატფორმებიდან, თითქმის ყველა მოვიდა ჩვენამდე. საბედნიეროდ, ჩვენ მიმართ ლოიალობით გამსჭვალული მომხმარებელი ბევრია და იმედია, ამ შეთავაზების წყალობით მათი რაოდენობა მხოლოდ გაიზრდება. და ის, რომ ეს შეთავაზება სარგებელის მომტანია, დღის თუ თვის მანძილზე, ამის დანახვა ადვილია, რადგან ის თვლადი და რაც მთავარია, შესაძლებელია მისი შედარება ჩვენს კონკურენტებთან.
– რამდენ ხანს გაგრძელდება ეს შეთავაზება, რაზე შეიძლება იყოს დამოკიდებული მისი ხანგრძლივობა?
– ამ ეტაპზე დროსა და ვადაში არანაირი შეზღუდვა არ გვაქვს. მთავარია, მომხმარებელი იყოს კმაყოფილი. ჯერჯერობით მაინც, არ ვფიქრობთ რაიმეს შეცვლას. ჩვენი მომხმარებლის ქცევა გვაჩვენებს, რა და როგორ იქნება.
– ზოგადად რა როლს ასრულებს ლოიალობის პროგრამები „გვირილას“ განვითარების სტრატეგიაში და რა სიახლეებს უნდა ელოდოს მომხმარებელი ამ მიმართულებით მომავალში?
– მომხმარებლების მოთხოვნების დაკმაყოფილება როგორც ასორტიმენტული და ხარისხობრივი, ასევე საფასო კუთხით, გახსნის დღიდან იყო ჩვენი მთავარი საფიქრალი და საზრუნავი. 2022 წელს გავიხსენით და მალევე შევქმენით ჩვენი დაგროვების ბარათი, რომელსაც „მეგობარი ბარათი“ ჰქვია და მომხმარებელთან ურთიერთობა მეგობრობაზე ავაწყეთ. ჩვენი ფორმატი არის მარკეტი სახლთან ახლოს და სლოგანია „უფრო იაფი უფრო ახლოს“, რაც ნიშნავს იმას, რომ მუდმივად იმაზე ვფიქრობთ და იმაზე ვზრუნავთ, რომ ჩვენთან მოსული მომხმარებელი არ გავიდეს უკმაყოფილო და შენაძენზე ქულების დაგროვება (თითოეულ შენაძენზე 2%-ია) იყოს ჩვენი ერთგულების დაგროვებაც, იმიტომ, რომ გვირილა ქულები შემდგომ უკვე თანხის ეკვივალენტია და მომხმარებელს შეუძლია ამ ქულებით შეიძინოს მისთვის სასურველი ნებისმიერი პროდუქტი, ანუ ეს ქულები გადაცვალოს პროდუქტში. ჩვენ ხშირად გვაქვს წამახალისებელი აქციები თუნდაც ამა თუ იმ პროდუქტის, ბრენდის მხარდასაჭერად და სადღაც ერთი წელია, ყოველთვე გვყავს მინიმუმ 9-10 წახალისებული მომხმარებელი ჩვენი საჩუქრებით. ცხადია, მომავალშიც ვფიქრობთ, არაერთი კარგი პროექტის განხორციელებას.