LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასობრივ ქორწილზე მისული 42 საქმრო ცოლისა და ფულის გარეშე დარჩა

107
ქირიას NEWS შაბლონი

ინდოეთში თაღლითებმა მოატყუეს 42 მამაკაცი, რომლებიც ქორწინების იმედით მასობრივ საქორწილო ცერემონიაზე გამოცხადდნენ. როგორც გამოცემა Mothership წერს, სასიძოებმა თანხა წინასწარ გადაიხადეს, თუმცა დანიშნულ დღეს ადგილზე არც ერთი პატარძალი არ აღმოჩნდა.

გამოძიების ინფორმაციით, ორგანიზატორები იმ მამაკაცებს ეძებდნენ, რომლებსაც მეუღლის პოვნა უჭირდათ. თითოეულ მათგანს დაახლოებით 20 000 რუპიის გადახდას სთხოვდნენ და ჰპირდებოდნენ, რომ საცოლეს ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს შორის შეურჩევდნენ.

24 მაისს 42 საქმრო საქორწილო ტანსაცმლით, ნათესავებითა და საჩუქრებით გამოცხადდა ცერემონიის ჩასატარებლად განსაზღვრულ ადგილზე, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ქორწილისთვის საჭირო მზადება საერთოდ არ დაწყებულა.

ღონისძიების ორგანიზატორები, მუკეშ ბაირაგი და მისი მეუღლე, მამაკაცებს არწმუნებდნენ, რომ პატარძლები უკვე გზაში იყვნენ და მხოლოდ ცოტა ხნით მოცდა იყო საჭირო. მიუხედავად ამისა, დღის ბოლომდე არც ერთი საცოლე არ გამოჩენილა.

მოგვიანებით ბაირაგიმ პასუხისმგებლობა საკუთარ ძმასა და სიმამრზე გადაიტანა. მისი მტკიცებით, სწორედ ისინი აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს ბავშვთა სახლთან და ქორწილების ორგანიზებას უზრუნველყოფდნენ. თუმცა პოლიციის გამოძიებამ აჩვენა, რომ მთელი სქემა თავიდანვე თაღლითური იყო.

სამართალდამცავებმა დაადგინეს, რომ პოტენციური პატარძლების ფოტოები სოციალური ქსელებიდან შემთხვევითი ქალების პროფილებიდან იყო აღებული. მსხვერპლებთან კომუნიკაცია ძირითადად ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა.

გამოძიების თანახმად, თაღლითებმა ჯამში 1 მილიონ რუპიაზე მეტი მიითვისეს. საბოლოოდ, მუკეშ ბაირაგი და მისი მეუღლე დააკავეს და მათ თაღლითობის ბრალდება წაუყენეს.

პოლიციის ცნობით, დაზარალებულთა უმეტესობა შტატის შორეული და სოციალურად დაუცველი რეგიონებიდან იყო, სადაც მამაკაცებს პარტნიორის პოვნა ხშირად უჭირთ. ინდოეთში მასობრივი ქორწილები საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა და ძირითადად ნაკლებად შეძლებულ ადამიანებს საშუალებას აძლევს, ქორწინება შედარებით დაბალი ხარჯებით ოფიციალურად გააფორმონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები